საქართველოს ხელისუფლების მიერ ორი ამერიკული ლობისტი კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით, საქართველოს უშიშროების საბჭოში კომენტარს არ აკეთებენ.
“ინტერპრესნიუსის” დაუკავშირდა უშიშროების საბჭოს პრესსამსახურს და განმარტება სთხოვა, თუმცა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. არსებული ინფორმაციით, პიარკომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტებს ეკა ტყეშელაშვილი აწერს ხელს.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში შეერთებულ შტატებში ლობირებისთვის ორი კომპანია დაიქირავა. კომპანიების მომსახურება, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 800 ათას აშშ დოლარს უტოლდება.
ორივე კომპანიის მომსახურება აშშ-ს კონგრესში საქართველოს ხელისუფლების ლობირებას ითვალისწინებს.
ანალოგიურად, გასულ წელს ხელისუფლებამ ამგვარ მომსახურებაში შეერთებულ შტატებში 800 ათასამდე აშშ დოლარი დახარჯა, თუმცა რამდენი დაჯდა ევროპაში ლობირება, უცნობია.
ბოლო კონტრაქტს, რომელიც მიმდინარე წლის 12 იანვრით თარიღდება და თებერვალში გამოქვეყნდა, ხელს აწერს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი. კონტრაქტი 300 ათას დოლარად არის შეფასებული და ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ლობისტური ფირმის - Podesta Group-ის ექვსთვიან მომსახურებას ითვალისწინებს.
კონტრაქტის მიხედვით, კომპანია ვალდებულია, საქართველოს ხელისუფლებას ლობირება გაუწიოს აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე, უზრუნველყოს მედიასთან დაკავშირებული სერვისები; ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს აშშ-ის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან.
Podesta Group -ი 1988 წელს ტონი პოდესტამ, ძმასთან, ჯონ პოდესტასთან ერთად, დააფუძნა. დღეს ტონი პოდესტა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება, ხოლო მისი ძმა - ჯონ პოდესტა ობამას გარდამავალი ადმინისტრაციის (პრეზიდენტად არჩევიდან ინაუგურაციამდე) თანათავმჯდომარე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 იანვარს საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ში ლობირებისთვის კიდევ ერთი კომპანია Gephardt Group Government Affairs დაიქირავა, რომელის წლიური მომსახურება, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარი ღირს.
ხელშეკრულება, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის, რიჩარდ გეფჰართის კუთვნილ კომპანიასთან Gephardt Group Government Affairs - თან დადო, ის ერთწლიანია და ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ლობირებას ითვალისწინებს.
კომპანიის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, რომელსაც ქართული მხრიდან ხელს აწერს უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი, კონტრაქტის ღირებულება 436 800 აშშ დოლარია.
კომპანია ვალდებულებას იღებს, გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობისტური და მთავრობასთან ურთიერთობის მომსახურეობა აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
აღნიშნული სახის კონტრაქტები საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში შარშანაც გააფორმა და ვაშინგტონის ლობისტურ ფირმებთან 770 - ათასდოლარიანი კონტრაქტები დადო. როგორც აშშ-ის კონგრესის გამოცემა The Hill იუწყებოდა, PR-საკონსულტაციო და ლობისტური ფირმების დაიქირავება, ვაშინგტონში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის გარდა, საქართველოს მთავრობას ევროპაშიც ჰყავდა დაქირავებული PR-საკონსულტაციო ფირმა - ბრიუსელის Aspect Consulting-ი, რის შესახებაც ამ კომპანიის წარმომადგენლებმა თავად გააკეთეს განცხადებები, თუმცა უცნობია, რა დაჯდა მათი მომსახურება.
"ინტერპრესნიუსი"
12:26 / 10-03-2010
ამერიკული ლობისტი კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით, საქართველოს უშიშროების საბჭოში კომენტარს არ აკეთებენ






















