ალასანიას პოლიტიკამ ოპოზიციის გაერთიანება ვერ შეძლო. არასაპარლამენტო ოპოზიციაში გაურკვევლობა გრძელდება. ერთი კვირის წინ "ალიანსში" იმასაც აცხადებდნენ, რომ ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას ამ გაურკვევლობის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეეძლო. მაგრამ გაჩეჩილაძეს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია და შესაძლოა, მან მხარი არც "ალიანსს" დაუჭიროს, არც ოპოზიციის მეორე ბანაკს და არჩევნებში მონაწილეობა ცალკე მიიღოს. ლევან გაჩეჩილაძის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად დაყენების იდეა ახალი არ არის. ბოლო თვეების განმავლობაში ეს საკითხი არაოფიციალურად რამდენიმე ვარიანტით იქნა განხილული. ბოლო პერიოდში ექსპერტების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ გაჩეჩილაძის მხარდაჭერას რომელიმე კანდიდატისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აღმოაჩნდეს.
ასეთი შეფასებები კი სოციოლოგიური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება. ცხადია, გაჩეჩილაძის პოზიციას სწორედ იმ გავლენის გამო, რაც მას თუნდაც თბილისის მოსახლეობაში გააჩნია, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, სწორედ ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას უკავშირებენ ერთი კვირის წინ ალასანიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. არაოფიციალურად იმაზეც კი საუბრობენ, რომ ალასანიას ამ გადაწყვეტილებამდე ლევან გაჩეჩილაძეს უთქვამს, თუკი ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებთ, საკუთარ კანდიდატურას დავაყენებო. ძნელი სათქმელია, ალასანიას გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტორმა რამდენად იმოქმედა, მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. პრაიმერის მომხრე პარტიებთან ალასანიას გვერდით გაჩეჩილაძეც იდგა.
ალასანიას ეს გადაწყვეტილება რეალურად ლევან გაჩეჩილაძის პოზიციაზე იყო გათვალილი, პრორუსული ამომრჩევლების მომხრობაზე თუ ორივეზე ერთად, ამ კითხვას პასუხი თავად ალასანიამ უნდა გასცეს. მაგრამ, ჯერჯერობით ეს კითხვა პასუხგაუცემელია. თუკი ერთი კვირის წინათ "მთელ კვირასთან" "ალიანსის" წარმომადგენლის დავით ბერძენიშვილის განცხადებას გავითვალისწინებთ, სადაც იგი ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია, ოპოზიციის გაერთიანების საკითხი ერთი ხელის მოსმით გადაჭრასო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალასანიამ ნოღაიდელის გვერდით დგომა გაჩეჩილაძის პოზიციის გამო გარისკა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფრის შემდეგაც არაფერი არ შეცვლილა. სწორედ ამიტომ, "მთელი კვირის" ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე რადიკალური ზომების მიღებაზე ფიქრობს.
ამაში კი ის იგულისხმება, რომ იგი ოპოზიციის არც ერთ ფრთას არ დაუჭერს მხარს და არჩევნებში შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლადაც კი დააყენოს. ამასთან, მისი პოლიტიკური მოძრაობა "დაიცავი საქართველო" პოლიტიკურ პარტიადაც გადაკეთდეს. იმის გამო, რომ თავად გაჩეჩილაძე საქართველოში არ იმყოფება, ამ საკითხზე დაბეჯითებით საუბარი ძნელია. "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მასთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და ლევან გაჩეჩილაძე საქართველოში რომ დაბრუნდება, ამ კითხვას მაშინ გაეცემა პასუხი. "ალიანსში" ერთი კვირის წინ აცხადებდნენ, რომ ოპოზიციას შორის არსებული პრობლემის მოგვარება ლევან გაჩეჩილაძეს შეეძლო. დღეს კი უკვე აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ გაჩეჩილაძე ამის გაკეთებას მხოლოდ იმით შეძლებს, თუკი მხარს ალასანიას დაუჭერს. "მე ის ვთქვი, რომ მას შეუძლია, პრობლემის მცირე ნაწილი, რაც დარჩენილია, საკუთარი კეთილი ნებით მოხსნას. ანუ, სრულიად ნათელია, რომ ირაკლი ალასანია არის ოპოზიციის მთავარი კანდიდატი და მას შეუძლია, მხარი დაუჭიროს ირაკლი ალასანიას. მისი ასარჩევია, აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება ალასანიას მხარდასაჭერად თუ პასიურად დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში მას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია.
ნებისმიერი სხვა მოძრაობა კი ალასანიას საწინააღმდეგო მიმართულებით გაჩეჩილაძისთვის იქნება პოლიტიკაში მისი საქმიანობის ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი და არაპერსპექტიული", - აცხადებს "ალიანსის" წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილება აქვს გაჩეჩილაძეს მიღებული, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს "ალიანსისთვის" ჯერჯერობით უცნობია. "მე არ ვიცი, მას რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული. რამდენადაც ვიცი, ლევანი თბილისში არ არის და მგონია, რომ მისი ღირსეული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ირაკლის მხარი დაუჭიროს. ჩვენ ყველამ ერთად მას დავუჭირეთ მხარი, როდესაც ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატი და დიდი შრომა ჩავდეთ მის საპრეზიდენტო კამპანიაში. დღეს ის ჩვენსავით, დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერს თუ დაუჭერს მხარს, იქნება სწორი გადაწყვეტილება მორალურადაც და პოლიტიკურადაც", - აცხადებს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ გაჩეჩილაძის სხვა გადაწყვეტილება ისევ მისთვის იქნება ცუდი.
"ისე, ისიც მინდა გითხრათ, რომ ახლა მის გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული ოპოზიციის წარმატება თუ წარუმატებლობა. რაც მეტი ადამიანი და თან ანგარიშგასაწევი პირი დაუჭერს ირაკლის მხარს, მით უფრო იზრდება მისი შანსი. სალომე ზურაბიშვილი უჭერს მხარს, "ფორუმი" არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ირაკლის მიმართ გამოხატავს კეთილგანწყობას და მე არ მემეტება ლევან გაჩეჩილაძე იმისთვის, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. აქამდე მას ვისთანაც უხდებოდა ყოფნა და ვის იმედადაც იყო პოლიტიკაში, რიგში დაეწყვნენ პუტინთან შესახვედრად და ახლა იმედი მაქვს, რომ ლევან გაჩეჩილაძეც ასე არ მოიქცევა. იმედი მაქვს კი არა, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, რომ ლევანმაც რაიმე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. ამას არც ველოდები და არც ვვარაუდობ.
ამიტომ მისი ადგილი, თუ ის აპირებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და არა ტაიმაუტის აღებას, არის ირაკლი ალასანიას კამპანიის მხარდაჭერაში", - აცხადებს ბერძენიშვილი. ის გაჩეჩილაძის მიერ იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, საერთოდ გამორიცხავს. "მე მსგავსი არაფერი ვიცი და არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. ეს არარეალისტურია და არ ვფიქრობ, რომ ლევანი ამ გზას დაადგება. ეს გაუმართლებელი იქნება ყველა თვალსაზრისით და შეუძლებელიც, ვინაიდან პარტიები ასე სახელდახელოდ არ იქმნება. არა, მე ველოდები და ამის სურვილიც მაქვს, რომ ლევან გაჩეჩილაძე ამა თუ იმ ფორმით ირაკლი ალასანიას დაუჭერს მხარს. რაც შეეხება წყენას, ეს არ არის პოლიტიკაში არსებითი საკითხი და ეს დასავიწყებელია. ბევრს ერთმანეთისთვის ბევრი რაღაცები გვიპატიებია. ამასთან, გაჩეჩილაძე დღეს არ არის იმაზე მეტად რეიტინგული, ვიდრე ირაკლი ალასანიაა და ეს საზღვრავს თანამედროვე ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს.
მე კიდევ არა მგონია, რომ ლევან გაჩეჩილაძე ოლიმპიური პრინციპით აპირებდეს ამ არჩევნებში მონაწილეობას ირაკლის საწინააღმდეგოდ. მე მგონია, რომ იგი კარგად დაისვენებს, კარგად გაიაზრებს ყველაფერს და ამა თუ იმ ფორმით მხარს დაუჭერს ალასანიას", - აცხადებს ბერძენიშვილი. ე.წ. პრაიმერის მომხრე პარტიებს კი ამ თემაზე საუბარიც კი არ სურთ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ერთიანი კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვასთან დაკავშირებულ განცხადებას დღეს გააკეთებენ. რა კავშირი აქვს ამას გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებასთან, ძნელი სათქმელია, მაგრამ ზვიად ძიძიგური კატეგორიულად აცხადებს, რომ დღეს მხოლოდ ამის თქმა შეუძლია და სხვა არანაირი განცხადების გაკეთებას არ აპირებენ.
რუსიკო მაჩაიძე
გაზეთი ”რეზონანსი”
10:53 / 10-03-2010
გაჩეჩილაძემ, შესაძლოა, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებლად დაასახელოს

























