"ოპოზიციას რომ ჰყოლოდა ერთი კანდიდატი, მაშინ უზარმაზარი შანსი იყო და თავისუფლად გადავწონიდით სახელისუფლებო კანდიდატს, ახლა კი ოპოზიციის კანდიდატებს იმაზე ორჯერ ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე იქნებოდა ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში" - აცხადებს ნოღაიდელის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ლევან როინიშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ "პრაიმერისტები" ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად "კარდაკარ სიარულის" პრინციპით იხელმძღვანელებენ.
ლევან როინიშვილი: ეს იქნება სოციოლოგიური გამოკითხვა გაფართოებული ფორმატით, რადგან, როდესაც ლაპარაკია პრაიმერზე, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მცხოვრებს და ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას.
ტრადიციული სოციოლოგიური გამოკითხვა კი ამდაგვარ უფლებას არ აძლევს ყველა ადამიანს, სოციოლოგიური კომპანია ამოირჩევს რამდენიმე ასეულ ადამიანს, გამოკითხავენ და სოციოლოგიურ თეორემაზე დაფუძნებით ამბობენ, რომ მათ რომ ყველა გამოეკითხათ, მიიღებდნენ ანალოგიურ შედეგს, 3-5%-იანი ცდომილებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვიაროთ თბილისი და ყველა ოჯახი გამოვკითხოთ, რაც მოგვცემს სწორედ რეალურ შედეგს.
"რეზონანსი": არარეალისტურად ხომ არ ჟღერს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს...
ლ.რ: კი, გეთანხმებით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ასეთი ამოცანა გვაქვს დასახული."რ": როდის აპირებთ დაწყებას და შედეგები რამდენ ხანში გახდება ცნობილი?
ლ.რ: მთელ საქართველოში კანდიდატების გამოვლენის პერიოდი იქნება 5 აპრილიდან 20 აპრილამდე, მაგრამ თბილისში ეს უნდა მოხდეს 9 აპრილამდე, რომ უკვე იყოს შერჩეული ერთიანი კანდიდატი.
"რ": რაც შეეხება 28 მარტამდე ვადას, რომელიც სხვა ოპოზციურ პარტიებს და მათ შორის "ალიანსს" მიეცით, რატომ გადაიწია ამ თარიღმა, "პრაიმერისტების" სისუსტის გამო ხომ არა?
ლ.რ: არა, არაფერი შეცვლილა. 7 მარტის ჩათვლით იყო ვადა, რომ ვინც შემოგვიერთდებოდა, მათთან ერთად დავსხდებოდით და წესებს შევათანხმებდით. 28 მარტი არის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა და შესაბამისად წესებს მხოლოდ ის პარტიები დავადგენთ, რომლებმაც ამ იდეას მხარი დავუჭირეთ. ხოლო, ახლა ვინც შემოგვიერთდება, ის წესების დადგენაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
"რ": "ალიანსი", რომელიც აქამდე არ დათანხმდა თქვენს პირობებს, ახლა თქვენი თამაშის წესებით ითამაშებს?
ლ.რ: მხოლოდ "ალიანსზე" არ არის აქ საუბარი, მაგრამ ჩვენ კარს ღიას ვტოვებთ და თავად უნდა გადაწყვიტოს ყველა პარტიამ, თუ რას იზამს. ჩვენ ჩვენი პირობების ერთგულები ვართ.
"რ": რატომ თქვა "ალიანსმა" უარი თქვენს წინადადებაზე? საუბარი იყო, რომ დროსთან დაკავშირებით ვერ შეთნხმდით ...
ლ.რ: მიჭრს თქმა, მაგრამ დროში გაწელვას რაც შეეხება, პროექტი არის საკმაოდ ამბიციური და რამდენიმე დღეში ვერ ჩატარდება. დროში გაწელვა კარგიცაა, ეს ხმა ეკუთვნის ამომრჩეველს და შესაბამისად ამომრჩეველმა უნდა იგრძნოს თავი პროცესის პატრონად თუ არა მონაწილედ მაინც. მარტო შედეგს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ამ პროცესში გვინდა რომ მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა, სწორედ ამიტომაა საჭირო კარდაკარ სიარული, რაც ძალზე ეფექტურია.
ჩვენ მათი ყველა წინადადება მივიღეთ. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ალბათ არ იყო მათი მხრიდან რწმენა იმისა, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვაში ლიდერები იქნებოდნენ.
"რ": ანუ, მათ თავისი რეიტინგის შეეშინდათ?
ლ.რ: მიჭირს დაბეჯითებით ამის თქმა, მაგრამ ალბათ ასეა.
"რ": საუბარია, რომ ლევან გაჩეჩილაძე ჩაერთვება ამ პროცესში. თუ მიმდინარეობს რაიმე სახის მოლაპარაკება?
ლ.რ: გაჩეჩილაძე ახლა საზღვარგარეთაა, ამიტომ ამ ეტაპზე კონტაქტი არ გვაქვს. თუმცა ჩვენი გაერთიანების შიგნით ამის სურვილი არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილება თავად გაჩეჩილაძემ უნდა მიიიღოს.
"რ": თქვენი პარტია რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მერობის კანდიდატის შერჩევაში?
ლ.რ: საბოლოო ჯამში, როდესაც წავალთ სოციოლოგიური გამოკითხვის პროცესზე, ჩვენი პარტიიდან ერთ-ერთი წევრი დასახელდება კანდიდატად და ჩაერთვება კიდეც ამ პროცესში.
"რ": ვინ განიხილება, ხომ არ იქნება თავად ზურაბ ნოღაიდელი?
ლ.რ: არა. ზურაბ ნოღაიდელი არ იქნება, მაგრამ იქნება ჩვენი მოძრაობის წევრი. აქამდე ჩვენ არ ვგეგმავდით კანდიდატის დაყენებას, რადგან საუბარი იყო ოპოზიციურ ერთობაზე, რახან ეს მომენტი ჯერჯერობით არ შედგა, შესაბამისად ჩვენ კანდიდატი გვეყოლება.
"რ": რა შანსები ექნება ოპოზიციას, როდესაც მრავალი ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება არჩევნებში?
ლ.რ: მთელ ოპოზიციას რომ ჰყოლოდა ერთი კანდიდატი, მაშინ უზარმაზარი შანსი იყო და თავისუფლად გადავწონიდით სახელისუფლებო კანდიდატს, რომელსაც თავისივე შეფასებით 30-32%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ წარმატებული ბლიცკრიგი ჩაატარა იმისათვის, რომ ოპოზიციური ერთიანობა ჩაეშალა. ახლა შანსები მინიმუმ ორჯერ გაიყო და ოპოზიციის კანდიდატებს იმაზე ორჯერ ნაკლები შანსი გვაქვს, ვიდრე იქნებოდა ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში.
გიორგი ფუტკარაძე
გაზეთი ”რეზონანსი”
10:45 / 10-03-2010
"პრაიმერისტები" ერთიან კანდიდატს კარდაკარ შეარჩევენ

























