- რა თქმა უნდა,
- არაფერს შეცვლით?! - არა, ბატონო ირაკლი, გრამატიკულ ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით, ასე დავტოვებ. - მაშინ ვეცდები, გრამატიკული შეცდომები არ დავუშვა... - ასე დაიწყო ჩემი და ირაკლი წერეთლის საუბარი წიგნებით დახუნძლულ ოთახში, დიდ სამუშაო მაგიდასთან...
ამბობს, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიურია, მაგრამ ორგანიზაციული საკითხების თანმიმდევრულად მოგვარებას ვერ ახერხებდა. აპრილში მრავალათასიანი აქციის გამართვას ვაპირებ, ხალხი მინდა გამოვაცოცხლო", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
- ბატონო ირაკლი, ამ შედეგამდე რამ მიგვიყვანა?
- ქართულ პოლიტიკაში რაც ხდება, ნაკლებად მაინტერესებს, საქართველოს ისეთი გეზი აქვს აღებული, ისეთ პრობლემებს გაუძლო და მოერია, რომ თავისი ისტორიულ-სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან ეს პრობლემები, რაზეც ახლა საზოგადოება და ოპოზიცია თავს იგიჟებს, უმნიშვნელოა.
- ასეთი რა ხდება?
- ყველანაირი პრობლემისა და ბარიერის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო წინ მიდის და ვერანაირი უვარგისი ოპოზიცია ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის, საქართველო მიდის დამოუკიდებლობის გზით.
- საინტერესოა. თქვენი კოლეგების დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ საქართველო დამოუკიდებლობის და მით უმეტეს, განვითარების გზით მიდის...
- ვინ არიან ჩემი კოლეგები, ამ ვაიოპოზიციონერებს გულისხმობთ?
- შევცდი?
- აბა რა, მე თავმოყვარე კაცი ვარ, ამათთან როგორ მაიგივებთ?.. მე ვიცი რა მინდა, ჩემი სურვილია საქართველო გამთლიანებული იყოს და ამერიკასთან სტრატეგიული და ახლო ურთიერთობა გვქონდეს, რუსეთის გამორიცხვით, ამ პარაზიტებმა კი არც იციან, რა უნდათ... ახლა ჩვენს ქვეყანაში დგას ორი ძირითადი პრობლემა - პირველი, საქართველოს ტერიტორიები ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის იმპერიის მიერ, ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან და მეორე, ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს დღეში. ამ ორ პრობლემას თუ გადავჭრით, საქართველოში ეკონომიკაც განვითარდება თავისუფალი ბიზნესის საფუძვლებზე, ყველაფერი კარგად იქნება.
- კი, მაგრამ ამას ხომ თავისი წინაპირობებიც სჭირდება...
- დიახ, ერმა უნდა მოინდომოს, დიდი ეროვნული იდეები მსოფლმხედველობის წინა პლანზე დააყენოს და ყველაფერი კარგად იქნება.
- რატომ არ ინდომებს ერი?
- იმიტომ, რომ ქართველ ერში, სამოქალაქო საზოგადოებაში საბჭოთა მონების გადმონაშთი ჯერ კიდევ არის. ის ხალხი დაბადებული და გაზრდილია საბჭოური ოკუპაციის პერიოდში და იაფი საპნისა და თვითმფრინავის 37-მანეთიანი ბილეთის ხიბლი დღემდე ახსოვთ.
- თქვენ ამ საზოგადოების მენტალობის შეცვლას აპირებთ?
- არა, საზოგადოების გამოცოცხლებას ვაპირებ... საზოგადოების იმ ნაწილს, რუსული საპნის მოყვარულებს, თავისუფლებისკენ სწრაფვა არ აქვთ, მაგრამ არიან თავისუფლებისმოყვარე ქართველებიც, რომლებსაც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ და ამიტომ გვინდა, რომ საქართველოში ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალოს, რომელიც გასული საუკუნის 1990-იან წლებშია დაწყებული.
- ანუ პოლიტიკურად გააქტიურებას აპირებთ?
- პოლიტიკურად მე სულ აქტიურად ვარ, ახლა ორგანიზაციულ გამოცოცხლებას ვაპირებ.
- კონკრეტულად?
- ხალხთან შეხვედრებს გავააქტიურებ და ჩემს იდეებს გავუზიარებ. მინდა, საქართველოს სხვადასხვა ადგილას ანტისაოკუპაციო აქციები გავმართო. სახელისუფლებო ტელევიზიებს არ აწყობთ ჩემი გამოჩენა, ეშინიათ, ხელისუფლებას იდეები არ წავართვა. ის აქცია, რომელიც 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დღეს გამართეს, ჩვენ ჩაძირვას ემსახურებოდა, - წინა დღეებში ყველა ღირსშესანიშნავი თარიღი აღვნიშნეთ.
- დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან თუ აპირებთ თანამშრომლობას?
- არა, ღმერთმა დამიფაროს, მათი უმრავლესობა პრორუსულია და ჩვენ ვაპირებთ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დაწყებას. აპრილის თვეში 50-ათასკაციანი აქციის გამართვას ვგეგმავ და ხალხს ჩემს იდეებსაც გავაცნობ. ყველა იმ ადამიანთან გვექნება ურთიერთობა, ვინც ხუთ პრინციპს გაიზიარებს: ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ რუსეთს 1921 წლიდან დღემდე საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა აგრესიის გამო, საქართველოს სრული დეოკუპაცია, ნატოში გაწევრება, ამერიკის სამხედრო დაზვერვის გახსნა და თავდაცვითი სისტემების განთავსება და ბოლოს, ამერიკის კონტროლის ქვეშ ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვა უკანასკნელი დონის ტექნიკით და საქართველოს საზღვრების გამაგრება რუსეთის საზღვართან. მე პირველი პოლიტიკოსი ვარ, ვინც ეს საფრთხეები ასე ჩამოაყალიბა და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები... კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის, ამ დღეებში ვაპირებთ ჩასვლას და გახსნილი საზღვრის დაკეტვას.
- როგორ დაკეტვას, მისი გახსნა ხომ სახელმწიფო გადაწყვეტილებაა?..
- ჩვეულებრივად, მე სახელმწიფო გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ჩავალ და დავკეტავ. საინტერესოა, რას მიზამენ...
- რომ დაგაპატიმრონ?
- გამაკვირვეთ პირდაპირ... მე უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ თრუსოს ხეობაში ოსები აპირებენ შეჭრას, იქაურები თავმოყვარე ხალხია და პასუხს გასცემენ. ამით ისარგებლებს რუსეთი და ოსების დაცვის მიზნით, იმ მიწას მიიტაცებს.
- ხელისუფლება ამბობს, მეზობელ სომხებს ვუწევთ ანგარიშსო...
- სომხები და ჯანდაბა მაგათ... ჯერ შენი პრობლემები მოაგვარე და მერე უგორე მეზობლებს კოჭი... ხშირად მგონია, რომ რუსეთთან არიან შეკრულები. გადაწყვეტით არ მინდა იმის თქმა, რუსების აგენტები არიან-მეთქი, ამის დამამტკიცებელი ფაქტები არ მაქვს და ჰაერზე თქმა არასერიოზულობად ჩამეთვლება. მე თავმოყვარე კაცი ვარ და რაც არ ვიცი, იმის მტკიცებას არ დავიწყებ. აი, ნოღაიდელზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის კაცია და ამას არც მალავს.
- მის გარშემო ბევრი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა...
- დიახ, ეტყობა, საქართველოში ბევრი მოღალატე გვყავს, რომელსაც თავი გადარეულ პატრიოტებად მოჰქონდათ, მაგრამ ეს როლი ბოლომდე ვერ ითამაშეს. თუ ადამიანი შინაგანად პატრიოტი არ ხარ, ოდესმე ჩაიჭრები... რუსეთი ჩვენი მთავარი მტერია, არც ერთ სახელმწიფოს და ხალხებს, მონღოლი იქნებოდა, სპარსი, ძველბერძენი, არაბი, თუ თურქი, მთლიანად არ დავუპყრივართ და იმასთან მეგობრობას რომ გადაწყვეტ, სამშობლოს მოღალატე ხარ, აბა რა?!
- ანუ არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას - მეზობელთან საერთო ენა უნდა გამონახოო?
- ვინ თქვა ეს სისულელე. ბევრი მეზობელი მყავს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვინმეს რომ რამე შეეშალოს, არაფერს ვაპატიებ. კარგი ურთიერთობა მაშინ მექნება, თუ კარგი მეზობელია, თუ წართმევაზე იქნება, მერე მიყუროს, რას ვუზამ...
- იმედია, კარგი მეზობლები გყავთ, ბატონო ირაკლი...
- კი, მეზობლებში გამიმართლა, თუ იმათ გაუმართლათ, მაგრამ ადამიანური ურთიერთობა სხვა არის და პოლიტიკა სხვა...
- ბატონო ირაკლი, ქვეყანა თვითმმართველობის წინა პერიოდზეა გადართული, აქტიურობს სახელისუფლებო კანდიდატი და თავის მხრივ, ოპოზიციას არ უნდა, მას ჩამორჩეს... რას ელოდებით?
- კისერიც უტეხიათ ცალ-ცალკე და ორივეს ერთად... სულ არ მაინტერესებს, ვინ გახდება ქალაქის მერი, ვინც უნდა გახდეს, ღმერთმა შეარგოს ეს თანამდებობა. ისე კი, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მერი ის გახდება, ვისაც ყველასთვის ძვირფასი ადამიანი, მიხეილ ნიკოლოზის ძე მოინდომებს.
- ამ შემთხვევაში ოპოზიცია ხანგრძლივი აქციებით იმუქრება, როგორ ფიქრობთ, რა გამოუვათ?
- არაფერი.
- რატომ ხართ ასე პესიმისტურად განწყობილი?
- სულაც არა, პირიქით, ამ მეხუთე კოლონის გამარჯვება არ მინდა. მიშა რასაც ამათ უკეთებს, იმაზე უარესის ღირსები არიან, საერთოდ უნდა აილაგმონ. თუნდაც იმიტომ, რომ ქართველი ერის ისტორიაში მნიშვნელოვანი და წმიდათაწმინდა თარიღის, 9 აპრილის მნიშვნელობის გაუფასურება მოინდომეს. ის დღე ქართველთა ერთიანობისა და საბჭოთა მონსტრთან დაპირისპირების დღეა და ამ გათახსირებულმა ოპოზიციამ ლამის ქართველთან ქართველის დაპირისპირების დღედ აქცია, რუსული აგრესია არც კი უხსენებიათ. სააკაშვილის ხელისუფლება უფრო რადიკალურად არის განწყობილი, ვიდრე ოპოზიცია, ერთი თვის წინ მიწასთან ასწორებდნენ რუსეთს და ახლა ნოღაიდელს ლამის ხელებს უკოცნიან.
- ბატონო ირაკლი, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება, პროსახელისუფლებო პოლიტიკოსად მოგიხსენიონ...
- კისერიც უტეხიათ, ჩემზე ან სხვაზე სალაპარაკო რა აქვთ... ხელისუფლებას შევცვლითო, ხელისუფლებას კი არა, თეფშს ვერ იცვლიან. 2013 წლამდე ეს ხელისუფლება გვეყოლება და მერე ვნახოთ...
- ანუ, შესაძლოა, თქვენ გიხილოთ პირველი პირის პოსტზე?
- ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, იქამდე არაფერს ველოდები. ან რატომ უნდა გადადგეს პრეზიდენტი?! სააკაშვილს აგვისტოს ომის შემდეგ ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ გადადგეს და თუ დააშავა და გადასაყენებელია, ეს ამ რუსეთის ნაშობებმა კი არა, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. გამოვიდეს ერთი მილიონი ადამიანი მაინც, 4-5 ათასი კაცის სურვილზე ხომ არ ივლის მთელი ქვეყანა.
- 300 ათასი კაცი გამოვიდა, ბატონო ირაკლი...
- ტყუილია. მიტინგებზე ხალხის დათვლას მე ვერავინ მასწავლის, ამის სპეციალისტი ვარ... ყველაზე მეტი ხალხი მაშინ იყო, დინამოს სტადიონი ძლივს რომ გაავსეს და რემონტამდე იქ 56 ათასი კაცი ეტეოდა. როცა პრეზიდენტის გადაყენებაზეა ლაპარაკი, ნახევარი საქართველო უნდა გამოვიდეს და საპროტესტო მუხტი მარტო თბილისში კი არა, ქვეყნის ყველა რეგიონში უნდა იგრძნობოდეს. ოპოზიციის მომხრე საზოგადოება არ არის მთელი საქართველო.
- ბატონო ირაკლი, თქვენს წიგნზე მინდა გკითხოთ, რომლის გამოშვებასაც აპირებთ, რაზეა ეს წიგნი?
- ეს წიგნი საქართველოს ეძღვნება და რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ვყვები ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის 1990-იანი წლებზე, მეორე ნაწილი არის ჩემი პოლიტიკური და მსოფლმხედველობის ხასიათის ობიექტური გამოსვლები. მინდა, რომ ეს წიგნი კი არ გაიყიდოს, სკოლებში ისწავლებოდეს, როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო.
ლალი პაპასკირი ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























