გადასწრება არ გამოვა, რადგან "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩვენში სხვა რაღაცებთან ერთად, პოლიტიკა, უფრო ზუსტად კი პოლიტიკოსთა ნაბიჯები, აჩქარდა. წესით, ოპოზიციონერთა ცნობა ძნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მათი ზურგების ნახვა გაზაფხულის აქციებისას შეიძლებოდა და განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპოზიციის ლიდერებს გრძელი პლაკატი ეჭირათ ხელში წარწერით: "გადადგეს სააკაშვილი", თუმცა იმხანად იმათ ზურგს უკან ყოფნაზე ისეთი წეწვა-გლეჯა იყო, რიგითი მოკვდავნი იქ ვერ მოხვდებოდნენ. ეს ახლა არის, ოპოზიციას ზურგი რომ მოუშიშვლდა, თორემ...
მოკლედ, ბევრი რომ არ იწვალოთ, შევეცდებით აგიხსნათ, როგორ უნდა გაარჩიოთ პოლიტიკოსები ზურგიდან და გიამბოთ, ვინ როგორ გამოიყურება.
ყველაზე იოლი მინისტრების მოადგილეების ცნობაა, რადგან მათ გარკვეულ ადგილზე შარვალზე მტვერი აქვთ. ეს იმ პანღურებისა თუ ჭიტლაყების შედეგია, რომელთაც მინისტრის მოადგილეებს კუდისა და სოდის თანამშრომლები არ ამადლიან, ანუ თუ თქვენ წინ მიმავალ ადამიანს ნაცნობი სილუეტი აქვს და მტვრიანი შარვალი აცვია, ე.ი. მინისტრის მოადგილეა - დიდი ალბათობით მოქმედი ან ყოფილი ფინანსთა მინისტრის. თუმცა, როგორც ყველგან, გამონაკლისი აქაც არსებობს - მტვრიანი შარვალი არ ეცმება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას, რადგან მას შარვლის გამტვრიანებას ვერავინ გაუბედავს. ბოკერია პირდაპირ უნდა იცნოთ და თუ ვერ იცნობთ, საკუთარ თავს დააბრალეთ. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტარები ასე ამბობენ, ვინც ბოკერიას არ ცნობს, მერე მაგრად ნანობსო.
იოლია გივი თარგამაძის ცნობაც, რადგან ვასილიჩი ზურგიდან ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც წინიდან. აი, ნიკა გილაური რომ იცნოთ, მის სილუეტს კი არა, თავს უნდა დააკვირდეთ. თუ თმა ყალყზე უდგას, ე.ი. გილაურია და თანაც, პრეზიდენტის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ყველაფერი რიგზეა. თუ თმა დავარცხნილი აქვს, გამოდის, ყველაფერი რიგზე არ არის და მაშინ გილაურის შარვალიც მტვრიანი იქნება.
ძალიან მარტივია კობა სუბელიანის ცნობაც - განსაკუთრებით ზამთარში. მოკლესახელოებიანი პერანგით ზამთარში მხოლოდ სუბელიანი დადის და მაშინვე მიხვდებით, რომ თქვენ წინ ბატონი კობაა, მართალია, ზურგით, მაგრამ წინიდან მაგ კაცს ბოლო ხანს ლტოლვილებიც ვეღარ ხედავენ და რაღა თქვენ უნდა გაგიმართლოთ?!
გოგა ხაჩიძე ცეკვაცეკვით დადის. მართალია, თბილისში ცეკვაცეკვით ბევრი დადის, მაგრამ ხაჩიძე მხოლოდ "მიშა მაგარიას" და პოლიციის ახალი ჰიმნის ჰანგებს აყოლებს ფეხს, ამიტომ რომელიმე სიმღერა წაიღიღინეთ და თუ რიტმი დაემთხვევა, ე.ი. ხაჩიძეა.
გიგი უგულავას გულის ფორმა აქვს და "თბილისი" აწერია. ეს წარწერა და გულის ფორმა 30 მაისამდე ძალაშია, მერე კი კაცმა არ იცის, რა იქნება. შესაძლოა, იმ გულს ისარი მოხვდეს, ან პირიქით, წარწერა "თბილისი" წაიშალოს და ჩამოიშალოს. მოკლედ, 30 მაისი გიგის ზურგის ფორმაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
დავით ბაქრაძის ამოსაცნობად მის ზურგს კი არა, ხელს უნდა დააკვირდეთ. მარჯვენა ხელში ბატონ დათოს ხის ჩაქუჩი უნდა ეკავოს. ისე, თუ ბაქრაძე ქუჩაში თავისუფლად მოსეირნე დალანდეთ, შესაძლოა ჩაქუჩის ნაცვლად ორი აგური ეკავოს და ესეც გასათვალისწინებელია.
ასევე მარჯვენა ხელს უნდა დააკვირდეთ პეტრე ცისკარიშვილის ამოსაცნობად და თუ ხელზე "კასტეტი" აქვს წამოცმული, ე.ი. თქვენ წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია.
კობა ხაბაზს ბევრი ამოსაცნობი ნიშანი აქვს, მაგრამ არაფერში გჭირდებათ და პირდაპირ რეინტეგრაციის მინისტრ თემურ იაკობაშვილზე გადავიდეთ, თუმცა... იაკობაშვილი რაღაში გჭირდებათ?
გგონიათ, ვანო მერაბიშვილი დამავიწყდა? არ დამვიწყებია, მაგრამ რამდენიც უნდა უტრიალოთ, თავსა და ბოლოს ვერ გაუგებთ და იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩაში ვანოსთან შეხვედრის თეორიული შანსიც კი არ არსებობს, ნერვიულობად არ ღირს.
რაც შეეხება ოპოზიციას - კახა შარტავასა და რეზო შავიშვილის ზურგებს, უბრალოდ, ვერ დაინახავთ, რადგან მათ მუდმივად გუბაზ სანიკიძე ეფარება, სანიკიძის ზურგი კი ის არის, შარტავასა და შავიშვილს რომ ფარავს და ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.
ზურაბ ნაღაიდელის ზურგიდან ცნობისთვის კომპასი დაგჭირდებათ. სადაც უნდა იყოთ, ნოღაიდელი მაინც ჩრდილოეთისკენ დაიწყებს სვლას და თუ შეხედავთ, რომ თქვენ წინ ვინმე ჩრდილოეთისკენ ჯიუტად მიდის მიუხედავად იმისა, რომ სავალი არ არის ან ეკლიანია, ე.ი. ნოღაიდელს უყურებთ. მის გაკვალულზე მიმავალი კი თუ სუსტია, ზვიად ძიძიგური იქნება, თუ მსუქანი - კობა დავითაშვილი. თუ ძალიან ნაცნობ სილუეტს შეხვდით და თქვენთვის მაინც უცნობია, გამოდის რომ "უცნობია". წვიმიან ამინდში ადვილად იცნობთ გიორგი თარგამაძეს - ის მშრალი იქნება, რადგან წვიმაში დაუსველებლად სიარული მარტო მას შეუძლია.
დასასრულ - თუ ზურგის ნაცვლად სხვა ნაწილს უყურებთ, გამოდის, თბილისში ჯენიფერ ლოპესი ჩამოსულა. სადაც ენდი გარსია გვეწვია, ვითომ ჯენიფერის ჩამოსვლა რატომ უნდა იყოს საოცარი?!
არმაზ ხარძიანი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























