თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება, რომ აშშ-მა კუბის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო 1 წლით კვლავ გაახანგრძლივა. ”ემბარგოს მოქმედების ვადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება”, - ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში.
ემბარგოს გახანგრძლივება ამერიკის ხელისუფლების 40-წლიანი პრაქტიკის გაგრძელებაა. აშშ-მა კუბის წინააღმდეგ სანქციები 1961 წელს მას შემდეგ დააწესა, რაც ფიდელ კასტროს რეჟიმის დამხობის ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.
1996 წელს აშშ-ის კონგრესმა ემბარგოს ”ჰელმს-ბერტონის კანონიც” დაურთო. კანონი იმ უცხოურ კომპანიებზე სანქციებს გულისხმობს, რომლებიც კუბასთან სავაჭრო ურთიერთობას დაამყარებენ. ბარაკ ობამას ინიციატივით, 2009 წლის 1 აგვისტოდან ”ჰელმს-ბერტონის კანონის” მოქმედება ნახევარი წლით შეჩერდა, რასაც გაეროს 2008 წლის რეზოლუცია ითხოვდა.
ობამამ კუბასთან ურთიერთობის მოწესრიგებისა და მკაცრი სანქციების შესუსტების სურვილი არაერთხელ გამოთქვა. თავის მხრივ, მსოფლიო საზოგადოება ამერიკულ ემბარგოს უკანონოდ მიიჩნევს, ჰავანა კი სანქციებს კუბელი ხალხის გენოციდად აფასებს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.
12:53 / 03-09-2010
აშშ-მა კუბის წინააღმდეგ ემბარგო გაახანგრძლივა

























