საფრანგეთის პრეზიდენტის ოჯახის შესაძლო დანგრევის შესახებ ფრანგული ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია დუმს, განსხვავებით სოციალური ქსელებისგან და ინტერნეტგამოცემებისგან, რომლებიც გადავსებულია ამ თემაზე პუბლიკაციებით.
პრეზიდენტის ოჯახში უთანხმოების თაობაზე 10 თებერვალს გავრცელებული ჭორის წარმომავლობით შვეიცარული გამოცემა Tribune de Genève-ს რედაქციაც დაინტერესდა. ”პრეზიდენტის პირადი ცხოვრება ხომ ჟურნალისტებისთვის განხილვის ყველაზე საყვარელი თემაა” .
როგორც გამოცემა წერს, ბევრი აღაშფოთა იმ ამბავმა, რომ ნიკოლა სარკოზი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენის გახსნისას კაპ-ნეგრში, კარლა ბრუნის საგვარეულო ვილაზე თითქოსდა ოჯახური პრობლემების გამო გაემგზავრა.
ეს ამბავი სოციალურ ქსელში - Twitter - გავრცელდა Journal du Dimanche-ის ბლოგიდან, სადაც საუბარი იყო მომღერალ ბენჟამენ ბიოლის კავშირზე კარლა სარკოზი-ბრუნისთან და პრეზიდენტის კავშირზე ეკოლოგიის მინისტრ შანტალ ჟუანოსთან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია არაფრით დასტურდება და Journal du Dimanche-ს ბლოგიდან უკვე წაშლილია კომენტარები.
"ნიკოლა სარკოზი საკუთარ ხაფანგში გაება: როგორ უნდა ისაუბროს სახელმწიფოს მეთაურმა პირადი ცხოვრების უფლების პატივისცემაზე, როდესაც მთელი მისი ცხოვრება ჟურნალების გარეკანზეა გამოფენილი?" - წერს გამოცემის კორესპონდენტი ჟან ნოელ კენო.
მისი აზრით, სარკოზი აგრძელებს უძველეს ფრანგულ ტრადიციას: ”მეფე ჰენრიხ მეოთხეს დროიდან მოყოლებული, სასიყვარულო საქმეები ყოველთვის გადაჯაჭვული იყო პოლიტიკურთან”, რამაც შეუძლებელია არ გამოიწვიოს შეშფოთება, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის მეთაური უზარმაზარი უფლებამოსილებებით არის აღჭურვილი.
რაც შეეხება ტრადიციული მედიის დუმილს, იგი აიხსნება პრეზიდენტის გავლენით ტელეარხებისა და გაზეთების მფლობელებზე, თუმცა, ინტერნეტზე კონტროლის დაწესება წარმოუდგენელია - წერს გამოცემა.
მომზადებულია inopressa.ru-ს მიხედვით
15:32 / 11-03-2010
სარკოზი-ბრუნის წყვილის შესაძლო ურთიერთღალატმა ინტერნეტსამყარო შეძრა

























