21 მაისი 2012 ორშაბათი - 19:40
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
მიმდინარე პრესკონფერენციები
18:40 / 12-02-2010
საგარეო და საშინაო პოლიტიკა

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გავლენა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკაზე, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო ციებ-ცხელება საქართველოში...ანალიზი, პროგნოზები, რჩევები... ამბები.გე-ს პრესკონფერენციის სტუმარია პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი


მკითხველი: ანა
მინდა გკითხოთ რუსეთში ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელ ვიზიტებზე. საზოგადოების აზრი, (თუ იგი საერთოდ ვინმეს აინტერესებს) როგორც ყველაფერში, ამ საკითხშიც ორად არის გაყოფილი. ზოგი ოპოზიციონერებს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებს, ზოგიც პირიქით, მოკეთეებს. გასაგებია, რომ აგრესორის კარზე მიახლება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ისტორიას ახსოვს ამგვარი ფაქტები.

აქვე ჩემს აზრსაც მოგახსენებთ და გეტყვით, რომ როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას საერთოდ აღარ ახსოვს დიპლომატიის ცნება, და ამხელა მონსტრთან ჟარგონის ენაზე საუბრობს, ვიღაცამ ალბათ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ურთიერთობების მოგვარება. რუსეთის გარდა, არც "მეგობრად" წოდებულ ქვეყნებთან გვაქვს მაინცდამაინც სახარბიელო ურთიერთობები. ვგულისხმობ უკრაინას და საფრანგეთს, რომელიც მთელი ევროპის მსგავსად, რუსეთთან საკმაოდ კარგად თანამშრომლობს. თქვენ როგორ აფასებთ ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელ ვოიაჟებს მოსკოვში და რაში ხედავთ გამოსავალს? უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთდაპირისპირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რუსეთთან? რასაც კარგი არაფერი მოყვება? როგორც ამბობენ, მეზობლებს არ ირჩევენ...

პასუხი: მოგესალმებით, ანა. გმადლობთ საინტერესო კითხვებისთვის. საერთოდ, ისტორიას ყველანაირი ფაქტი ახსოვს. გააჩნია, თქვენ რას გულისხმობთ. ეს ისეთი საკითხია, რომ აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ, რას ადარებთ რას. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციის მოსკოვური ვოიაჟების შეფასებას, მე ცალსახად უარყოფითად ვაფასებ. ამის მარტივი ახსნა ის არის, რომ არ შეიძლება, ოკუპანტის წინაშე ხელისუფლების პოზიცია დაასუსტო პირადი გამორჩენის გამო. მაგრამ არსებობს გრძელი ახსნაც, რომელსაც აქვე მოგახსენებთ:

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პირველი არგუმენტი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. მაგრამ როდესაც ვამბობთ „ჩვენ“, ვგულისხმობთ არა ერთი-ორ პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია, რომ რუსეთის დაინტერესება სათავისოდ გამოიყენოს და სამაგიეროდ ქვეყანას წინააღმდეგობის ბერკეტები დააკარგვინოს, არამედ - მთელ საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს - საქართველოს. პრობლემები ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ სახელმწიფო საბოლოოდ არ შემოგვადნეს ხელში. სახელმწიფოს ყავს არჩეული ხელისუფლება, რომელთან საუბარზე რუსეთი უარს ამბობს ერთი გათვლით - რომ შეარყიოს მისი ლეგიტიმაცია, დაამხოს და ჩაანაცვლოს მის მიერ მართული ძალებით. რასაკვირველია, ამ სიტუაციაში მოღალატეებად მოინათლებიან ისინი, ვინც თანამშრომლობის ხელს გაუწვდიან მოსკოვს. აქ არ არის სამათლებრივ შეფასებაზე ლაპარაკი, ვგულისხმობ იმას, რომ ლოგიკურია, როცა საზოგადოების თვალში ასეთი რამ სწორედ ღალატად აღიქმება.

საქართველო შარშან რუსეთმა ჩაითრია ომში იმ მიზნით, რომ აქ საკუთარი პოლიტიკის განხორციელება მოეხერხებინა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, არ უნდა აყოლოდა და ა.შ. მაგრამ ეს ასე ადვილი სათქმელი არ არის, ამას სჭირდება კარგი ანალიზი და დარწმუნება იმაში, რომ პრეტენზიები ლოგიკურია და არა - ემოციურ ნიადაგზე შეკოწიწებული.

ყველამ ვიცით, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკის მიმართ ჩვენივე საზოგადოების საგრძნობ ნაწილსაც პრეტენზიები აქვს, მაგრამ როდესაც ანალიზს ვაკეთებთ, საჭიროა ზუსტად განვსაზღვროთ, თუ ვის რის მამართ აქვს ეს პრეტენზიები. მაგალითად, რამდენად ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ პუტინს სურს ქართველი ხალხის კეთილდღეობა და ამიტომ ერჩის ჩვენს ხელისუფლებას? ან რამდენად ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დამოუკიდებლობა არ სურს და ამიტომ აქვს პრეტენზიები ხელისუფლებასთან? ცხადია, ყველაფერი პირიქითაა და მოსკოვი ღელავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის, მოსახლეობა კი - საშინაო პოლიტიკის გამო, მაგრამ პუტინს არ შეუძლია ღიად უარყოს სუვერენული სახელმწიფოს დემოუკიდებლობა და ამიტომ იგონებენ ტყუილებს, რომ მათთვის ძვირფასია ხალხი, რომ ომი იყო ორივე ერის ტრაგედია და ა.შ. ვინ გაიმეორებს ამ სიტყვებს უჭკუოს, ან მტრის გარდა?

ჩემი ღრმა რწმენით, ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას ხელს უშლიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი სრულიად უპრინციპო და მდაბიო ქცევით ქვეყანას უსაფრთხოების დამატებით პრობლემებს უქმნიან. თვისი უპასუხისმგებლო ქმედებით ისინი ხელს უშლიან ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბებას, ანუ ხელს უშლიან ქვეყნის დამოუკიდებლობას. მე ის მიკვირს, რომ საზოგადოება და ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ამ ადამიანების წინააღმდეგ ხელისუფლებაზე მძაფრად არ იბრძვის. ხელისუფლებამ შეიძლება ტაქტიკური სარგებელი ნახოს ცოტა ხანს მათი ნებაზე მიშვებით, ჯანსაღი ოპოზიციის იდეა კი ამით დაიღუპება.
მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები კოლაბორაციონიზმით ქმნიან ამ საფრთხეებს, აქტიურადაც მუშაობენ მოსახლეობის ტვინების ასარევად და ნერგავენ ათასგვარ აბსურდულ ჭორს და სიძულვილს. ისინი ხლეჩენ საზოგადოებას. ამიტომ, გასაკვირიც არაა, რომ ამ დესტრუქციული მცდელობების დიდი ნაწილი სწორედ საგარეო პოლიტიკაზე მოდის. მაგრამ იმისათვის, რომ დავხატოთ ობიექტური სურათი, უნდა განვასხვაოთ პოლიტიკის მიზანი, მისი მიღწევის გზები, მათი ეფექტიანობა და მათზე ცალკ-ცალკე ვიმსჯელოთ. შემდეგ კი დავსვათ კითხვა: კონკრეტულად რის მიმართ გვაქვს პრეტენზია?

საგარეო

ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი არის ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა, უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფა. შეუძლებელია, ამ მიზნის მიმართ პრეტენზიები გვქონდეს, თუმცა სამსჯელოა, რამდენად სწორადაა ეს მიზანი გაგებული და განხორციელებული. ამიტომ, უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტული სტრატეგიისა და მეთოდების შესახებაც:

საგარეო პოლიტიკაში ძირითადი პრეტენზიები ასე ჟღერს: არადიპლომატიური ენა რუსეთთან დამოკიდებულებაში, ნატოში გაწევრიანების იმედების გაცრუება, არასრულყოფილი დემოკრატია, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციას აძნელებს, რუსეთთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობები. მოდით, ყველაფერი განვიხილოთ.
თუ გახსოვთ, სააკაშვილის პირველი ვიზიტი გაპრეზიდენტების შემდეგ სწორედ მოსკოვში შედგა. სააკაშვილი ცდილობდა, დაერწმუნებინა პუტინი, რომ საქართველოს პატივისცემით მოპყრობოდა და რომ ეს იქნებოდა კეთილმეზობლობის საწინდარი, რაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესიც. მაგრამ ეს არ გამოვიდა არა სააკაშვილის კონკრეტული შეცდომების გამო, არამედ იმიტომ, რომ პუტინს სხვაგვარი წარმოდგენა აქვს პოლიტიკაზე და რუსეთის როლზე.

შედეგად, როდესაც მას ეუბნებიან, რომ საქართველოს კეთილდღეობა მისთვის სასარგებლოა, პუტინი ფიქრობს, რომ მას ატყუებენ, რადგან მან ზუსტად იცის - იმპერიისთვის საუკეთესო ვარიანტი საქართველოს არარსებობაა. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის არსებობის ერთადერთი ფორმა არის იმპერია და ყველაფერი უნდა იღონოს მის შესანარჩუნებლად. თქვენ შეიძლება ეს გაცვეთილ სიტყვებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვინც რუსეთს კარგად იცნობს, ალბათ დამერწმმუნება, რომ ეს ყველაფერი სწორედ ასეა: მოსკოვის პირველი აღზევებიდან დღემდე 5 საუკუნეა გასული და ეს ლოგიკა არასოდეს ყოფილა სხვანაირი. არც უნდა გიკვირდეთ, რადგან სხვა სცენარი იმპერიისა და იმპერიული აზროვნების გაქრობას ნიშნავს. ამიტომ, სააკაშვილს კი ჰქონდა მცდელობა, რომ პუტინთან საერთო ენა გამოენახა, იქნებ, მოეტყუებინა კიდეც (როგორც, ალბათ, პუტინმა ეს მცდელობა აღიქვა) მაგრამ მთავარი აქ მაინც ისაა, რომ აქედან იყო გაწვდილი ხელი, იქ კი - აწეული ცხვირი.

რა თქმა უნდა, რუსეთი დიდი და საშიშია და პატარა ქვეყანამ ასჯერ უნდა აწონოს სანამ მასთან მიმართებაში ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული მიზანი და ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ასე ჟღერს: ვართ ჩვენ სახელმწიფო? ეს არის სწორედ ის საკითხი, რაც შემდეგ ბევრ დანარჩენს განაპირობებს.

საქართველო არ არის და არ შეიძლება იყოს (ვერ იქნება) რუსეთის მტერი. მაგრამ საქართველო არის იმპერიის იდეის მტერი - რადგან მისგან გაქცევას ცდილობს. რა თქმა უნდა, ჩვენი საქმე არ არის, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ რა მოუვა რუსეთს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ჩვენი საქმე ჩვენი დამოუკიდებლობაა. გაიხენეთ, რომ იმპერიები ჰქონდა და აღარ აქვს არაერთ ევროპულ სახელმწიფოს, მათ გაიარეს და გადაიტანეს ეს. რატომ უნდა ჰქონდეს რუსეთს ექსკლუზივი იმპერიაზე? რატომ უნდა დარჩეს საქართველო რუსეთის კოლონიად? იმედია, მეთანხმებით, რომ ეს სრულიად გაუგებარი და უსამართლო მოვლენა იქნებოდა. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მერე რუსეთი კიდევ დიდხანს დარჩება იმპერიად, მაგრამ აქ ჩარევას არ ვაპირებთ. მხოლოდ ის გვინდა, რომ მონსტრს ხელიდან დავუძვრეთ და თავისუფლად განვითარება შევძლოთ.

ერთი სიტყვით, საქართველოს არჩევანი, რომ იყოს სახელმწიფო, ვერ მიიღწევა რუსეთთან მოლაპარაკებებით - ინტერესების კარდინალური განსხვავების გამო. მგლის თავზე წაკითხულ სახარებას გავს ეს ამბავი - უაზრობაა, იმპერიას ეხვეწო, რომ დამოუკიდებლობა მოგცეს. ამიტომ, საქართველოს სჭირდება არა რუსეთის გულის მოგება, არამედ მისი საპირწონე პარტნიორი, რომ არსებობა გააგრძელოს. ასეთი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს პირდაპირი დაინტერესება, რომ რეგიონში ფეხი მოიკიდოს და აქ საქართველოს სახით ყველაზე საიმედო პარტნიორს ხედავს. ნატო, ევროკავშირი თუ თავად ამერიკა, ჩვენთვის პირველ რიგში არის უსაფრთხოების გარანტები და, გარდა იმისა, რომ საერთო ქრისტიანული კულტურული ბაზა ამ სამყაროს ნაწილებად გვაქცევს, პირველ რიგში ალბათ მაინც უსაფრთხოების რაციონალური მიზნებით აიხსნება საქართველოს ორიენტირება დასავლეთზე. აუცილებელია, ყველამ კარგად შეიგნოს, რომ საპირწონე ძალის გარეშე რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურებას შეუდგება.

ბუნებრივია, რუსეთს შეუძლია, რომ საქართველოს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ჩვენ ეს გვახსოვს ისტორიიდან და ვხედავთ დღესაც. მაგრამ რას ცვლის ეს გარდა იმისა, რომ მეტი ძალისხმევა და სიფრთხილე გვმართებს? ცხადია, არაფერს და ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს სულ რომ არ ვჭირდებოდეთ, ისინი ჩვენ გვჭირდება. თუმცა, ასევე გვჭირდება თურქეთი, ირანი და ჩინეთიც, ანუ ყველა ის სახელმწიფო, ვისაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. აქ რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: ვისთან ურთიერთობა არის ყველაზე ხელსაყრელი დღეს? ვის უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? გეოპოლიტის ლოგიკა ისეთია, რომ დიდი მეზობელი ყოველთვის რთული საურთიერთოა. დიდი მეზობლის წარმატება შეიძლება შენი განადგურებით დასრულდეს, რისი მაგალითებითაც სავსეა ისტორია. ამიტომ, ეს ლოგიკა გვკარნახობს, რომ ყველაზე სასურველია ამერიკასთან ურთიერთობა. ცოტა სასაცილოდ
ერს, მაგრამ ჩვენთვის სათადარიგო სკამზე ზის ჩინეთი (თუ ოდესმე გლობალურ გავლენას მიაღწევს).

რეგიონში უმნიშვნელოვანესი იქნება ირანთან ურთიერთობა. გეოპოლიტიკის თვალსაზრისით საფრთხეა თურქეთიც, მაგრამ ეს საფრთხე შედარებით ნეიტრალდება თურქეთის დღევანდელი იდენტობისა და მიმდინარე პოლიტიკის წყალობით. რჩება რუსეთი, რომელიც საქართველოსთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და ეს ასე იქნება მას შემდეგაც კი, როცა და თუ ნატოში შევალთ.

ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ ქვეყნის ზოგადი სტრატეგიული კურსი სწორადაა განსაზღვრული, მაგრამ სად წაუვალთ იმის კონსტატირებას, რომ გვაქვს ძალიან მწვავე პრობლემები, რაც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს? ან სად წაუვალთ იმის აღიარებას, რომ ეს პრობლემები ალბათ რაღაც შეცდომების წყალობით შეიქმნა? ცხადია - ვერსად.

ჩვენ ვთქვით, რომ სწორადაა განსაზღვრული მიზანი, სწორია სტრატეგიაც, მაგრამ სრულიად აშკარად, გვაქვს პრობლემები ამ სტრატეგიის დეტალურ გააზრებასა და პროფესიონალიზმში, რამაც საბოლოო ჯამში, ალბათ სათანადოდ ვერ დაგვიცვა დღეს არსებული მდგომარეობისაგან. გეტყვით, რას ვგულისხმობ:

ყველაფერს აქვს თავისი ტემპი. ჩემი გაგებით, პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ აჩქარებას ვერ იტანს და ძალიან უხდება სიბრძნე. სიბრძნე კი აქ იმას ნიშნავს, რომ პროცესების ლოგიკა მათ მთლიანობაში გესმოდეს და სწორად საზღვრავდე, სად რა ნაბიჯი გადადგა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ, ვინმეს რამე დავაყვედრო ან დავაბრალო, მაგრამ ჩემთვის ეს შეცდომა ცხადზე უცხადესია - ეს არის 2007 წლის ბოლოს ნატოში შესვლაზე გადამეტებული ხმაური. საჭირო იყო, ჯერ პირობები უნდა შეგვექმნა, მერე მყარი გარანტიები მიგვეღო და ხმამაღლა მხოლოდ ამის შემდეგ განგვეცხადებინა, მაგრამ რევანშისტული ან ანტაგონისტური რიტორიკა არც ამ შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის სწორედ ის პუნქტი, რითიც დაშინდა პუტინი და სწორედ ამიტომ დააჩქარა ომი საქართველოსთან. მე ამაზე ვწერდი 2007 წლის ოქტომბერში „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „პატარა სახელმწიფოს სტრატეგია“, მისი ნახვა დღესაც შეიძლება ჩემს ბლოგსა თუ სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. სამწუხაროდ, მაშინდელმა პროპაგანდამ ეს ხმა მიაჩუმა და სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურა მიუხედავად იმისა, რომ დათო აფრასიძემაც დამითმო მისი გადაცემის ეთერი და რადიო თავისუფლებამაც.

ამის მიუხედავად, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს ჩემი პროგნოზი, შესაძლოა, არაფერს ნიშნავდა ერთი მიზეზის გამო: ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან აქტიური კონტაქტები ძალიან ბევრი სახელმწიფოს ადმინისტრაციებთან და მას აიმედებდნენ, რომ 2007 წლის ბოლოს ამ ე.წ. „მაპ“-ის მიღება რეალისტური იყო. დამეთანხმეთ, ძალიან დიდი იყო საცდური და მეც რომ ვყოფილიყავი ამ სიტუაციაში, ნამდვილად ვერ გეტყვით, რას მოვიმოქმედებდი. ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ აჩქარებას ხელისუფლების შეცდომა ვუწოდოთ, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის პინაზე იდო დიდი ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებისაკენ, ანუ ხანგრძლივი და საიმედო მშვიდობის, ევრაზიული გეოპოლიტიკის თვისობრივი შეცვლის, საქართველოს პოლიტიკური წონის ალბათ ისტორიაში ჯერარნახული ზრდის, ეკონომიკის, განათლების, სოციალური სფეროს სწრაფი და შეუქცევადი ზრდისაკენ.

დასანანია, რომ ეს აღმოჩნდა ილუზია და პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტი სიფრთხილის გამოჩენა ნამდვილად შეიძლებოდა.

ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ხელისუფლების არასწორ გათვლაზე და არა - დანაშაულზე. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრა ჩვენი სუვერენული უფლებაა და რუსეთს მასში ჩარევის უფლება არა აქვს. ხელისუფლებას არ დაურღვევია არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობა როცა ამ არჩევანის შესახებ განაცხადა და თუ იდეალიზმსა და რეალპოლიტიკას შორის ბალანსი დარღვეული აღმოჩნდა, ეს ალბათ ბევრი სხვა რამის ბრალიცაა, პირადად ჩემიც და მთლიანად საზოგადოებისაც, არა მხოლოდ - ხელისუფლების.

ახლა შევხედოთ დღევანდელ ვითარებას: რუსეთი დაგვესხა თავს, 2 წლით ადრე გაყვანილი ბაზები რეალურად უკან შემოაბრუნა და ცდილობს, ისეთი რეალობა შექმნას, რომ საქართველოს აღარასოდეს გაუჩნდეს ნატოში გაწევრიანების სურვილი ან შესაძლებლობა. არადა, ჩვენ ვიცით, რომ დღეს ამერიკა ჩვენთვის ყველაზე სასურველი პარტნიორია, ნატო კი ის ფორმატია, რომელიც ამერიკასთან და ევროპასთან ერთად უსაფრთხოების ერთ სისტემაში მოგვაქცევდა - რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთზე უარის თქმა ჩვენთვის არჩევანიც კი არ შეიძლება რომ იყოს.

აქ საინტერესოა ასეთი დეტალი: პოლიტიკაში უძრავად არაფერი ჩერდება. შესაძლოა, დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი უახლოესი დღის წესრიგიდან მოხსნილია, მაგრამ გაურკვეველი ვითარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. თუ რუსეთმა საბოლოოდ წერტილი არ დაუსვა ამ თემას, მაშინ სადავეები მალე გაექცევა ხელიდან და საქართველო აღმოჩნდება ნატოში, რაც აშშ-სთან მჭიდროდ დააახლოვებს. ამიტომ, რუსეთისთვის დღეს არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა - როდის და როგორ მოამთავროს საქმე? ეს კი საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის გაუქმებას ნიშნავს. თავის მხრივ, ეს არ არის მხოლოდ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის უფლების ჩამორთმევა ქვეყნისათვის, ეს არის ასევე იმ პირობების გაუქმებაც, რაც სამომავლოდ დამოუკიდებლობის ამბიციებს წარმოშობს.

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, თუ როგორ წყვეტს რუსეთი ამ პრობლემას მაშინ, როცა მაკონტროლებელს კარგავს. გვაქვს ჩერქეზების მაგალითი, ჩეჩნების მაგალითი, აფხაზების მაგალითი. დღევანდელი რუსეთიც კი ბედავს იმას, რასაც ჩრდილოეთ კავკასიაში ბედავს, მიზეზი კი ერთია - იქ მას ვერავინ სთხოვს პასუხს.

როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა 2008 წელს, მათ რეალურად არ იცოდნენ რამდენად შორს შეძლებდნენ შეტოპვას, იმიტომ რომ მათი მხრიდან ეს იყო რისკიანი თამაში და გათვლა იმაზე, რომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში გააკეთებდნენ შესაძლებლობების მაქსიმუმს. ამიტომ, მრავალი თვის განმავლობაში ცდილობდნენ და მიაღწიეს კიდეც იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულეს, პასუხი გაეცა პრაქტიკულად ღია აგრესიაზე. როგორც ამბობენ, კრემლში დღესაც ამბობენ, რომ იმედი გვქონდა, მოსახლეობაში მეტ დასაყრდენს ვნახავდითო. მაშინ სასაცილოდ არ გვყოფნიდა ბევრს, მაგრამ რეალურად ისე აღმოჩნდა, რომ ცნობილმა ჯაჭვმა მართლაც დიდი როლი შეასრულა მაშინ კრემლის აგრესიის შეჩერებაში.

ბუნებრივია, თავისი უდიდესი როლი ჰქონდა ევროპულ დიპლომატიას და ალბათ მაინც გადამწყვეტი როლი ამერიკის მკაცრმა გაფრთხილებამ და სამხედრო გემებმა შეასრულა. თუმცა ცხადია, რომ რუსეთის გეგმები ამით არ დასრულებულა და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოსაგან იოლი ლუკმა შექმნას - ანუ მოამზადოს ისეთი სცენარი, რომელიც გარეგნულად რუსების ჩაურევლად გააკეთებინებს კრემლის საქმეს.

ეს სცენარი, როგორც ჩანს, სამოქალაქო ომის პროვოცირებასა და შემდეგ აქტიურ, თუმცა ფარულ ჩარევაში მდგომარეობს. სავარაუდოდ, რუსეთს აქვს სცენარი, რომ არჩევნების შემდეგ დაძაბულობით ისარგებლოს და მოულოდნელი სერიოზული პროვოკაცია მოაწყოს, რაზეც თავადვე უპასუხებს და შეზღუდულ ინტერვენციას განახორციელებს საქართველოში (მაგალითად, დაიკავებს ერთ რომელიმე ქალაქს და „დიდსულოვნად“ გაჩერდება). ამის შემდეგ გაავრცელებენ ხმებს, რომ დამნაშავე სააკაშვილია და ვითომ ამით აღშფოთებული ჯარის ნაწილი ოპოზიციისკენ გადავიდა.

სინამდვილეში, ჯარი არსადაც არ გადავა, მაგრამ რუსები მოძებნიან ვინმეს, ვისაც შესთავაზებენ, რომ გამოიყენოს რუსების სამხედრო მხარდაჭერა და დაიწყოს სამოქალაქო ომი - ვითომცდა ქართული ჯარის ნაწილის მხარდაჭერით. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რომ ასეთი რამ ცოტა ხნის წინ მოხდა დასავლეთ საქართველოში - როდესაც რუსებმა იქ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დამყარება ტანკებით უზრუნველყვეს, ჩვენთვის კი ამას სამოქალაქო ომი ერქვა. ასე რომ, კი შეიცხადებენ ხოლმე, მოღალატე და კოლაბორაციონისტი რა სიტყვებიაო, მაგრამ ფაქტია - ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ საქართველოში კრემლის გეგმების განხორციელებას.

რა გავაკეთოთ? არ არის მარტივი კითხვა, მაგრამ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. უნდა მოვუსპოთ რუსებს იმის ილუზიაც კი, რომ ისინი აქ დასაყრდენს ნახავენ. უნდა ნულოვანი რეიტინგის გარანტია მივცეთ ნებისმიერ იმ პოლიტიკოსს, რომელიც კრემლის ამ ილუზიების გაღრმავებას შეუწყობს ხელს - მით უმეტეს კი მათ, ვინც ღია დაპირებებს იძლევა, რომ რუსული აგრესიის განახლების შემთხვევაში მოტრიალდება და საკუთარ ხელსუფლებას დაუწყებს ბრძოლას. ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ასეთი ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში რუსული იარაღით წარმართულ ე.წ. სამოქალაქო ომს, რეალურად კი - ღია სახმედრო ინტერვენციას საქართველოში.

ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც შიდაპოლიტიკური სტაბილურობის გარანტიას იძლევა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის გაძლიერება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება არის ამ ყველა სიკეთის ერთადერთი და გრძელვადიანი გარანტი და უსაფრთხოების მიზნებისგან გადახვევა არავის ეპატიება. უსაფრთხოების მოშლა დემოკრატიის იმ საფუძვლებსაც მოსპობს, რაც უკვე შექმნილია, რადგან მოიშლება საზოგდოების, თემის თვითმყოფადი ფუნქციონირების ყველა პირობა, დემოსი კი სწორედ თემს ნიშნავს და არა - ხალხს, რომელიც არა მხოლოდ თემის, არამედ ბრბოს სახითაც შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, თუ ოკუპანტთან თანამშრომლობას კანონი არ კრძალავს (გაუგებარი კი არის ისე, რატომ არ კრძალავს), საჭიროა რომ საზოგადოებამ მოსთხოვოს პასუხი ასეთ ადამიანებს.

არის ერთი რამ, რაც ძალიან მენიშნება და არ მომწონს. რუსეთის მარიონეტობაზე ეჭვმიტანილი პოლიტიკოსები გამუდმებით გაიძახიან, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი ომის წამოწყებას აპირებს. არადა, ეს მტკნარი სიცრუეა იმიტომ რომ ხელისუფლება შანსს არ ტოვებს, არ განაცხადოს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აპირებენ პრობლემების გადაწყვეტას.

სრულიად აშკარაა - რუსეთი ეცდება, რომ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს დემონსტრაციულად დაუთმოს რამდენიმე საკითხი. მაგალითად, მოხსნას ეკონომიკური ემბარგო, აღადგინოს საჰარო მიმოსვლა. ამით პუტინს სურს რომ შეარყიოს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ხალხს უთხრას, რომ პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სააკაშვილის გარეშეა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი ტყუილი და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ისტორიაში, რომ ეს არ დავიჯეროთ. მაგრამ რა ვქნათ? მაგალითად, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ალბათ ნოღაიდელს ან ბურჯანაძეს მოელპარაკებიან და გახსნიან ბაზარს? ეს ხომ ჩვენი მოსახლეობისთვის კარგი იქნება, ხომ არ ვიტყვით ამაზე უარს? მე ვფიქრობ, პასუხი ნათელია - უნდა შევხედოთ ხალხის განწყობას ან პირდაპირ დავეკითხოთ.

თუ ხალხი იტყვის რომ გავხსნათ, მაშინ გავხსნათ. საქართველოს ხელისუფლება არ უნდა გამოვიდეს ხელისშემშლელის როლში. მაგრამ ამ გზით თამაშიდან უნდა ამოვარდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის გაჭირვების გამოყენებას საკუთარი ქულებისთვის აპირებენ. ჩემი ნება რომ იყოს, რუსეთის ბაზარზეც უარს ვიტყოდი და საჰაერო მიმოსვლაზეც - სანამ არ გადაწყდებოდა ძირითადი საკითხები, როგორიცაა ოკუპაცია და სუვერენიტეტის შელახვა. მაგრამ ახლა არის ისეთი რეალობა, რომ შესაძლოა, საზოგადოება არ აღმოჩნდეს საკმარისად მომზადებული და ამიტომ, ალბათ ჯობია რომ წინააღმდეგობა ამ მხრივ ხელისუფლებამ არ დააფიქსიროს.

ახლა - რაც შეეხება ევროპელი ლიდერების თანამშრომლობას რუსეთთან. ესეც გრძელი თემაა, მაგრამ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ. საქმე ისაა, რომ როდესაც ამერიკა ერაყსა და ავღანეთის ომში ჩაეფლო, პარალელური ეკონომიკური ბუმის პირობებში ენერგიაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და გაიზარდა ფასიც, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, რომ ფეხზე წამომდგარიყო. ამერიკის საგარეო პოლიტიკა აღიზიანებდა საფრანგეთს და გერმანიას, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ამერიკის პოლიტიკის მომსახურებას ეწეოდნენ, საკუთარ ინტერესებს კი ამერიკასთან ერთად ვერ ხედავდნენ.

გაფულიანებულმა მოსკოვმა კი ამ ცეცხლზე ნავთის დასხმა დაიწყო და ევროპელებს ეუბნებოდა, რომ მათთვის ღიაა რუსეთის ბაზარი და ხელმისაწვდომია ბუნებრივი რესურსები, ამ მიზნით წამოიწყეს მრავალი ენერგოპროექტიც და ნელ-ნელა შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ევროპა გრძნობს, რომ შედარებით ნაკლებადაა ამერიკაზე დამოკიდებული. საერთოდ, საერთაშორისო პოლიტიკა დიდწილად არის დაფუძნებული იდენტობებზე, ეს კი განაპირობებს, რომ პირველობის და ლიდერობის ამბიცია ბევრ სახელმწიფოს აქვს, მათ შორის რუსეთს, საფრანგეთს, გერმანიას. ხშირად, ეს ამბიციები რეალური შესაძლებლობებისაგან მოწყვეტით არსებობს, მაგრამ ისინი მაინც არსებობს და გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიმღებებზე. ჩვენ ამისაგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და არც ის დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ რადგან მოსკოვთან თანამშრომლობენ, ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერზე დათანხმდებიან.

მკითხველი:მარიამი
1. გამარჯობა ბატონო ანდრო, როგორც ცნობილია 1 მარტს ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნა, შესაბამისად საზოგადოებაში დაძაბულობაც მატულობს. როგორ ფიქრობთ რა შეიძლება მოყვეს იმ გზის გახსნა, რომელიც რუსებს საქართველოს ტერიტორიაზე  თავისუფლად შემოსვლის საშუალებას მისცემს.

პასუხი:ლარსიდან თავისუფლად ვერავინ შემოვა. ახალი რეჟიმი ითვალისწინებს მხოლოდ სატვირთო მანქანების გადაადგილებას და თითოეული მანქანა შემოწმდება. მთელი ეს ისტერიკა, რომელიც ამ მოვლენას თან სდევდა, ისევე როგორც ლარსის გახსნის თემა თავიდანვე, ეს არის რუსული საინფორმაციო პროვოკაციები იმისათვის, რომ მიაღწიონ საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას. მაგალითად, შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ როგორც კი ლარსის თემას არ წამოვეგეთ, მაშინვე შემოაგდეს ახალი თემა, რომ „მადლობის ნაცვლად, ყარაბაღმა აფხაზეთი აღიარა“ - რასაც არანაკლები დაძაბულობა მოჰყვა. მადლობა ღმერთს, გვესმის რას აკეთებენ და იმედია, არც მომავალში წამოვეგებით.

2. დამეთანხმებით, მეზობელი სახელმწიფო თავდაუზოგავად ცდილობს ჩვენს ოკუპირებას, თუმცა ჯერ კიდევ ვუძლებთ მათ შემოტევას. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს მადა კიდევ უფრო მეტად გაეხსნება და უკვე მითვისებული ტერიტორიების სიაში ყაზბეგის რაიონის ჩაწერას გადაწყვეტს.

პასუხი: მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ერთობ არარეალისტური სცენარი მგონია.

3. რა დადებით და უარყოფით შედეგს მოიტანს სასაზღვრო პუნქტის გახსნა და ხომ არ იქნება ეს ”ნელი მოქმედების ბომბის” საკუთარი ხელით ამოქმედების ტოლფასი?

პასუხი: როგორც გითხარით, ნაღმი ის იქნებოდა, საზღვარი რომ არ გაგვეხსნა. ეს არის 20 მეტრიანი გასასვლელი, რომლის გახსნა იმას ნიშნავს, რომ დროგამოშვებით შლაგბაუმს აწევ და ვისაც ეკუთვნის, შემოატარებ. ლარსის გახსნით ჩვენს უსაფრთხოებას არც აკლდება და არც ემატება რამე.

მკითხველი:გელა
ეთანხმებით თუ არა კოლეგა ექსპერტებს იმაში, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში ბოლოდროინდელი თანამშრომლობა ქართული დიპლომატიის მარცხია და რუსეთთან დაძაბულობის გამო საქართველო იზოლაციაში ექცევა?

პასუხი:ამ კონტექსტში ქართული დიპლომატიის მარცხზე საუბარი ექსპერტულ აზრად ვერ ჩაითვლება. როგორც ზემოთ განვმარტე, ეს შეიძლება ამერიკული დიპლომატიის მარცხად უფრო წარმოვიდგინოთ, მაგრამ ჩვენი დიპლომატიის კონტექსტში ამაზე საუბარი ცოტა სასაცილოც კია.

მკითხველი: თენგიზი
პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილს თითქმის არ ულაპარაკია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, რაზეც ადრე დიდ ყურადღებას ამახვილებდა. იქნებ შეგვახსენოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით ამ ორგანიზაციაში შესაძლო წევრობის თვალსაზრისით? გველოდება იქ ვინმე, თუ დაიხურა ჩვენთვის ალიანსის კარი, რომელზე დაკაკუნებასაც წლები ველოდეთ?

პასუხი: თენგიზ, პირველი კითხვის პასუხში ამ თემაზე ძალიან ვრცლად ვისაუბრე. ალბათ, იქ ნახავთ. აქ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კარი არ დახურულა და თუ შესაბამისი პირობები შეიქმნება, ნატოშიც შევალთ. თუმცა, ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის პანაცეა და ჯერ-ჯერობით აქცენტი ალბათ უნდა გავაკეთოთ ამერიკასთან პატნიორობის გაღრმავებაზე. ნატოს დროც მოვა. ისე, გრძელდება ყველა ის ფორმატი, რომელიც აქამდე შექმნილა, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისია და ამ მხრივ რამე ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

მკითხველი: თინათინი
1. რას ფიქრობთ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო სტრატეგიაზე“, რომელიც ჩართულობის გზით თანამშრომლობას გულისხმობს. ცოტა აბსურდულად ხომ არ გეჩვენებათ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზება აფხაზებისა და ოსებისთვის მაშინ, როდესაც ქვეყანაში კვლავ საომარი რიტორიკაა?

პასუხი: მე გულწრფელად არ ვიცი, სად მოისმინეთ საომარი რიტორიკა. ომის შემდეგ მე ასეთი რამ არ მსმენია და ეჭვი მეპარება, ვინმეს სმენოდეს. სამწუხაროდ, ამას ამბობენ ბურჯანაძე და ნოღაიდელი, რაც ძალიან არ მსიამოვნებს. როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების სამხედრო გადაწყვეტას გამორიცხავს, როდესაც ხდება სპეციალური სტრატეგიის შემუშავება, სადაც ეს პირდაპირ წერია, და ამის მიუხედავად გამოდის ვიღაც და ამბობს, რომ ხელისუფლება ომისთვის ემზადება, ბუნებირივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ვიღაცა პროვოკაციისთვის ამზადებს ნიადაგს, რომ შემდეგ ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს.

რაც შეეხება ამ სტრატეგიას, ძალიან კარგი დოკუმენტია. აქ ვერ ნახავთ რაიმე თავსმოხვეულ ფორმებს და ფორმატებს. მთელი დოკუმენტი გამიზნულია იმისათვის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობამ თავი დააღწიოს იზოლაციას და გაჩნდეს შეხების წერტილები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ანუ ეს არის ერთგვარი შუალედური სტრატეგია, რომელმაც საბოლოო განმუხტვის სცენარების შესახებ ლაპარაკის საშუალება მოგვიანებით უნდა მოგვცეს.


2. დაგვიანებული ხომ არ არის ისეთი დიდი ბერკეტის ამოქმედება, როგორიც დღემდე გამოუყენებელი სახალხო დიპლომატიაა?

სახალხო დიპლომატია დაგვიანებული არასოდეს არაა და ეს სტრატეგია ამასაც ითვალისწინებს. თუმცა კარგი იქნება, გარკვეული ინიციატივები საზოგადოებაშიც არსებობდეს და ყველაფერი მთავრობის საკეთებელი არ იყოს. ერთი კია, რომ მთავრობასთან კონსულტაცია ამ საკითხში ყველასთვის სასურველია.

მკითხველი: მაია
გამარჯობა ბატონო ანდრო, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ:

1. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს თურქეთმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ახალი მოდელი - ”კავკასიური პლატფორმა” შესთავაზა ამ რეგიონის ქვეყნებს; გასაგები მიზეზების გამო მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ქართულმა მხარემ, მაგრამ ალბათ მხოლოდ ეს არ იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ ამ მოდელმა რეალურად არ იმუშავა; რატომ?

პასუხი: მოგესალმებით, მაია! ეს „პლატფორმა“ ძალიან უცნაური რამ გამოდგა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ცდილობდა თურქეთი, რომ ამ გზით ლიდერობა მოეპოვებინა რეგიონში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამჯერად, ომის შემდეგ, ახლიდან წამოსწიეს ეს თემა, როგორც კარგი სავაჭრო იარაღი რეგიონის საქმეებში ჩასარევად. მაგრამ, როგორც ადრე, ახლაც ყარაბაღზე გაჩერდა ყველაფერი. ყარაბაღის საკითხი ასე არ გადაწყდება და ერთი შეხედვით უცნაური ჩანდა, რომ თურქეთმა დიდი იმედები დაამყარა ამ საკითხზე, მაგრამ ეს ამბიცია რომ არა, მაშინ კავკასიურ პლატფორმას საერთოდ ვერ წამოწევდნენ. ერთი სიტყვით, როდესაც ჩიხი აშკარა გახდა, თურქეთი მიხვდა, რომ მინიმალური სარგებელიც სარგებელია. ამიტომ, შეცვალა სამიზნეც და ადრესატი გახდა არა სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი ან რუსეთი, არამედ - ევროპა.

რეალურად, თურქეთი შეგუებულია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაგრამ აგრძელებს მონაწილეობას, რომ მერე თქვას, მე ვცდილობ და სომხეთის არაკონსტრუქციული ქცევის გამო არაფერი გამოდისო. ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ ევროკავშირს პრეტენზიები არ ქონდეს და მუდმივად გენოციდის აღიარებით არ აშინებდნენ. თუმცა თუ ატყობთ, თურქეთი მაინც ისჯება ამ უაზრო აქტიურობისთვის - უბრალოდ დააკვირდით რა ამბების გენოციდის აღირებასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ყარაბაღის საკითხი კი არა, საზღვრის გახსნაც კი ვერ გადაწყდება ამ ეტაპზე. სამწუხაროდ, ასეთია რეალობა.

2. სამხრეთ კავკასიაში თურქეთის მზარდი გავლენისა და დამკვიდრების ფონზე, როგორ გამოიყურება ირანის პერსპექტივები და რამდენად მიზანშეწონილია ქართულ-ირანული ურთიერთობების მეტად გააქტიურება და რატომ? რა პერსპექტივებია და რა შედეგებს უნდა ველოდეთ ამისგან?

პასუხი: ირანსა და თურქეთს ცუდი ურთიერთობა არა აქვთ. ამერიკის ემბარგოს პირობებშიც კი, თურქეთი ირანთან ვაჭრობას აგრძელებდა და მუდმივად ზრდიდა ამ მოცულობას. რეალურად, ირანი და თურქეთი კონკურენტები არ არიან. თურქეთს ძალიანაც უნდა, რომ ირანის პრობლემა გადაწყდეს, რომ ცენტრალური აზიის რესურსები თავისუფლად წამოვიდეს ევროპისკენ. ამას გარდა, როლს თამაშობს ისლამიც, რასაც ანკარა სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევს და დღევანდელი თურქეთის საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებს თურქეთის ქცევას მთელი ისლამური სამყაროს ცენტრად.
ქართულ-ირანული ურთიერთობების ძალიან გააქტიურება დღეს შეუძლებელია, თუმცა ურთიერთობა გვაქვს და არც თუ ცუდი. ვაშაძის ბოლო ვიზიტიც, როგორც ვიცი, ძალიან წარმატებული იყო. საერთოდ, ირანი და საქართველო დღევანდელ კონფიგურაციაში ბუნებრივ პარტნიორებად შეიძლება გამოდიოდნენ, მაგრამ ამას უფრო ძლიერი და ინტეგრირებული ირანი სჭირდება, რომელიც რუსეთისა და თურქეთის თანაბრად მონაწილეობს რეგიონის პოლიტიკაში. ცნობილი მიზეზების გამო, ეს რეალობა დღეს არ გვაქვს. სამომავლოდ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ურთიერთობები ძალიან გაღრმავდება.

3. სამხრეთ კავსასიაში არსებულ მდგომარეობას უსაფრთხოების როგორი მოდელი დაარეგულირებს და რა არის ამ შემთხვევაში ჩვენზე დამოკიდებული? უფრო სწორად, თუ შეუძლია ქართული მხარის ქმედებებს გავლენა იქონიოს პროცესებზე და რა შემთხვევაში?

პასუხი:ჩემი აზრით, ერთადერთი რეალურად სასარგებლო, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის სამხრეთ კავკასიის საერთო ინტერესების ფორმირებაზე ღია და აქტიური მუშაობა. ეს უნდა გაკეთდეს განსაკუთრებით საზოგადოებრივ დონეზე. საჭიროა, რომ ეს შეგნება გაძლიერდეს, რომ სამი სახელმწიფოს ერთიანობის გარეშე რეგიონში მშვიდობა ვერ იარსებებს. ამის მერე დეტალებზე მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება. მაგრამ ამას წლები უნდა.

უსაფრთხოების დაბალი ხარისხი ყოველთვის ქვეყნის შიდა სისუსტის მანიშნებელია თუ რეგიონის არასტაბილურობისა და სხვა გარე ფაქტორების ურთიერთგავლენიდან გამომდინარეობს?
ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ შიდა კონსოლიდაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, ქვეყნის უსაფრთხოებას განაპირობებს მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკის მოცულობა. ყველაფერი დანარჩენი აქედან წარმოებული სიდიდეებია. უბრალოდ, დღეს აქ ემატება განათლებაც, იმიტომ რომ დღევანდელ პირობებში ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია განათლების გარეშე, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ბუნებრივი რესურსების განსაკუთრებული სიმდიდრით არ გამოირჩევა. ჩვენთან განათლების კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა და მის გამოსწორებასაც წლები უნდა. ამიტომ, როდესაც გარემო არასტაბილურია, ჩვენი რეზისტენტულობის დაბალი ხარისხი პირდაპირ აისახება უსაფრთხოების მოშლაზე.

მკითხველი: გიგა
1. სალამი ბატონო ანდრო. როგორ უყურებთ ყარსის ხელშეკრულებას? უკეთესი ხომ არ იქნებოდა, გაგვეწყვიტა ხელშეკრულება და აჭარის ავტონომია გაგვეუქმებინა? (თუნდაც რეფერენდუმით)

პასუხი: არა, რა თქმა უნდა არა. დღეს მძაფრი მოძრაობები საჭირო არ არის და ამ საკითხზე მსჯელობაც კი სახიფათოა. სიმართლე გითხრათ, მე არაფერს მიშლის აჭარის ავტონომია, ეს თავად აჭარის მოსახლეობის გადასაწყვეტი უნდა იყოს ყოველთვის. მაგრამ დღეს ასეთი რამ რომც ითხოვონ, პირადად მე წინააღმდეგი წავიდოდი, რადგან ეს აღიქმება პრეცენდენტად აფხაზებისა და ოსების მიერ, რაც ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი. ამას გარდა, რუსეთი ატეხავს დიდ ისტერიას საერთაშორისო მასშტაბით და ყველა ვარიანტში ისე დახატავენ, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ტოტალიტარიზმის გამოვლინება. საერთოდ, ასეთი საკითხები მხოლოდ იმას უწყობს ხელს, რომ საქართველოში დაძაბულობა არ განელდეს. ამიტომ, აჭარის ავტონომია დღეს უსაფრთხოების ნაწილია და მისი მოშლა ნაკლებ უსაფრთხოებას ნიშნავს ქვეყნისათვის.

2. მოსალოდენლია თუ არა სომხეთის მიერ ჯავახეთის მიტაცება? ამგვარი საფრთხის არებობის შემთქვევაში, რა პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო?

პასუხი: არა. არ არის ასეთი რამ მოსალოდნელი. ესეც არის საზოგადოების დაშინების მცდელობის შედეგი - რომ ასეთი შიშები არსებობს. რეალურად, საქართველოს დამოუკიდებლობის მთელ პერიოდში ერევნის უდავოდ ძალიან კონსტრუქციული პოზიცია იყო იმის განმაპირობებელი, რომ ჯავახეთში რეალური პრობლემები არ შეგვქმნია. ასეა დღესაც.

3.თქვენი აზრით, როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამჩაბლო?

პასუხი: სტრატეგიული მოთმინებით - როგორც ჰილარი კლინტონმა თქვა. ეს ნიშნავს რომ უნდა გვქონდეს მოთმინება, მაგრამ უსაქმოდ არ ვისხდეთ. ეს ახალი სტრატეგია, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, სწორედ მოთმინების სტრატეგიაა, თუმცა ამის გარდა ბევრი რამაა საკეთებელი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. შიგნით დემოკრატიის გაძლიერება, გარეთ კი მეტი ინტეგრირება. სანდო, კომპეტენტური და არააგრესიული პარტნიორის იმიჯის შექმნა, სოციალური მშვიდობა და პასუხისმგებლობა - აი, ალბათ მოკლე ჩამონათვალი იმ ძირითადი ორიენტირებისა, რაც სამომავლოდ უნდა გვქონდეს.

მკითხველი: დია
გამარჯობა! რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთს არ უნდოდა თბილისის აღება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მტერს თბილისი აეღო, მერე რა იქნებოდა? რას მოიგებდა ამით? არც არაფერს! დაკარგვით კი ბევრს დაკარგავდა.
ჩემი აზრით,რუსეთმა (საფანგეთ-გერმანიის დახმარებით), ბრწყინვალედ განახორციელა დასახული გეგმა (მიუხედავად რუსული სამხედრო ძალების სისუსტისა), დიპლომატიური ზეწოლით, მითუმეტეს, რომ რუსეთს სამხედრო მოწინააღმდეგე სუსტი ჰყავდა (ჯარი კი იყო კარგად აღჭურვილი, მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობა იყო უბადრუკი).
რაც შეეხება ქართულ დიპლომატიას, ვიტყვი რომ ჩვენნაირი უვიცი დიპლომატები არცერთ ქვეყანას არა ჰყავს: მათ, იმასაც ვერ მიაღწიეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, ”ოკუპირებულად” მოიხსენიონ თუნდაც ჩვენმა ”მეგობარმა” ქვეყნებმა!
თქვენი მოსაზრება როგორია ზემოთქმულის შესახებ?

პასუხი: საბედნიეროდ, ვერაფერში დაგეთანხმებით... რუსები თბილისის აღებაზე უარს არ იტყოდნენ, მაგრამ გააზრებული არ ქონდათ და თანდათან უწევდათ ფიქრი. ნახეთ პირველი კითხვის პასუხები, იქ ამ ყველაფერზე დეტალურად ვსაუბრობთ.

მკითხველი: ზურაბი
ხომ არ უქადის დემოკრატიულობა რუსეთს დაშლას, ეშინია თუ არა რუსეთის ხელისუფლებას ამის და ხომ არ გამომდინარეობს მისი აგრესიულობა  ამ შიშებიდან?

პასუხი: დემოკრატიულობა რუსეთს არა მაგრამ რუსეთის იმპერიას სერიოზულ გარდაქმნებს მოუტანს. შესაძლებელია, დარჩეს გარკვეული ერთობა, მაგრამ ადგილობრივი მმართველობები ძალიან გაძლიერდება. შესაძლებელია, ორი ან სამი მსხვილი სუბიექტი ჩამოყალიბდეს იმპერიის ადგილზე. ცხადია, აგრესიულობა სწორედ აქედან მომდინარეობს მაგრამ არა დაშლის შიშიდან, არამედ იმიტომ რომ ზოგადად ყველა იმპერია აგრესიულია. იმპერიის იდენტობა ნაკლებადაა ორიენტირებული ეთნიკურ სუბსტრატზე. იმპერიის განმსაზღვრელია ძალაუფლება, რასაც ნიშნავს თავისთავად ეს სიტყვა. ანუ ის, რომ ფლობდე ხალხებს და ტერიტორიებს და მბრძანებლობდე მასზე. მე მგონი, ვთანხმდებით, რომ ეს მართლა შუასაუკუნეების აზროვნებაა.

მკითხველი: ვანიკა
გამარჯობა ბატონო ანდრო, თქვენი აზრით, რამდენად მართებული იქნება თუკი საქართველო საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გაიხდის ევროკავშირში გაწევრიანებას (არა ინტეგრაციას) და სრულიად მოახმარს რესურსებს ამ მიზნის მიღწევას?

პასუხი: ევროკავშირი ისედაც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი საგარეო ორიენტირი, მაგრამ სრული ინტეგრაცია უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია. არადა, მოსაგვარებელია უსაფრთხოების პრობლემები, რასაც ამერიკასთან პარტნიორობა უკეთესად უზრუნველყოფს. ისედაც, ევროკავშირი ჯერ თავად არ არის ჩამოყალიბებული ძალიან ბევრ რამეზე და, ესეც არ იყოს, ამ გაერთიანების ღირებული წევრი მაშინ იქნები, თუ თვითმყოფადი ეკონომიკითა და საგარეო პოლიტიკით შეხვალ მასში. დღესდღეობით ევროკავშირი ბევრ რამეში გვეხმარება, თუმცა უსაფრთხოების ფუნდამენტური მიზნები ამერიკასთან ძალიან მჭიდრო პარტნიორობასაც ითხოვს.


ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(9), 50 კვ.მ. გარემონტებული სუხიშვილის ქუჩაზე. ფასი:...
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
დასვით კითხვა

მიიღეთ მონაწილეობა
პრეს-კონფერენციაში

 
AMBEBI.GE-ზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ რესპოდენტს.
ამისათვის უნდა გაიაროთ უფასო რეგისტრაცია, გამოაგზავნოთ თქვენი კითხვა და დაელოდოთ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ყურადღება: ყველა კითხვა შემოწმდება მოდერატორის მიერ და შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. AMBEBI.GE უფლებას იტოვებს არ გამოაქვეყნოს დათქმული თემის გარეშე დასმული, ერთმანეთის მსგავსი, უცენზურო ან არაკორექტული კითხვები. რესპოდენტი თავისი სურვილის მიხედვით უპასუხებს დასმულ კითხვებს რის შემდეგაც პუბლიკაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, პრეს-კონფერენციის რუბრიკაში

16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
09:38 / 21-05-2012  Image ქართველი არქიტექტორი არქიტექტურული პროექტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა
ნიკო ჯაფარიძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის პროექტი წარადგინა