განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოზარდთა მიერ ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკური მონაცემები: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა... გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე აკაკი გამყრელიძე:
- ნარკოტიკებისადმი ლტოლვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ხშირად უმუშევრობას ასახელებენ. მაგრამ ნარკომანია დაახლოებით 9 ათასი წელია არსებობს, ბოლოს კი ეს პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა. ურბანიზაციამ, ცივილიზაციის განვითარებამ საყოველთაო დეპრესია გამოიწვია. ასეთ ვითარებაში ზოგიერთს განსაზღვრული სტიმული სჭირდება, ამ სტიმულს კი ხშირად არასწორად ირჩევენ...
ქართველები სულ 3,5 მილიონიღა დავრჩით. სამმილიონნახევრიანი ერისთვის კი ნარკოტიკის 250 ათასამდე მომხმარებელი მეტისმეტად ბევრია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დროა, მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს.
- მაინც რა არის საჭირო, რომ ნარკომანიის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდეს?
- უნდა ტარდებოდეს მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური სამუშაოები, რასაც ჩვენს ქვეყანაში ყურადღება თითქმის არ ექცევა. ნარკომანიის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი გზა მოზარდებისა და ახალგაზრდების დასაქმება უნდა იყოს, თუნდაც სპორტული ღონისძიებებით; დიდი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს სკოლებში მოსწავლეთა ინფორმირებას; მოზარდმა ნარკოტიკების შესახებ სიმართლე უნდა იცოდეს და არა ის, რასაც ქუჩაში გაიგებს - რომ არსებობს ნივთიერებები, რომელთა საშუალებითაც ადამიანს სიამოვნების მიღება შეუძლია. დასამალი არ არის, რომ ასეთ ეფექტს ყველა ნარკოტიკი იძლევა, მაგრამ ყველა ნარკოტიკს საშინელ გართულებამდე და დაავადებამდე მივყავართ. ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკის მოხმარება მისდამი დამონებას ნიშნავს.
- როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია მოზარდების არაჯანსაღი ინტერესი ნარკოტიკების მიმართ - გარემოსი, წრის, უსაქმურობისა თუ მშობლების უყურადღებობის?
- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში სტიმული სჭირდებათ. როდესაც ასეთი ბავშვი არასწორად არის ინფორმირებული ან არასწორად იზრდება, დიდია ალბათობა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი გახდეს, ამის თავიდან ასაცილებლად მოზარდმა უნდა იცოდეს, რა არის კარგი და რა - ცუდი, შეეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება არა სკოლის დამთავრებისას, არამედ 13-14 წლის ასაკში. უფროსები უნდა დავეხმაროთ, რომ მათი ყურადღება სპორტზე, ხელოვნებაზე, განათლებაზე გადაერთოს. მნიშვნელოვანია პირადი მაგალითიც. როდესაც უფროსები ბავშვს ეუბნებიან, რომ თამბაქო, სპირტიანი სასმელი ან ნარკოტიკი მავნებელია, მაგრამ თვითონ უარს არ ამბობენ ამ მავნე ჩვევებზე. ბავშვი იბნევა. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკის მოხმარება ციხემდე, საავადმყოფომდე და, საბოლოო ჯამში, სამარემდე მიიყვანს....
დაახლოებით 50 წლის წინ აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, რომელიც, სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან განსხვავებით, ეიფორიას არ იწვევს. ნარკოტიკებს კი, მოგეხსენებათ, უმთავრესად, სწორედ ამ შეგრძნებისთვის იღებენ. ნარკოლოგებმა მეტადონით ნარკოტიკული შიმშილის ჩანაცვლება დაიწყეს.
უკვე ორი წელია, ქვეყანაში მოქმედებს მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა. ჯანდაცვა აფინანსებს მკურნალობასაც, ანუ ავადმყოფს შეუძლია, მოვიდეს კლინიკაში და სხვა ტრადიციული მეთოდებითაც იმკურნალოს. ამჟამად კი მიმდინარეობს მუშაობა ნარკოლოგიური სამსახურის ცენტრალიზაციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მეთადონის პროგრამების განვითარება ტალღობრივად მიმდინარეობდა, დღეს, პრაქტიკულად, არ გაგვაჩნია უკეთესი პრეპარატი, რომლითაც ნარკოტიკების ჩანაცვლება იქნებოდა შესაძლებელი. დღესდღეობით ყველა განვითარებულ ქვეყანაში ამ პროგრამით ხელმძღვანელობენ. ამჟამად აღრიცხვაზე გვყავს 1 400 ავადმყოფი, დაახლოებით 150 კაცი კი პროგრამიდან უკვე გავიდა. ასე რომ, 10%-იანი შედეგი უკვე არსებობს.
- რეალურად როგორია შედეგი, როგორ იქცევიან ამჟამად ეს პაციენტები?
- ზოგი მათგანი უკვე ერთი თვეა არ მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგი - ექვსი. ეს უკვე შედეგია. რა თქმა უნდა, ეს იმ სამკურნალო პროგრამებს არ ჰგავს, როდესაც დალევ წამალს და მორჩები, ეს უფრო დიაბეტის მკურნალობას მოგაგონებთ, მაგრამ ვინც ამ პროგრამაშია ჩართული, შორდება კრიმინალურ წრეს, რადგან აღარ სჭირდება ფული ნარკოტიკების შესაძენად; არ სჩადის კრიმინალურ საქციელს, ანუ არ მიდის შავ ბაზარზე ნარკოტიკის შესაძენად. მესამე და მნიშვნელოვანი - რჩება უამრავი დრო, რომ სამედიცინო პერსონალისა და ოჯახის დახმარებით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ლაპარაკობენ, ნარკომანებს ნარკოტიკს აძლევენო; მოვიდნენ და ნახონ მათი მდგომარეობა, გაესაუბრონ მათი ოჯახის წევრებს. უმრავლესობამ უკვე მუშაობაც დაიწყო და ოჯახისკენ მიბრუნდა.
- მაგრამ, ალბათ, ეს საკმარისი არ არის...
- რასაკვირველია, უნდა განვითარდეს სხვა სერვისები - სავალდებულო სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრები. მჯერა, რომ ამ მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში ჩვენი შეძლებული თანამემამულეებიც დაგვეხმარებიან.
ცნობისათვის
საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. შარშან ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ პრობლემურ ნარკომანთა, ანუ დაავადებულთა რიცხვი 80 ათასს აღწევს. პრობლემას ართულებს ის, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა ნარკოტიკების მომხმარებელთა ასაკი - მოზარდები ნარკოტიკულ საშუალებებს უკვე 14-15 წლიდან ეტანებიან. ისიც აღსანიშნავია, რომ ნარკომანია საკმაოდ დაბერდა.
არიან პაციენტები, რომლებიც 60-65 წელს არიან გადაცილებული, ისინი ნარკოტიკით 40-45 წლის ასაკში დაინტერესდნენ.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























