თიკოს დევიზია: "საქმე, თან გართობა და დასვენება".
- თიკო, როგორ იწყება შენთვის დილა?
- ღამე, დაძინებამდე ვამბობ, - ხვალ დილით ავდგები და გასარუჯად პლაჟზე გავალ-მეთქი, მაგრამ ვერ ვიღვიძებ. მობილურ ტელეფონს არ ვთიშავ, მაგრამ თუ დილით ვინმემ დამირეკა, თვალდახუჭული, გაბრაზებული ვეუბნები - მძინავს. ცოტა აზრზე რომ მოვალ, კვარიათში მივდივარ საბანაოდ და გასარუჯად.
- კარგად ხარ გარუჯული. არაჩვეულებრივი ფიგურა გაქვს და საცურაო კოსტიუმში რატომ არ გვაღებინებ ფოტოს?
- მე რომ შორენა ბეგაშვილი ვიყო, აუცილებლად გადაგაღებინებდით (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა უმჯობესია, საცურაო კოსტიუმში ფოტოს გადასაღებად შორენა ბეგაშვილს მიმართოთ...
- შორენა ბათუმშია?
- სამწუხაროდ, არ ვიცი, შორენა სად არის. ჩვენ ისე არ ვმეგობრობთ, რომ მისი ასავალ-დასავალი ვიცოდე.
- იქნებ მითხრა, რატომ ექიშპებით ერთმანეთს. შენს გადაცემაშიც ხშირად ახსენებ...
- ხომ ამბობენ, საქართველომ 21-ე საუკუნეში, როგორც იქნა, თანამედროვე ცხოვრება დაიწყოო. მიმაჩნია, რომ შორენა ბეგაშვილი ამის ნათელი მაგალითია. ამიტომაც მიწევს ჩემს გადაცემაში მისი სახელის ხშირად მოხსენიება, თორემ სხვა უთანხმოება არ გვაქვს.
- ამბობენ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჯერ შორენა ბეგაშვილის მეგობარი იყო, შემდეგ კი - თიკოსიო...
- ეს დიდი სიცრუეა. მამაკაცს, რომელსაც შორენა მოსწონს, მე არ მოვეწონები და პირიქით.
- რამდენი ხანია, ბათუმში ხარ?
- თვე-ნახევარია. 20 აგვისტოს "ბათუმი ლაივის" ბოლო გადაცემა გავა ეთერში და ამით დასრულდება კიდეც ბათუმური სეზონი. შემდეგ კი თბილისში დავბრუნდები.
- თბილისში ამბობენ, თიკო სადუნიშვილი თვე-ნახევარი სასტუმრო "შერატონში" ცხოვრობსო...
- (იცინის) მათ პირს შაქარი. იმედია, მომავალ წელს ჩვენი რედაქცია ისე გამდიდრდება, რომ მართლა "შერატონში" ვიცხოვრებ. ამ სასტუმროში ცხოვრება ძვირი სიამოვნებაა. გადამღებ ჯგუფს სახლი გვაქვს დაქირავებული და ერთად ვცხოვრობთ.
- აჭარაშიც ძალიან პოპულარული ხარ, თაყვანისმცემლები არ გამოგიჩნდნენ?
- არააა, აჭარლები არ მეხმაურებიან. სხვათა შორის, არც სხვები იკლავენ თავს.
- ნუთუ საზაფხულო რომანი არ გაგიბამს?
- არა, არა... ეს ზაფხული შრომასა და თავდადებას მივუძღვენი.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























