ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტთან, საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" წამყვან ნოდარ მელაძესთან:
- ქართული ტელემედია განვითარების პროცესშია. მაუწყებლობის ხარისხით, ტექნიკური და რეპორტაჟების შინაარსის მიხედვით ის თანდათან უახლოვდება დასავლურ სტანდარტებს. ბოლო ხანს კეთდება თამამი გადაცემები, რაც უფრო საინტერესოს ხდის ტელესივრცეს. იმედი მაქვს, ეს პროცესი მალე მიიღებს სრულყოფილ სახეს.
- ქართველი ჟურნალისტების ნაწილი ასე დადებითად არ აფასებს ჩვენი ტელემედიის ამჟამინდელ მდგომარეობას და მომავალს. მეტიც, მიიჩნევენ, რომ ტელემედია ორ ნაწილად არის გახლეჩილი...
- ჩემი აზრით, ტელემედია ორ ნაწილად არ არის გახლეჩილი. ყველა სამაუწყებლო არხს აქვს თავისი სამაუწყებლო ფორმატი, კონკრეტული მიმართულებებით. ყველას აქვს საკუთარი საინფორმაციო პოლიტიკა. ბუნებრივია, ტელეარხები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი თვალსაზრისით და ყველას თავისი მაყურებელი ჰყავს.
- ტელეკომპანია "იმედი" რა პოლიტიკას ატარებს?
- ტელეკომპანია "იმედი" არის არხი, რომელიც მაუწყებლობს მთელ საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენი არხის საინფორმაციო გამოშვება აგებულია იმაზე, რა აინტერესებს სრულიად საქართველოს მოსახლეობას.
- როდესაც გივი თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს სატელეფონო საუბარს მწირი სიუჟეტი მიუძღვენით, როგორ ფიქრობთ, ეს ამბავი სრულიად საქართველოს არ აინტერესებდა?
- როგორ გეკადრებათ, ეს ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავაშუქეთ.
- თუ დამოუკიდებელი და გამჭვირვალეა ტელესივრცე, მაშინ რატომ მალავენ ტელეკომპანიების მფლობელთა ვინაობას?
- ტელეარხების მფლობელთა ვინაობა გასაიდუმლოებული არ არის. თუ დაუკავშირდებით არხის ხელმძღვანელობას, გეტყვიან, ვინ არის ტელევიზიის მეპატრონე.
- ამის გაგების მცდელობა არაერთ ჟურნალისტს ჰქონდა, მათ შორის მეც, მაგრამ - ამაოდ. ტელევიზიების რეალური მფლობელების ვინაობა უცნობია. მაგალითად, არ ვიცით, ვის ეკუთვნის ბადრი პატარკაციშვილის შემდეგ ტელეკომპანია "იმედი", ასევე, უცნობია "რუსთავი 2"-ის მფლობელიც.
- ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში არ ვმუშაობ და, აქედან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება "იმედს", მისი მფლობელი არის ჰოლდინგი, რომელშიც შედის ჩვენი ტელეკომპანია და რადიო "იმედი". ჰოლდინგს კი ჰყავს თავისი მფლობელები. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არხის ხელმძღვანელობას და ისინი გაგცემენ პასუხს (? - ნ.მ.).
- ტელეკომპანია "რეალ ტი-ვი"-ს გადაცემებს როგორ შეაფასებთ?
- სამწუხაროდ, არ ვარ ამ ტელეარხის მაყურებელი, რადგან საკაბელო სიხშირეზე მაუწყებლობს და ჩემი ტელევიზორი არ აჩვენებს.
- ჟურნალისტ ვახო კომახიძის შესახებ სიუჟეტს, რომელიც ამ არხმა მოამზადა, სამსახურში მაინც ნახავდით...
- სამწუხაროდ, ეს სიუჟეტი არ მინახავს და ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
- თქვენი კოლეგები და ხელოვნების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ ე.წ. სახელისუფლებო ტელეარხებზე მომუშავე ჟურნალისტებს ხელისუფლების შეცვლისთანავე პროფესიის შეცვლა მოუწევთ...
- შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ტელეკომპანია "კავკასიაში" ვმუშაობდი. რევოლუციის შემდეგ კი უკვე "პირველ არხზე", მერე იყო მზე, ახლა ვმუშაობ ტელეკომპანია "იმედში" და როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, მაინც ჟურნალისტად ვიმუშავებ. ხელისუფლება იცვლება და ჟურნალისტები რჩებიან. ჩემი უამრავი მეგობარი მუშაობს "მაესტროსა" და "კავკასიაზე" და მათგან მსგავსი შეფასებები ნაციონალური არხების ჟურნალისტებზე არ მომისმენია.
- ეს აზრი ჟურნალისტების ნაწილმა საჯაროდ გამოხატა პრესის ფურცლებიდან...
- ასე ლაპარაკი იოლია, მაგრამ ძალიან ძნელია ტელევიზიაში მუშაობის დაწყება და გზის გაკვალვა. საერთოდ, ტელეჟურნალისტები ხშირად ხვდებიან კრიტიკის ქარ-ცეცხლში, რადგან ცნობილი სახეები არიან და საზოგადოებას მათ შესახებ ყველაფერი აინტერესებს.
- ზოგი "იმედის" ჟურნალისტებს - თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, სიცრუის პროპაგანდის მანქანის ნაწილებსაც კი გიწოდებთ...
- მე და ჩემი კოლეგები არ ვართ პროპაგანდის ნაწილები. ყველას თავისი აზრი აქვს და ვისაც რა სურს, იმას ამბობს და იმას ეთანხმება.
- რატომ წავიდა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნანა ინწკირველი?
- ეს ნანას ჰკითხეთ.
გვერდი მოამზადა ნინო მაისურაძემ
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























