რაც შეეხება ტრადიციულ მედიას, აქ დიდი სიახლე არ არის. თუმცა მიხარია, რომ ცვლილებებია ტელეკომპანია "მაესტროში". ვიცი, რომ აპრილიდან დაიწყება ახალი ტოქშოუები და ამ არხს გაცილებით მეტი მაყურებელი ეყოლება. სხვათა შორის, ბოლო ხანს საზოგადოებაში შიშის სინდრომი გაქრა.
- რას გულისხმობთ?
- თუ ადრე ადამიანს თავისი პოლიტიკური ნების გამოხატვის ეშინოდა და საპროტესტო აქციებზე შიშით და მალვით დადიოდა, ახლა სოციალური ქსელების წყალობით, საჯაროდ საუბრობენ პრობლემებზე. კიდევ ერთი დადებითი მოვლენა მოხდა ქართულ ტელესივრცეში - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში შევიდა სამი ახალი წევრი, რომლებიც იბრძვიან არხის გამჭვირვალობისთვის. ესენი არიან: შორენა შავერდაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი და ნინო დანელია.
- მაგრამ გაჩნდა ტელეკომპანია "რეალ ტი-ვიც"...
- "რეალ ტი-ვი" ქართულ მედიაში უარყოფითი მოვლენაა, თუმცა ტელემედიის მინუსებზე ლაპარაკს ტელეკომპანია "იმედით" დავიწყებ. ეს ტელევიზია გაცილებით პოლიტიზებული გახდა. პროპაგანდისტული ნაკადი, რომელიც მოდის "იმედიდან", მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოების ცნობიერებას. მაგალითად, ამისთვის არსებობს გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟი", რომელიც ვახო სანაიას მიყავდა, იგივე შემიძლია ვთქვა "სიმართლის დროზეც", რომელიც ვითომ გასართობი გადაცემაა, მაგრამ რამდენჯერმე დადასტურდა, რომ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ამოცანების შესრულება აკისრია. ყველაზე პოპულარული სერიალის - "შუა ქალაქის" საახალწლო სერიაშიც კი გიგი უგულავა მიიწვიეს, რაც წინასაარჩევნო პიარი იყო.
იგივე შემიძლია ვთქვა ვანო მერაბიშვილზეც, რომელმაც "ვანოს შოუ" წაიყვანა... ის, რასაც "რეალ ტი-ვი" აკეთებს, ხშირად კანონის ფარგლებში ჯდება. მაგრამ თუ მივუდგებით ჟურნალისტის პოზიციიდან, ეს ტელეკომპანია ყველა სტანდარტს და ეთიკის ნორმას არღვევს. სხვათა შორის, ტელეკომპანია "რეალ ტი-ვის" ვერც ინტერვიუს მივცემ და ვერც კომენტარს, რადგან იქ მომუშავე ადამიანები ბოროტად ექცევიან თავიანთ პროფესიას. ეს ტელეკომპანია შექმნილია მხოლოდ პროპაგანდისთვის და მათ წმინდა ჟურნალისტური მიზნები არ აქვთ, მაგრამ კანონი აძლევთ ასე მოქმედების საშუალებას. ანალოგიური სიტუაციაა სხვა ტელეარხებზე. მაგალითად "კურიერ პს"-ში თენგო გოგოტიშვილმა თავისი სიუჟეტი ასეთი ფრაზით დაასრულა - ოპოზიციის ნაწილი ძალაუფლებას ეპოტინება, ნაწილი კი - ეპუტინებაო. მე თუ მკითხავთ, ამ ფრაზას თავმოყვარე ჟურნალისტი არ იტყოდა.
- ნორმალურია, რომ ტელეკომპანიის მფლობელის ვინაობა არ იციან იქ მომუშავე ჟურნალისტებმა?
- "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და კიდევ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებმა მართლა არ იციან, ვინ არიან მათი სამსახურის მფლობელები. ამ ტელეკომპანიების ქმედებებიდან გამომდინარე, ეჭვი მაქვს, რომ მათი მმართველი მიხეილ სააკაშვილია. მაგრამ კონკრეტულად ვისი გვარი წერია ბოლო დოკუმენტზე, რომელიც ყოველთვის სადღაც იკარგება, არ ვიცით. არსებობს ეჭვი, რომ "რეალ ტი-ვის" თანამშრომლებს ხელფასს შინაგან საქმეთა სამინისტრო უხდის, მაგრამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ ჯერჯერობით ეს ვარაუდი ვერ დაასაბუთა.
- თქვენ იმუშავებდით ტელევიზიაში, რომლის მფლობელის ვინაობაც არ გეცოდინებოდათ?
- არავითარ შემთხვევაში! ახლახან ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროში" შემომთავაზა მუშაობის დაწყება. მითხრა, რომ "მაესტრო" ხდება სრულიად ახალი, მესამე თაობის ტელევიზია, რომლის მსგავსი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. ვკითხე, აქამდე ასეთი ტელევიზიის შექმნა უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა და თქვენ რა ფინანსებით აპირებთ მის შექმნას-მეთქი. ზუსტად 20 წუთის განმავლობაში მიხსნიდა, როგორ აპირებდა საქმის აწყობას და საკმაოდ გასაგებად განმიმარტა ყველაფერი. მართალია, პირადი მიზეზების გამო უარი ვუთხარი თანამშრომლობაზე, მაგრამ მადლობელი დავრჩი შემოთავაზებისთვის და ვითარებაში გარკვევისთვის.
მაქვს ერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია, მაგრამ მაინც ვიტყვი: არსებობს აქტიური და მოქმედი რადიოები, როგორებიც არის "მწვანე ტალღა", რადიო "პალიტრა", "უცნობი"... ამ რადიოსადგურების გარდა, არსებობს რადიოები, რომლებიც შედარებით სუსტები არიან და არ აქვთ საინფორმაციო გამოშვება. აი, იმ მეორეხარისხოვანი რადიოების სიხშირეების შესყიდვა დაიწყეს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა და სავარაუდოდ, ამ არხებიდან მალე სახელისუფლებო პროპაგანდა დაიწყება.
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























