- ალეკო, რა ინფორმაციას ფლობ ტელევიზიებში მომხდარი გადაადგილებების შესახებ?
- რასაც ყველა - ნანა ინწკირველი წავიდა, მის ნაცვლად დაინიშნა მათე კირვალიძე, ხოლო "რუსთავი 2"-ის დირექტორად გეგა ფალავანდიშვილი. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია იმაზე მიანიშნებს, რომ ვანო მერაბიშვილი აძლიერებს პოზიციებს, უგულავას მართლაც ძალიან გადაემტერნენ და მისი გავლენების დაჩოჩება უნდათ.
მისი ხალხი ჩააჩოჩეს არა მხოლოდ "რუსთავი 2"-დან, არამედ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდანაც, რომლის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აღარ არის. მარეგულირებელი არის ტელევიზიების ტელევიზია, უზარმაზარი ძალა აქვს და გააჩნია დავალებას, რასაც უნდა, იმას გააკეთებს. ბოლო დროს გიგი უგულავამ ისე ამოქოქა თავისი რეიტინგი და ისეთ უტიფარ კარიერას იქმნის, რომ ყველა დააფიქრა. ვანო მერაბიშვილი რომ ემტერებოდა, ეს ისედაც ცნობილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ნამეტანი მოუვიდა. არ აყენებს ოფიციალურად მერის პოსტზე თავის კანდიდატურას, მოკლედ, რაღაც ჩახლართული პროცესებია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვხედავ.
- როგორ ხდება, რომ დამოუკიდებელ ტელევიზიებში პროცესებს ესა თუ ის მაღალჩინოსანი წარმართავს?
- მაგათი დამოუკიდებლობა არ გაიშვას (იღიმება)!.. ეროსი კიწმარიშვილი რევოლუციის შემდეგ რომ ჩააჩოჩეს, ძალა დაკარგა და აიძულეს დაეთმო ტელევიზია. "რუსთავი 2" ძალიან საინტერესო ფენომენია, მისი მფლობელების ვინაობა რომ იცოდე, იმის მიხედვით მიხვდები, ძალაუფლება სხვადასხვა დროს რომელ გუნდებზე ნაწილდებოდა. სააკაშვილის გარშემო გარკვეული ჯგუფებია, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავასი, ადეიშვილიც სადღაც უგულავასთან არის.
ოქრუაშვილი მართავდა ამ ტელევიზიას კიწმარიშვილის შემდეგ, მისი დაძირვის მერე ქიბარ ხალვაშს დაათმობინეს ტელევიზია და გიორგი არველაძის გუნდმა გადაიბარა დავარაშვილის სახით. კობა დავარაშვილი დიდი ბოთე აღმოჩნდა, მილიონებში ხელი აფათურა და უგულავამ ჩააჩოჩა არველაძის გუნდი. მისი რევანშია ის, რომ "იმედზე" დაამყარა კონტროლი და ასევე არაპირდაპირი კონტროლი "რუსთავი 2"-ზე. ახლა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ავიწროებენ უგულავას. გეგა ფალავანდიშვილი მერაბიშვილის მოადგილის, ეკა ზღულაძის მეუღლეა და ნამდვილად არ არის ნეიტრალური ფიგურა. გიორგი არველაძე ასევე მერაბიშვილის ერთგული მხარდამჭერია.
შს მინისტრმა დაიწყო მედიის კონტროლი, რადგან მისი გუნდი მიხვდა, რომ მედია ძალიან მნიშვნელოვანია. უგულავამ იმით გაიზარდა რეიტინგი, რომ კაი ბიჭია?! ცრემლმომდგარი ჩანდა ყოველდღე ტელეეთერში, დააკვირდით ბოლო ტენდენციებს, ახლა აღარ ჩანს. ეს საკადრო ცვლილებებიც ამას დაემთხვა.
- ნანა ინწკირველის გაშვებას რას უკავშირებ?
- გიორგი არველაძის მისვლის შემდეგ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მენეჯმენტთან ისედაც ვერ ალაგებდა ურთიერთობებს და არ გრძნობდა თავს კომფორტულად. ის სიუჟეტი, რომელიც პრეზიდენტის ექვსწლიანი მმართველობის შესახებ გავიდა, მთლიანად გიორგი არველაძემ დაწერა და ნანა ინწკირველს იქ არავინ არაფერს ეკითხებოდა. თუ დააკვირდით, ამ სიუჟეტს არც ერთი ჟურნალისტის სახელი და გვარი არ ეწერა.
- როგორ ფიქრობ, რას გულისხმობდა ნანა ინწკირველი, როცა განაცხადა, რომ "იმედში" მისი შრომა არ ფასდებოდა?
- დღეს ყველა ტელეჟურნალისტი შრომობს, რამდენად არის საზოგადოებრივად გამოსადეგი მათი შრომის ნაყოფი, ეს სხვა საქმეა. დარწმუნებული ვარ, "რეალ-ტივის" ჟურნალისტები იმ თავიანთი უსინდისო სამუშაო დღის შემდეგ ძალიან დაღლილები მიდიან სახლში. დონაძე როგორი დაღლილი იქნება, წარმომიდგენია, შრომობენ, მაგრამ გააჩნია რისთვის. "იმედს" რაც შეეხება, ასეთი შრომით დაღლა დიდი უსირცხვილობაა, ყველა იქ მომუშავე ადამიანი ბადრი პატარკაციშვილის საფლავზეა ჩამომჯდარი და უტიფრად ძარცვავს ტელევიზიას.
- გიორგი არველაძემ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან უნდოდა, მაყურებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია შეეთავაზებინა, მაგრამ მათ საინფორმაციოს იმიტომ არ აქვს რეიტინგი, რომ ამ დროს "რუსთავი 2"-ზე ლათინოამერიკული სერიალი გადის...
- იმიტომ ხომ აღარ, რომ ტყუილებს გადასცემენ? ერთი ესეც ეკითხათ ბარემ. სხვათა შორის, კარგი მენეჯერია და ჭკვიანი ტიპია. გაგიკვირდებათ და, შევაქებ. ხელისუფლებაში ერთ-ერთი ადამიანია, რომელიც რადიკალიზმისგან შორს არის, განსხვავებით გიგი უგულავასგან, ყველა დარბევა მისი ინსპირირებული იყო.
ის მაქსიმალისტი რადიკალია, არველაძე კი ზომიერია, მაგრამ მთელი ხელისუფლება საბოლოოდ მაინც უკანონობის უზარმაზარ ჭაობშია ჩაძირული. არველაძის თამადობით ხდება პატარკაციშვილის ოჯახის ძარცვა. და მაინტერესებს, რა პროდუქტები შემოგვთავაზეს? ეს არის ყველაზე აქტუალური თემა დღეს ქვეყანაში? უნდა ვისმინოთ ბებერი ჰომოსექსუალისტების აღიარება, თუ ვუყუროთ ბეგაშვილის გადაცემას სექსზე?! მოიცათ რა, სექსის სწავლება უნდათ ქართველ მამაკაცებსა და ქალებს?! ვიღაცას ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს მათ სექსუალურ ცხოვრებაზე (იცინის).
ჩემი აზრით, ამ ქვეყანას ნორმალური გადაცემები სჭირდება, ხალხმა რეალური პრობლემები რომ გაიაზროს. ან ხეირიანი შემეცნებითი გადაცემები მოამზადონ, ან თუნდაც ეს ლათინოამერიკული სერიალები აგვარიდონ და ქართული პროდუქცია შემოგვთავაზონ. მაგალითად, "კლინიკა" ძალიან მომწონდა, მაგრამ ისიც დახურეს. რაც ხეირიანი ჰქონდათ, მაგალითად, "შუა ქალაქში", იქაც უგულავა მიიწვიეს, პოლიტიკისგან რომ იყო დაცლილი ეს სერიალი, ხალხი იმიტომ უყურებდა. "შუა ქალაქში" ყოფითი სერიალია და ნიჭიერად გაკეთებული.
პოლიტიკური იუმორით არის გაჯერებული ამავე გუნდის პარასკევის შოუ, სადაც ბიჭები ძალიან თამამად საუბრობენ, აქედან შევუთვლი მათ ქებას, ვაჟკაცები არიან და თამამად ხუმრობენ. პოლიტიკური იუმორი უნდა იყოს ლაღი და არა ისეთი, რომელსაც დაგავალებენ. მაინტერესებს, რატომ მიიყვანეს სერიალში გიგი უგულავა და არა ვთქვათ, გუბაზ სანიკიძე, რომელიც გაცილებით ენამოსწრებულია. საბოლოო ჯამში, ამ ტელევიზიაში ვინც შედის, უნდა რცხვენოდეს.
- წინასაარჩევნო პერიოდზე რას გვეტყვი, ცენტრალურ ტელევიზიებში ისევ ძველებური ტენდენცია გაგრძელდება?
- მე თქვენ გეტყვით და, შერცხვებათ. ყოველ ორშაბათს ასეთივე წარმატებით ინგლისურზე მივდივარ ხოლმე (იცინის).
- მერიის კურსებზე ჩაეწერე...
- (იცინის) კაი, ინგლისურს კი ასწავლიან, მაგრამ მერე რას უპირებენ ამ ხალხს?! სრული სიაფანდობაა!..
- ალეკო, ტელესივრცეზე როცა ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით "მეორე არხს", სადაც მთელი დღე ოპოზიციონერთა ბრიფინგებს გადასცემენ.
- ეს არხი იმისთვის გაკეთდა, რომ პრეზიდენტი გაეროს სხდომაზე რომ გამოვა, ილაპარაკოს, აი, მე ხომ ვთქვი, რომ დემოკრატიის მეასე ტალღა გადაივლიდაო.
- რატომ, ხომ ეძლევათ საშუალება ოპოზიციის წევრებს, გამოვიდნენ ტელეეთერით და მიმართონ ხალხს?
- მე უფრო მეტად ის მაინტერესებს, საიდან ფინანსდება "რუსთავი 2" და ვინ არის მისი მფლობელი რეალურად. "იმედთანაც" იგივე კითხვა მაქვს, რადგან შეიხი ხომ გამოვიდა და თქვა, "რაკიინი" არა ისა, "რაკ და შჩუკა" აქვთ მანდ დაფუძნებულიო.
მე ვიცი, რომ "იმედის" ნახევარს მერია აფინანსებს. ხმამაღლა ვაცხადებ, მე, ალეკო ელისაშვილი, რომ "იმედს" აფინანსებს პუტინი და "რუსთავი 2"-ს მედვედევი თავიანთი პირადი ფონდებიდან. დამიმტკიცონ, რომ არ აფინანსებენ და რეალურად გვითხრან, ვინ არიან მფლობელები. არათანაბარი მდგომარეობაა, ოპოზიციონერებს გაუხსნეს "მეორე არხი" სალაპარაკოდ, მაგრამ დანარჩენი ტელეარხები, "პირველი არხის" ჩათვლით, რომლის დირექტორი წითელ შარფში გამოწყობილი იჯდა ინგა გრიგოლიასთან სტუდიაში და ტაშს უკრავდა მიხეილ სააკაშვილს, ხელისუფლების სამსახურში არიან. "კავკასია" მზადაა, გამოამზეუროს საკუთარი ფინანსები, თუკი სხვა ტელევიზიებიც გამოაქვეყნებენ თავისას. "კავკასიის" მფლობელები ვინც არიან, კარგად იცით, დავით აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი.
- თუ გაქვს ინფორმაცია, რამხელა ბიუჯეტები აქვთ "რუსთავი 2"-სა და "იმედს"?
- დაახლოებით 20-25 მილიონი თითოეულს. "რეალ-ტივიზე" საერთოდ არაფერი არ არის ცნობილი. მის მფლობელად გამოყვანილია ია პაიჭაძე, ბიზნესმენი, რომელიც შსს-ში მუშაობდა. რა ვიცით, რა ფულით ფინანსდება ეს ტელევიზიები?
- ინგა გრიგოლია ახსენე და ოლეგ პანფილოვი ამბობდა ამას წინათ, რომ ინგა არ არის კარგი ჟურნალისტიო...
- რა უფლებით ლაპარაკობს ვინმე პანფილოვი რომელიმე ქართველ ჟურნალისტზე. რომ გამოხტნენ, ვახო კომახიძე მოღალატეაო, ვახო რუსეთში კი არა, შვეიცარიაში წავიდა. ოლეგ პანფილოვი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ დაიწყო საქმიანობა, ვინ გამოდის? რა კატეგორიაში გადის ოლეგ პანფილოვი? რატომ ახარჯავენ მას და მისნაირ ჟურნალისტებს ამდენ ფულს? 50 ოჯახი გამოყარეს, კოდორელი ლტოლვილები თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან და რუს ჯარისკაცებს, რომლებიც იქაური არმიიდან გამოიქცნენ, ბინები ჩამოურიგეს.
ძალიან დიდი ბოდიში ოლეგ პანფილოვთან და ჭკუას ნუ გვარიგებს, წავიდეს და საკუთარ ქვეყანაში დაკავდეს ჟურნალისტიკით. ხომ საინტერესო ტენდენციაა? რუსი ჟურნალისტები აქეთ ჩამორბიან და ქართველი ოპოზიციონერები რუსეთში გარბიან. მე არც ერთი მომწონს და არც მეორე. ყველა თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის უნდა იბრძოდეს. მოსკოვში პოლიტიკური სწავლების სკოლაში ვისმენდი ლექციებს.
ხოდორკოვსკიმ წაგვიკითხა და საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვკითხე, ხომ ხვდებით, რომ მაინც დაგიჭერენ და ჩვენთან ჩამოდით-მეთქი. მიპასუხა, ძალიან მიყვარს თბილისი და მთელი ბავშვობა მანდ გამიტარებია, მაგრამ აქ ვიბრძვი იმ ღირებულებებისთვის, რაც მე მაქვს და მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვისო. ასეთ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, განსხვავებით ოლეგ პანფილოვისნაირებისგან.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























