"ფრონცკ", არამედ ისეთ მაღაზიებში, სადაც მუდამ ბევრი ხალხია, მგზავრობს ავტობუსით, სადაც ხანდახან ფულსაც კი არ იხდის...
ნუკიმ სპეციალურად ჩვენი ფოტოსესიისთვის თავისი ჩანთა ამოალაგა, სადაც უამრავი სუნამო, თმის მოვლის საშუალება, ფრჩხილების ლაქი და კიდევ ათასი წვრილმანი ეწყო, ამ პროცესის დროს არა მარტო ჩვენ, თავად ტელეწამყვანიც კი გაოცდა და თქვა, არ მეგონა, თუ ამდენი რამ ეტეოდა ჩემს ჩანთაშიო. მოკლედ, ნუკიმ თავი არ დაზოგა, ჩვენი რედაქცია მაქსიმალურად "დაიპყრო" და ფოტოსესიამაც ინტერვიუს მსგავსად მხიარულად ჩაიარა.
- იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი დრო არ მაქვს და ზოგადად ვიცი, რა მიხდება და რა არა, სარკის წინ დიდხანს არ ვტრიალებ (იღიმება), თუმცა როცა კარგად გამოვიყურები და კარგ განწყობაზე ვარ, რა თქმა უნდა, სარკესთან ტრიალი მიყვარს. საერთოდ, შინიდან გასასვლელად რომ მოვემზადო, საათ-ნახევარი მჭირდება, რომელშიც ჰიგიენურ პროცედურებთან ერთად შედის სამოსის არჩევა და მაკიაჟი.
- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?
- კი, აუცილებლად, ოღონდ არ მიყვარს გადატვირთული მაკიაჟი, მით უმეტეს, ჩემი ასაკის გოგონას რამე განსაკუთრებული არ სჭირდება, მსუბუქად ვიღებები, ამიტომ ჩემს ყოველდღიურ მაკიაჟში შედის ტუჩის "ბლესკი", ტუში და თვალის ფანქარი.
- ტელევიზიაში გიწევს მძიმე მაკიაჟის გაკეთება, ეს კანის პრობლემებს ხომ არ გიქმნის?
- საბედნიეროდ, ტელევიზიაში მაკიაჟისთვის კარგ მასალას იყენებენ, რაც თითქმის არ აზიანებს კანს, თუმცა მე მაქვს პრობლემური და ალერგიული კანი. ერთი თვის წინ გადატვირთულობის გამო კანზე პრობლემები მართლაც შემექმნა, თუმცა კოსმეტოლოგისთვის არ მიმიმართავს, ჩემით გავიწმინდე სახე, წავისვი კრემი და ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე მოვაგვარე ეს პრობლემა.
- როგორც მითხარი, თმა დაგრძელებული გაქვს...
- კი, მაგრამ არ "ვაბაზრებ" (იცინის), ამ სიგრძის თმა არასდროს მქონია, პირველად რომ დავიგრძელე და დავიბანე, მივხვდი, კარგა ხანს ვერ გავაშრობდი, გამიჩნდა სურვილი, თავი სარეცხის მანქანაში შუბლამდე შემეყო და თმა გარეცხილ-გამშრალიყო (იცინის). მიუხედავად ამ ყველაფრისა, გრძელ თმას მაინც მარტივად შევეჩვიე, საერთოდ, ცნობილი ფაქტია, რომ დაგრძელებული თმა უფრო რთული მოსავლელია, ვიდრე ბუნებრივი. არსებობს წვრილმანები, რომელიც უნდა შეასრულო და ეს საქმეს გაგიიოლებს. გარდა ამისა, ნიღბის გარეშე თმის დაბანა ცოტა არასწორად მიმაჩნია, რადგან თუ ნიღაბი ზეთოვანია, თმა ადვილად დაივარცხნება, არ დაგეწიწკნება და ამასთანავე მისი მცირე ფენა დარჩება თმაზე, რათა ფენის გამოყენების დროს ის დაიწვას და არა თმა, ანუ ნიღაბს დამცავი ფუნქცია აქვს.
- ნუკი, როგორ სტილში იცვამ?
- არასწორად მიმაჩნია ის კონცეფცია, როცა არსებობს რაღაც ერთი კონკრეტული სტილი, თუმცა გეტყვით, რომ მე და სპორტული სამოსი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. იმას, როგორსაც მე ვიცვამ, ალბათ უფრო შერეული სტილი ჰქვია. გარდა ამისა, მიყვარს ქალურობის წარმოჩენა ჩაცმულობაში.
- სატელევიზიო სამოსს თავად ირჩევ?
- ყველაფერს პროდიუსერთან ვათანხმებ, თუმცა ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა. მეტსაც გეტყვით, ისეთი რაღაცები ჩამიცვამს, რაც ცხოვრებაში არ მცმია, მაგრამ ეკრანზე კარგად გამოჩენილა. შეიძლება, უძვირფასესი სამოსი ეკრანზე უბრალოდ გამოჩნდეს და პირიქით.
- კაბა თუ შარვალი, რომელს უფრო ხშირად ხმარობ?
- ორივეს აბსოლუტურად ერთნაირად ვხმარობ. კაბას უფრო მუხლს ქვემოთ სიგრძისას ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ეს იდეალური ვარიანტია ყველა ქალისთვის. ხშირად მანდილოსნებს მუხლის პრობლემა აქვთ, ეს სიგრძე კი ფეხს ყოველთვის ლამაზად აჩენს.
- როგორ ზედებს ანიჭებ უპირატესობას?
- ხშირად, როცა დედასთან სამოსზე ვსაუბრობ და რჩევას ვეკითხები, რა ჩავიცვა, მეუბნება, შენთვის გამოსასვლელი სამოსი არ არსებობსო, რადგან ყოველდღე ისე ვარ ჩაცმული, უცბად ვიღაცამ რომ დამირეკოს და მაგარ წვეულებაზე დამპატიჟოს, ამისთვის მზად ვიყო. მსიამოვნებს, როცა ყოველდღე კარგად გამოვიყურები. რაც შეეხება ზედებს, გეტყვით, რომ ბავშვობიდან ვერ ვიტან "როლინგებს", ეს ალბათ იმის ბრალია, რომ კისერზე ხალები მაქვს და როლინგის ჩაცმის დროს უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება.
- ფეხსაცმელი ყოველთვის მაღალქუსლიანი გაცვია?
- კი, არა მარტო მაღალქუსლიანი, არამედ ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დავდივარ ყოველდღიურად და ეს პრობლემას არ მიქმნის.
- ქუდებსა და შარფებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ყველანაირს ვხმარობ, მიყვარს ბეწვის მოსაცმელები, ქუდებიც ნებისმიერი მომწონს და ვხმარობ, განსაკუთრებით მიზიდავს ბეწვის ქუდები, "უშანკები", სომბრეროები...
- აქვე აქსესუარებზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა...
- ეს საყურე წლიდან წლამდე მიკეთია და არ ვიხსნი, საერთოდ, მომწონს, ქალს რომ დიდი საყურეები უკეთია, მაგრამ მე ვერ ვიკეთებ. რაც შეეხება სამაჯურებს, ისინიც მიყვარს, მაგრამ აქსესუარების ამოჩემება ვიცი, მაგალითად, ეს ბეჭდები მუდმივად მიკეთია, სამწუხაროდ, ერთი, ჩემი საყვარელი პეპლის ფორმის ბეჭედი დავკარგე და საჯაროდ ვაცხადებ, რომ მპოვნელი დასაჩუქრდება, საერთოდ, პეპლები მიყვარს.
- სამოსის ამოჩემებაც იცი?
- კი, მაგალითად, მაქვს ჯინსი, სანამ არ ვიყიდე, ისტერიკა მჭირდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩაუცმელი დევს, სამაგიეროდ, მაცვია ის ჯინსი, რომელიც უკვე აღარაფერს ჰგავს. ეს იმის ბრალია, რომ მეზარება წინა დღეს მეორე დღის სამოსის არჩევა და მარტივად ვწყვეტ საქმეს - "ეს" ხომ მიხდება, მოდი, ისევ ამას ჩავიცვამ-მეთქი.
- შენს გარდერობში რომელი ფერი დომინირებს?
- იასამნისფერი, ვარდისფერი, ყავისფერი, რუხი, წითელი და ლურჯი.
- შოპინგზე რას იტყვი, გიყვარს ეს პროცესი?
- ძალიან, რა თქმა უნდა, საყიდლებზე სიარული დაქალთან ერთად მიყვარს, მაგრამ ხანდახან ნერვები მეშლება, რადგან არანორმალურად ბევრი სიარული ვიცი, შემიძლია, ერთ სამოსს კარგა ხანს ვუტრიალო, თან არა "ფრონცკ" მაღაზიებში, არამედ ისეთებში, სადაც ბევრი ხალხია და ყველაზე მაგარი არის ის, რაც ალბათ ქალის გენშია ჩადებული, უნდა გასწიო ყველა და მიხვიდე იმის იმედით, რომ იპოვი რაღაც განსაკუთრებულს (იცინის). მაღაზიებში მაშინაც დავდივარ, როცა ფული არ მაქვს, კარგ რამეს რომ ვნახავ, მერე მთელი კვირა იმის "მუღამი" მიმყვება.
- ყველაზე ძვირი რა არის შენს გარდერობში?
- (ფიქრობს) ჩანთა, რომელიც მაჩუქეს. მე რაც მომწონს, ყველაფერში დაუნანებლად ვიხდი ფულს, თუ მაქვს. როცა რაღაცას ვნახავ და ძვირია, ვიწყებ ფიქრს, არ ვიყიდო, თვის ბოლომდე ცუდ ხასიათზე ვიყო და ფული მქონდეს თუ ვიყიდო, კარგ ხასიათზე დავდგე და ფული არ მქონდეს, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი ჯობია და ასეც ვიქცევი, ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ოპტიმისტი ვარ.
- სამოსს სეზონურად ყიდულობ თუ შეგიძლია, ზამთარში მაისური შეიძინო და ზაფხულში პალტო?
- სამოსს მუდმივად ვყიდულობ. არ დავდივარ ტაქსით, ავტობუსით ვმგზავრობ და ამით ფულს ვზოგავ, ხანდახან მგზავრობის საფასურსაც არ ვიხდი, რადგან ხურდა არ მაქვს (იღიმება), თან დანაზოგს ვაკეთებ და ვიძენ, რაც მომწონს.
- ნუკი, შოპინგი ამით ამოვწუროთ, ის გაგვიმხილე, წონის პრობლემა თუ გაქვს?
- კი, მაქვს, ჭარბწონიანი ვარ.
- და როგორ ებრძვი ამას?
- არ ვებრძვი, დიეტაზე არ ვარ, თუმცა ბევრსაც არ ვჭამ, როგორც ბებიაჩემი ამბობს, მე მოზარდი ვარ და ჩემთვის დიეტა არ შეიძლება (იღიმება). ვფიქრობ, წონასთან საბრძოლველად ვარჯიში და ჯანმრთელი კვებაა საჭირო.
- დაბოლოს, რა რჩევას მისცემ ჩვენს მკითხველს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს?
- იცინონ ბევრი. საერთოდ, ცხოვრებაში ყოველთვის დადებითი უნდა დაინახო, რაც უფრო პოზიტიურად მიუდგები ცხოვრებას, მით უფრო ბედნიერი იქნები და რაც უფრო ბედნიერი იქნები, მით უფრო კარგად გამოიყურები. არანაირი კოსმეტიკური ჩარევა, შოპინგი და ძვირად ღირებული პარფიუმერია არ გიშველის ისე, როგორც საკუთარი განწყობა, ადამიანი უნდა იყო ყოველთვის კარგ განწყობაზე და ყველანაირ პრობლემას უნდა შეეჭიდო პოზიტიურად.
ციცი ომანიძე
ჟურნალი -რეიტინგი-
(გამოდის ორშაბათობით)

























