თბილისის მერის არჩევნებამდე სამი თვით ადრე საქართველოს ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იმ საერთო კანდიდატის შერჩევას იმედოვნებენ, ვინც მოქმედ მერს გიგი უგულავას დაუპირისპირდება, კრახის ზღვარზე აღმოჩდნენ
23-25 თებერვლის ინტენსიური კონსულტაციების შედეგად ორ საკვანძო საკითხზე ვერ მოხერხდა უთანხმოების დაძლევა: როგორ უნდა შეირჩეს ერთიანი კანდიდატი და უნდა ჩაერთოს თუ არა პარტია ”სამართლიანი საქართველოსთვის” კონსულტაციის პროცესში. ამ პარტიის ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელია.
ეს ის ორი საკითხია, რომელიც ”ალიანსი საქართველოსთვის” დაშლით ემუქრება. ამ გაერთიანებაში სამი პარტია შედის: ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”, რომელსაც გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს, ”ახალი მემარჯვენეები” დავით გამყრელიძის ხელმძღვანელობით და ”რესპუბლიკური პარტია”, რომლის თავმჯდომარეც დავით უსუფაშვილია. თავდაპირველად ალიანსმა, შარშან სექტემბერში, მერის პოსტზე მხარი ირაკლი ალასანიას დაუჭირა.
მაგრამ 17 თებერვალს, გამყრელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ეს ვალდებულება უსუფაშვილმა განმარტა. მან განაცხადა, რომ – ”თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ არსებობს უკეთესი ვარიანტი… ჩვენ მზად ვართ მოსასმენად”. მან დასძინა, რომ – ”ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი კონსულტაციებში იმ პირობით ჩავერთოთ, რომ ალასანია შეიძლება ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი იყოს”.
ამ ორი პარტიის ლიდერმა მხარი დაუჭირა ერთიან კანდიდატზე კონსულტაციების გამართვას ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან გარდა ნოღაიდელის პარტიისა. საქართველოს ხელისუფლებამ ნოღაიდელის კრიტიკის კოორდინირებული კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც ის მოსკოვში ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით რუსეთის წამყვან ლიდერებთან შეხვედრისთვის გაემგზავრა.
კახა კუკავამ, ”კონსერვატიული პარტი”-ის თანათავმჯდომარემ, რომელიც ”ხალხის პარტია”-სთან და ”სამართლიანი საქართველოსთვის” პარტიასთან ერთად ამერიკული სტილის ”პრაიმერის” ჩატარების მომხრეა, ეს წინადადება უარყო და განცხადებას ”სამწუხარო” უწოდა. მისი მტკიცებით – ”ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ფორმულას ”მინუს ერთი”, მაგრამ ეს ”ერთი” უნდა იყოს (პრეზიდენტ მიხეილ) სააკაშვილის მმართველი პარტია”.
თავის მხრივ ალასანიამ 18 თებერვლის გამოსვლით არ გაამჟღავნა ის, რომ ”ალიანსი საქართველოსთვის” შიდა სხვაობების გამო დაშლის პირას იყო. მისი თქმით, იდეოლოგიური და საგარეო-პოლიტიკური წინააღმდეგობები ალიანსს და ნოღაიდელის პარტიას შორის ”იმდენად დიდია”, რომ ”სამართლიან საქართველოსთან” რაიმენაირ პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი ზედმეტია.
თუმცა, ოთხი დღით გვიან, 22 თებერვალს ალასანიამ განაცხადა, რომ კონსესუსის მიღწევისთვის მისი პარტია ”რესპუბლიკელები”-ს და ”ახალი მემარჯვენეებისგან” დამოუკიდებლად იმოქმედებდა. მან დასძინა, რომ ის მისი პარტიის ”ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დემოკრატების” მერობის კანდიდატია და არა დანარჩენი ორი პარტიის.
მეორე დღეს, ალასანიამ კახა კუკავას ”კონსერვატიულ პარტია”-სთან და სახალხო მოძრაობა ”დაიცავი საქართველოსთან!”, რომელიც შარშან ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ დააარსა, ინტენსიური კონსულტაციები დაიწყო. რამდენიმე ოპოზიციური პარტია გაჩეჩილაძეს 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთობლივად უჭერდა მხარს, რომელშიც ოფიციალური მონაცემების თანახმად ამომრჩეველთა ხმების 25%-ით სააკაშვილის შემდეგ პირველი კანდიდატი იყო. მას თბილისის მერობის პოსტზეც პოტენციურ კანდიდატად განიხილავდნენ, მაგრამ საჯაროდ არ უთქვამს აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.
24 თებერვალს ალასანია, ნოღაიდელი, გაჩეჩილაძე და კუკავა მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის საკითხზე ერთად პრო-ოპოზიციურ ჯგუფებს შეხვდნენ. ნოღაიდელმა განმარტა, რომ ”ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმი – იქნება ეს პრაიმერი, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ან შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის თუ ყველა ამ ელემენტის კომბინაცია – შეთანხმდება კონსულტაციების პროცესში, რომელსაც ვიწყებთ”.
ალასანიამ ხელახლა დაიცვა ნოღაიდელის ამ კონსულტაციებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ”როგორ მივაღწევთ ჩვენ გამარჯვებას თუკი ამ პროცესისგან ვინმეს იზოლაციას მოვახდენთ?”, იკითხა მან რიტორიკულად. ”მარტივი არ არის ერთობისკენ სვლა, მაგრამ პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ იმის პასუხისმგებლობა, რომ მოლაპარაკებების და თანხმობის გზით ერთობას მიაღწიონ, რაც ხელისუფლების დამარცხების საშუალებას მოგვცემს”.
მაგრამ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ სასწრაფოდ უარყო ეს არგუმენტი. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარტია ”საქართველოს გზი”-ს ხელმძღვანელია, 25 თებერვალს განაცხადა რომ – ”ჩვენ ამ პროვოკაციას ძალიან მარტივად და ძალიან მშვიდად უნდა გავუმკლავდეთ, ჩვენ ნოღაიდელს უნდა გავემიჯნოთ… ნოღაიდელის გამოჩენამ პოლიტიკურ არენაზე ოპოზიცია დაშალა და მისი დისკრედიტაცია მოახდინა”.
ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ, რომელმაც შარშან გამოაცხადა რომ ის ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებზე არ წამოაყენებდა კანდიდატურას, ანალოგიურად გამორიცხა ნოღაიდელის მონაწილეობით თანამშრომლობა ნებისმიერ დიდ ოპოზიციურ ერთობასთან.
იმავდროულად, იმისთვის რომ დღევანდელი მერი უგულავა ხელახლა იყოს არჩეული, არანაირი ძალისხმევის დაზოგვა არ ხდება. საარჩევნო კანონში შემოდგომაზე შეტანილი ცვლილების თანახმად, გამარჯვებისთვის მას ხმების მხოლოდ 30%-ზე მეტის მოპოვება სჭირდება. მისი მომხრები ახლა აფუძნებენ არასამთავრობო ორგანიზაციას სახელწოდებით ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას” და თბილისის მუნიციპალური მთავრობა მოქალაქეებს წყლის და ელექტროენერგიის ვალებს უუქმებს.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეეცდება თუ არა სააკაშვილი არჩევნების ვადის გადმოტანით ოპოზიციისთვის პრობლემების შექმნას, როგორც ეს მან 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში გააკეთა.
ForeignPress
11:26 / 01-03-2010
ახალი უთანხმოება ქართულ ოპოზიციაში

























