ბრიტანული ტელე-რადიო სამაუწყებლო კორპორაცია BBC, ორ რადიოსადგურს დახურავს და საკუთარი ინტერნეტპორტალის გვერდების რაოდენობას გაანახევრებს - წერს გაზეთი ”The Times”.
გამომცემლობას ხელში ჩაუვარდა BBC-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის გამოქვეყნებასაც კორპორაციის ხელმძღვანელობა მარტში აპირებს.
როგორც ცნობილია, BBC დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სატელევიზიო ლიცენზიის გადასახადებიდან ფინანსდება. აღნიშნული ზომების მიღება BBC-მ იმ ტელეარხებისა და რადიოსადგურების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის გამო მიიღო, რომლებსაც მსგავსი შემოსავლების წყარო არ გააჩნიათ.
”The Times”-ის მონაცემებით, BBC აპირებს ასევე შეამციროს უცხოური პროგრამების, ძირითადად მაღალრეიტინგული ამერიკული სერიალების შესყიდვა.
ახალგაზრდა აუდიტორიაზე ორიენტირებული გადაცემების შემცირებით, კორპორაცია ნაწილობრივ საპროგრამო პოლიტიკასაც შეცვლის. როგორც ”The Times” აღნიშნავს, BBC-ს პროგრამებში ცვლილებების შეტანამ, "ITV"-სა და "Channel 4"-ის აუდიტორია უნდა გაზარდოს, რომლებიც გათვლას სერიალებსა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ გადაცემებზე გააკეთებენ.
კორპორაცია ბიუჯეტისა და საშტატო ერთეულის 25%-ით შემცირებასაც გეგმავს. BBC-ს ვებგვერდზე სხვა ბრიტანული საინფორმაციო საშუალებებით გადაცემული მასალების ბმულები გაჩნდება, რომლის მეშვეობითაც მათ ახალი მკითხველი შეემატება.
BBC მის საკუთრებაში მყოფ ორ ციფრულ რადიოსადგურს - ”6 Music”-სა და ”Asian Network” - დახურავს. ”The Times”-ის მონაცემებით, ამ ნაბიჯმა 30-50 წლის ასაკის მსმენელზე გათვლილ კომერციულ მუსიკალურ რადიოსადგურებს უნდა გაუწიოს დახმარება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
13:23 / 26-02-2010
BBC მაუწყებლობას ამცირებს

























