წინასაარჩევნოდ ტელევიზიები ახალი გადაცემებისთვის ემზადებიან. მარტიდან როგორც ნაციონალურ არხებზე, ასევე "მაესტროსა" და "კავკასიაზე" ახალი პოლიტიკური თოქ-შოუები გამოჩნდება, რომელიც არჩევნების თემატიკას მიეძღვნება. "რუსთავი-2"-ის ეთერში კი ახალი თოქ-შოუ "არჩევანი" გავა, რომელსაც ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი წაიყვანს, თუმცა, როგორც "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირმა ნადირაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, ეს გადაცემა არ არის სპეციალურად არჩევნებისთვის მომზადებული, რადგან გადაცემა არჩევნების შემდეგაც გავა ეთერში.
მარტიდან ახალი პოლიტიკური, წინასაარჩევნო თოქ-შოუ გავა საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, რომელსაც ჟურნალისტი ნათია სორდია წაიყვანს. ასევე მარტიდან სპეციალურად არჩევნებისთვის გადაცემა მომზადდება "იმედზეც" თუმცა, ამჟამად გადაცემის ფორმატი და წამყვანი დაზუსტებული არ არის.
წინასაარჩევნო გადაცემების სამზადისი აქვთ "მაესტროსა" და "კავკასიასც" თუმცა, დეტალები არც მათ აქვთ ჯერ დაზუსტებული და სამუშაო რეჟიმში იმყოფებიან.
" ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიციის" ნაცვლად ამიერიდან ეთერში იქნება გადაცემა "არჩევანი" ზაალ უდუმაშვილთან ერთად. შესაძლოა, ახალი გადაცემა 10 საათის ნაცვლად 11 საათზე გავიდეს ეთერში. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ გადაცემის სახელი "არჩევანი" არავითარ კავშირში არ არის თვითმმართველობის არჩევნებთან, ეს გადაცემა არჩევნებამდეც გავა ეთერში და არჩევნების შემდეგაც.
ნადირაშვილს ინფორმაცია არ აქვს, გავა თუ არა "რუსთავი-2"-ზე სხვა პოლიტიკური თოქ-შოუც, სპეციალურად არჩევნებისთვის.
პირველი არხის გენდირექტორი გია ჭანტურია აცხადებს, რომ გარდა სპეციალური გადაცემის მომზადებისა, რომელზეც ამჟამად მუშაობენ, უკვე არსებული პოლიტიკური თოქ-შოუებიც მთლიანად საარჩევნო რეჟიმზე გადაერთვებიან.
"ყველა თოქ-შოუ, რომელიც უკვე გვაქვს და საინფორმაციო გამოშვებაც საარჩევნო რეჟიმში გადავა. ამას გარდა, ქალბატონი ნათია სორდია დაგვიბრუნდა და ის მოამზადებს მარტიდან სპეციალურად საარჩევნო გადაცემას. ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, რადგან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციას ზედმიწევნით ვასრულებთ. სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ ნათია სორდიასთან ერთად პოლიტიკურ თოქ-შოუს, რომელიც არჩევნებზე იქნება ორიენტირებული. ამას გარდა, ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძეც გადაერთვებოიან საარჩევნო რეჟიმში, ისინიც ამ თემატიკას გააშუქებენ აქტიურად", - განუცხადა "რეზონანსს" გია ჭანტურიამ.
რაც შეეხება საარჩევნო გადაცემას, რომელსაც ნათია სორდია წაიყვანს, ჭანტურიას თქმით, ამ გადაცემის ფორმატი ჯერ მოფიქრების პროცესშია. შესაბამისად, ის ვერ აკონკრეტებს, რა ფორმატით გავა გადაცემა ეთერში ან რა სახელწოდებით.
"ჩვენ ახლა "ბი-ბი-სის" ექსპერტებთან გვაქვს ტრენინგები და მათთან ერთად კიდევ უფრო დავხვეწავთ ამ გადაცემის ფორმატს", - დასძენს ჭანტურია.
ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთი მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ აქვთ, რა კონკრეტული ცვლილებები იქნება "კავკასიაზე" წინასაარჩევნოდ, თუმცა, დასძენს, რომ მინიმუმ უკვე არსებული თოქ-შოუ "ბარიერი" მაინც გავა ეთერში არჩევნებისთვის უფრო მეტი ინტენსივობით.
"დავამატებთ რაღაცეებს, თუმცა, ჯერ ზუსტად არ გვაქვს გადაწყვეტილი, რას გავაკეთებთ და როგორ. შესაძლოა, არსებული თოქ-შოუები გავიდეს უფრო მეტი ინტენსივობით. ვგეგმავთ, რომ წინასაარჩევნო რეჟიმში ვიმუშაოთ, არჩევნებამდე 40 დღით ადრე, თუმცა, ჩვენ უკვე ვართ გარკვეულწილად საარჩევნო რეჟიმში და ვაშუქებთ ყველაფერს. სავარაუდოდ, მარტიდან უფრო მეტი დებატები იქნება და უფრო აქტიური გადაცემები", - განუცხადა "რეზონანსს" ნინო ჯანგირაშვილმა.
ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი ეროსი კიწმარიშვილი არ აკონკრეტებს, რა გადაცემები გავა საარჩევნოდ "მაესტროზე", მაგრამ აცხადებს, რომ ეთერში იქნება ყველა ის გადაცემა, რასაც არჩევნების გაშუქება მოითხოვს.
"ყველაფერი, რაც არჩევნების პერიოდში იქნება, ეთერში იქნება საინტერესო. სპეციალური გადაცემების რა მოგახსენოთ, მაგრამ გვექნება ყველაფერი ის, რასაც არჩევნების გაშუქება მოითხოვს და რაც არჩევნების სპეციფიკას ახასიათებს. ამ ეტაპზე მთლიანად რეორგანიზაციის პროცესში ვართ და არჩევნებისთვის მთლიანად განახლებული პროგრამით წარვდგებით მაყურებლის წინაშე", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.
მარტიდან ახალი თოქ-შოუ გამოჩნდება "იმედზეც" თუმცა, დღე, საათი და წამყვანის ვინაობა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
"ჩვენც ვემზადებით წინაასაარჩევნო გადაცემისთვის, კონკრეტულ დეტალებზე სწორედ ახლა მიმდინარეობს მუშაობა. გავაკეთებთ სპეციალურ პოლიტიკურ თოქ-შოუს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გაიმართოს შეხვედრები და დებატები, რათა მაყურებელს უკეთ ინფორმირების შესაძლებლობა მიეცეს. ამ გადაცემას ექნება ცაკლე სპეციალური სახელი, წამყვანი, მაგრამ ვინ იქნება წამყვანი და რა სახელწოდება ექნება, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ გვაქვს. არც ის არის გადაწყვეტილი, რომელ საათზე გავა გადაცემა ეთერში, მაგრამ ეს იქნება სრულფასოვანი გადაცემა უშუალოდ არჩევნებისთვის მიძღვნილი, სავარაუდოდ, თოქ-შოუ მარტიდან უკვე იქნება ეთერში", - განუცხადა "რეზონანსს" "იმედის" მმართველმა გიორგი არველაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო გადაცემის გარდა არჩევნების შემდეგ "იმედზე" კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ გამოჩნდება, თუმცა, ამ შემთხვევაში არველაძე გადაცემის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
"ამას გარდა, ჩვენ ვმუშაობთ ცალკე პოლიტიკურ "თოქ-შოუზე", რომელიც არჩევნების მერე გავა ეთერში, მაგრამ მანამდე იქნება საარჩევნო გადაცემა", - დასძენს არველაძე.
ლანა ბერიძე
გაზეთი ”რეზონანსი”
10:36 / 26-02-2010
როგორ ემზადება მედია არჩევნებისთვის

























