თუმცა ამ სერიალის გადაღება შუა გზაზე შეწყვიტეს და ის მცირერიცხოვანი მაყურებელი, რომელიც ქართულმა ტელეპროდუქციამ ეკრანებთან მიაჯაჭვა, პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. ქართველი მაყურებელი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დარჩა გაოცებული ჩვენს სატელევიზიო სივრცეში განვითარებული მოვლენებით. თავიდანვე აშკარა იყო, რომ რევოლუციურ ტალღაზე მოსულ ხელისუფლებას კარგად ესმოდა თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობა და ფასი, თუმცა ამასთანავე, მისგან განსაკუთრებულ საფრთხესაც გრძნობდა და ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა სატელევიზიო არხები თუ პოლიტიკური ტოკშოუები.
ამ პროცესების ყველაზე ტრაგიკული მოვლენა 2007 წლის 7 ნოემბერი იყო, როდესაც სპეცრაზმმა დამოუკიდებელი ტელევიზია შტურმით აიღო, შედეგი კი ქართულ მედიასივრცეში, განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში შექმნილი ვითარებაა. შევარდნაძის ხელისუფლების ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ საინფორმაციო სივრცე სახელისუფლებო გავლენისგან იმხანად უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე დღეს არის.
"მართალია, საქართველოში 2009 წელს არ ყოფილა ჟურნალისტების დაკავებისა და მკვლელობის შემთხვევები, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა საინფორმაციო საშუალებებით მანიპულირებას, ეს განსაკუთრებით ეხება სატელევიზიო მაუწყებლობას. სექტემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ლაპარაკობდა რა ქართულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში არსებულ პლურალიზმზე, არგუმენტად მოიყვანა ის, რომ საქართველოში "27 სატელევიზიო სადგური" ფუნქციონირებს.
თუმცა დაავიწყდა ეთქვა, რომ მათი უმრავლესობა მცირერიცხოვანი მაყურებლისთვის მაუწყებლობს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და მისი მომხრეები კარგა ხანია ცდილობენ, გააკონტროლონ საინფორმაციო საშუალებები". - ეს არის ამონარიდი დასკვნიდან, რომელიც ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა ახლახან გამოაქვეყნა და სადაც ლაპარაკია 2009 წელს მედიაზე ზეწოლის შემთხვევებზე მსოფლიოს მასშტაბით. ამ დასკვნას უსწრებდა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" მიერ ქართული მედიასივრცის შესახებ საკმაოდ კრიტიკული შეფასებები.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მედიის კონტროლით ქვეყანაში სტაბილურობის სურათის შექმნას ცდილობს, რასაც ბოლო ხანს ფართომასშტაბიანი აგიტაცია-პროპაგანდა დაემატა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი: "იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო განვითარების დონე ისეთ სიმაღლეზეა, ამ ყველაფერს დიდხანს არ მოითმენს და გამონახავს მექანიზმს, რითაც ხელისუფლებას აიძულებს, უარი თქვას ქვეყნის პიარტექნოლოგიებით მართვასა და მედიის კონტროლზე."
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში ვიზიტისას განაცხადა: "საქართველოში რამდენიმე სატელევიზიო არხია, რომელიც მტრულად არის განწყობილი, მაგრამ მათ სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია აქვთ და უპრობლემოდ მაუწყებლობენ." ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ხელისუფლება კრიტიკულ აზრს მტრობად აღიქვამს და არათუ გაზიარება, მოსმენაც კი უჭირს. შესაბამისად, ამით აიხსნება ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენი ხელისუფლება მედიის მიმართ ამჟღავნებს. გვესაუბრება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური:
- ბატონო ნუგზარ, თქვენც იზიარებთ პრეზიდენტ სააკაშვილის აზრს?
- როდესაც თავდაპირველად ამ საკითხზე დამისვეს კითხვა, მაშინვე დავინტერესდი, რა კონტექსტით თქვა ეს მიხეილ სააკაშვილმა. მოვისმინე ჩანაწერი, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ რიგი საინფორმაციო საშუალება მტრულად არის განწყობილი არა ქვეყნის, არამედ ხელისუფლებისა და მთავრობის მიმართ. მიმაჩნია, რომ ამ განცხადებაში არის სიმართლის მარცვალი, ზოგჯერ ამოიჩემებენ ხან ვიღაცის შარვალს, ხან ვიღაცის დასვენების ამბავს და გაუთავებლად ლაპარაკობენ ამაზე.
- მაინც რომელ მედიასაშუალებებს გულისხმობდა პრეზიდენტი?
- არ ვიცი, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, სად შუქდება პროცესები ობიექტურად და სად - არა. თუმცა დასკვნას საზოგადოება თვითონ გააკეთებს.
- გამოდის, რომ ხელისუფლება კრიტიკულ აზრს მტრულად აღიქვამს...
- არა, ეს საიდან მოიტანეთ. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ყველაზე კრიტიკული აზრიც კი, მაგრამ, ამასთანავე, გვაქვს უფლება, ჩვენი შეფასებებიც გავაკეთოთ. ვიმეორებ - ზოგიერთი ჟურნალისტის აკვიატება კრიტიკული მოსაზრებებით კი არ არის განპირობებული, არამედ პირადი დაინტერესებითა და ზოგჯერ მერკანტილური ინტერესებითაც კი.
- იმას, რომ ხელისუფლება მედიაზე ზემოქმედებას ცდილობს, აღიარებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. ცოტა ხნის წინ თავისი დასკვნა გამოაქვეყნა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა...
- ეს დასკვნა არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველოში მასმედიის განვითარებისა და თავისუფლების დონე მაღალია. ბუნებრივია, პრობლემები არსებობს და ამას არავინ უარყოფს, ამ მხრივ ჩვენ კარგა ხანს ვერ შევედრებით განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებს. მთავარია, რომ საქართველოში ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს, ჰქონდეს აზრის გამოთქმისა და საზოგადოებამდე მიტანის საშუალება. ამის დასტურია საქართველოში "მაესტროსა" და "კავკასიის" მოღვაწეობა, ასევე რამდენიმე დღეში პოლიტიკურ მაუწყებლობას დაიწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომლის მუშაობაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
მოკლედ, ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ ვერწმუნებით, ქართულ მასმედიაში "ჟამი ყვავილობისა" დგას. ის, რომ ხელისუფლებაში და საზოგადოებაშიც ბევრი პრობლემაა და ქვეყნის განვითარების დონე ჯერჯერობით შორს არის იდეალურისგან, ფაქტია, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტები ვერ განვითარდება, თუ არ შეიქმნა გარკვეული პირობები და თუ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს (ვინც უნდა იყოს) ყოველთვის ექნებათ მედიის კონტროლის სურვილი და ბერკეტები. მათ კი, ვინც კრიტიკულ აზრს მტრულად აღიქვამენ, შევახსენებთ, ნათქვამია - მოყვარეს პირში უძრახეო...
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























