21 მაისი 2012 ორშაბათი - 18:48
ვალუტის კურსი
21/05/2012
USD
1
USD
1.6219
EUR
1
EUR
2.0582
RUB
100
RUB
5.1666
გამოკითხვა
კალენდარი
  
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:17 / 25-02-2010
"მიმაჩნია, რომ ყველა ეტაპზე გამიმართლა"
ჟურნალისტმა ნანა ინწკირველმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "რუსთავი 2"-დან თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლა. იქ ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მუშაობა თავდაცვის სამ მინისტრთან მოუხდა... ნანას საუკეთესო პიარის სპეციალისტის ტიტულიც კი მიანიჭეს. თუმცა ეკრანი და ტელეკამერა მაინც ენატრებოდა და ამ ნოსტალგიას ფოტოაპარატით ივსებდა. მის არქივში ბევრი საინტერესო ფოტოა.

ემოციურად დატვირთული კი აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფოტომასალაა... მოგვიანებით ნანა ისევ ტელევიზიაში დაბრუნდა და უკვე ერთი წელია, რაც "იმედის" საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს... ნანამ წარმატებას დაუღალავი შრომით მიაღწია. ამბობს, რომ კარიერის მიღწევაში ოჯახიც დაეხმარა... 18 წლის ასაკში გათხოვდა. ის 3 შვილის ბედნიერი დედაა. ნანამ და მისმა მეუღლემ - რომან ბაბილოძემ ჯვრისწერა საკუთარ ვერცხლის ქორწილს დაამთხვიეს და გასულ წელს, მამა დავითის ტაძარში სიყვარული ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეჰფიცეს...


- ნანა, ჟურნალისტობა რატომ აირჩიეთ?
- ბავშვობაში პოლიციელობა მინდოდა. მაშინ გურიის პოლიციაში ერთი ქალი მუშაობდა, მისი ფორმაში დანახვა, ჩემთვის დღესასწაული იყო, თვალები მიბრწყინავდა. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ ჟურნალისტობა ჩემს ხასიათთან უფრო ახლოს იყო, რადგანაც ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს.

ჩემს მშობლებს კი უნდოდათ, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა და სახელოვანი ექიმი ვყოფილიყავი. მაგრამ ექიმობაზე კატეგორიული უარი ვთქვი, ამიტომ პირველ წელს რაიონიდან თბილისში ჩასაბარებლად რომ ჩამოვედი, პროტესტის ნიშნად, არც გამომყვნენ. დღეს კი დედა აღიარებს, რომ ჩემი არჩევანი სწორი იყო და შვილი პროფესიის არჩევაში არ უნდა შეზღუდო. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მაშინ "იბერვიზიის" ფილიალი - გურიის ტელევიზია გაიხსნა.

ეს ის წლები იყო, როცა ჩვენში ძმათამკვლელი ომი გაჩაღდა... ასე რომ, ჟურნალისტობის დაწყებამ საინტერესო პერიოდში მომიწია. შემდეგ "ინტერნიუსმა" კონკურსი რეგიონულ კორესპონდენტზე გამოაცხადა (პროგრამა "კვირა" მზადდებოდა). გურიის რეგიონში ყურადღება ჩემზე შეაჩერეს. შემოთავაზება რადიო "თავისუფლებიდანაც" მივიღე, მოგვიანებით კი - "რუსთავი 2"-დან, თუმცა გურიის ბიუროში 4 წელი ვიმუშავე. 1998 წელს თბილისში ჩამოვედი და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ჟურნალისტად განვაგრძე მუშაობა.

- ყოველთვის ცხელ წერტილში გიწევდათ ყოფნა და ფათერაკიც ალბათ ბევრჯერ გქონიათ. ამას როგორ ეგუებოდა ოჯახი?
- ეს ჩემი პროფესია იყო და ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა და უნდა მეკეთებინა. ოჯახისგან წინააღმდეგობა არასდროს მქონია, პირიქით, მხარდაჭერა და ხელშეწყობა მქონდა.

- რატომ არჩიეთ ექსტრემალურ თემებზე მუშაობა?
- რაც აქტუალური იყო, იმ თემებზე ვმუშაობდი, ეს ეხებოდა კრიმინალს, სამხედრო თემატიკას. როცა მუშაობა დავიწყე, საქართველოში რთული კრიმინოგენური სიტუაცია იყო.

- ქალისთვის ეს რთული არ იყო?
- როგორც ამბობენ, ჟურნალისტს სქესი არა აქვს. ამ კუთხით, როგორც ქალს, არანაირი შემსუბუქება არ მქონია. სირთულე ყველა საქმეს ახლავს, მაგრამ რასაც ვაკეთებდი, იმდენად მომწონდა, სირთულეს არაფრად ვაგდებდი, არასდროს მიფიქრია, რომ არ გამომივიდოდა.

- იქნებ გაიხსენოთ ის სიუჟეტები, რომლებმაც პოპულარობა მოგიტანათ?
- ჟურნალისტს უნდა გახსოვდეს ის სიუჟეტები, რომლებმაც პოპულარობა მოგიტანა და რომლებმაც დაგიმკვიდრა სახელი. როცა სიუჟეტებს ვიხსენებ, თვალწინ მიდგას ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი - საქმე ოჯახურ ძალადობას ეხებოდა და მიმაჩნია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმა იქ დავარღვიე. დღემდე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ინფორმაცია, რომელიც ეთერში გავუშვი, სწორი და ბოლომდე შესწავლილი იყო...

- დრო არ გეყოთ საქმის საფუძვლიანად შესასწავლად?
- თემაზე ვმუშაობდი, სამი სიუჟეტი მივუძღვენი, მაგრამ დღემდე მაინც უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. შვილი და ბებია მამას შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. თემა საინტერესო და ამაზრზენი იყო, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც საზოგადოებას მივაწოდე, ვფიქრობ, ბოლომდე მართალი არ ვიყავი. ყველა მხარე კი ჩავწერე, მაგრამ ვფიქრობ, შემეძლო მეტი გამეკეთებინა. მაშინ ღიად ვაჩვენეთ ბავშვის სახე, ესეც დარღვევა იყო... სიუჟეტი, რომელმაც პოპულარობა მომიტანა, ექსკლუზივი გახლდათ, რომელიც აკაკი ელიავას ამბოხს და გუბისწყალზე მოვლენებს ეხებოდა.

- მახსოვს, მართლაც ექსკლუზიური კადრები გქონდათ (თუნდაც ელიავას ლიკვიდაცია), სწორედ თქვენი მასალების წყალობით კი, საბოლოოდ აკაკი ელიავას რეაბილიტაცია მოხდა; იქნებ გაიხსენოთ, როგორ აღმოჩნდით ელიავასთან?

- მე და ჩემმა ოპერატორმა 12 კილომეტრი ფეხით ვირბინეთ. ნამდვილად გამიმართლა, იქ არც ერთ გადამღებ ჯგუფს არ უშვებდნენ. კონკრეტულ ადგილას, სადაც დაბანაკებულნი იყვნენ ამბოხებულები, აკონტროლებდნენ. ვუთხარი: როგორ არ მიშვებთ, აკაკი მიბარებს, კარგად ვიცნობ და მასთან უნდა მივიდე-მეთქი.

მაშინ სახეზე ვერ მცნობდნენ, მიიჩნიეს, რომ შეიძლებოდა, რეგიონულ ჟურნალისტს ურთიერთობა მასთან მართლა მქონოდა. ვიღაც კაცთან მიმიყვანეს, რომელიც  გამორჩეული ჩაცმულობით დამამახსოვრდა: შავი ფორმა, თავზე ბენდენა, ზემოთ ბერეტი, ბერეტზე რაღაც სპეციალური ნიშანი. მკითხა: ვინ დაგიბარათო? კაკომ დამიბარა და მითხრა - ამ სიტუაციაში ჩემ გვერდით უნდა იყო, რომ ხალხს მართალი ინფორმაცია მივაწოდოთ-მეთქი. ტანკზე ჯდომა შეგიძლიაო? - კი-მეთქი, - ვუპასუხე.

გაირკვა, რომ აკაკი ელიავას წინ ვიდექი; მას ველაპარაკებოდი, მაგრამ არ ვიცნობდი. ამ ფაქტზე მათ ბევრი იხალისეს. ისე უტიფრად ვიტყუებოდი, ეს მართლა იტყვის სიმართლესო და წამიყვანეს. ასე აღმოვჩნდი მის გვერდით ერთადერთი ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად.

- ელიავას და მისი თანამებრძოლების ლიკვიდაციის თვითმხილველი ხართ, როგორ ფიქრობთ, მაშინ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა?
- აკაკი ელიავას განადგურების ის ფორმა, მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო და გადაჭარბებულიც. ძალის გადამეტებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. სასამართლო პროცესზე ერთადერთი მოწმე ჩვენი გადამღები ჯგუფი იყო, ჩვენი მასალებით კი აკაკი ელიავას და მისი თანამებრძოლების რეაბილიტაცია მოხდა...

- იმ პერიოდში არანაკლებ სახიფათო იყო პანკისის ხეობა, საიდანაც ინფორმაციის გამოტანას უპრობლემოდ ახერხებდით, გაიხსენეთ რომელიმე საინტერესო ეპიზოდი.
- პანკისის ცნობილი მოვლენების დროს მე და ჩემმა ოპერატორმა, გიორგი შეწირულმა პანკისში გადასვლა მდინარით მოვახერხეთ. იქ ჩეჩენ მებრძოლებთან საერთო ენის გამონახვაც შევძელით. ყველაფერს შინაგანი ჯარი აკონტროლებდა, ამის მიუხედავად, ჩეჩნებმა ჩუმად გადაგვიყვანეს და პანკისის ხეობაში, ხალაწანში, აღმოვჩნდით. ჰიდროელექტროსადგურ ხადორჰესზე მაშინ დივერსიის მცდელობა რამდენჯერმე იყო, დივერსიის ადგილის გაშუქება და პატარა გამოძიების ჩატარება გვინდოდა.

ბუნებრივია, ჩეჩნებს ფულს ვუხდიდით და პატრულირებას გვიწევდნენ. გილაევის რაზმის წევრთა ბანაკში თითქმის ორი კვირა დავყავით, სადაც ორ შვილთან და ქმართან ერთად, მხოლოდ ერთი ფეხმძიმე ქალი ცხოვრობდა, დანარჩენი ჩეჩენი მებრძოლები იყვნენ. მე და ჩემი ოპერატორიც იქ ვცხოვრობდით, სტუმრები მიგვიღეს, მაგრამ მწარე ვაჰაბიტები იყვნენ და როცა ოთახში შევდიოდი, ჯგუფის ნახევარი გარბოდა, ნახევარი კი რჩებოდა. ქალი, რომელიც მასპინძლობას გვიწევდა, ტრადიციის შესაბამისად მოქმედებდა. 20 კაცის, დამატებით ჩემი ოპერატორის ფეხსაცმელს მათი დაძინების შემდეგ წმენდდა.

დილით ყველას ფეხსაცმელი გაკრიალებული ხვდებოდა, მარტო ჩემი იყო გასაწმენდი. ყოველთვის გადაღება არ მქონდა და იმ ქალთან მიწევდა ურთიერთობა, მინდოდა რაღაცით დავხმარებოდი. წარმოიდგინეთ, ქალი შეშას მოათრევდა, სადილს ამზადებდა, წყალი მოჰქონდა, ღამით ამდენი კაცის ტანსაცმელს აწესრიგებდა, ეს კაცები კი ისხდნენ და ნარდს აგორებდნენ, ჩაის სვამდნენ ან ვარჯიშობდნენ, ქალი კი სულ შრომაში იყო. ერთ დღესაც დავინახე, რომ შეშას ძლივს მოათრევდა და სიტყვით გამოვედი, არ გრცხვენიათ, ამდენი კაცი ჩაის სვამთ და ფეხმძიმე შეშას რომ მოათრევს, წყლის მოტანასა და შეშის დაჩეხაში მაინც მიეხმარეთ, რა უბედურებაა, დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს-მეთქი.

ყველა მამაკაცი გაჩუმდა, ქალმა სახეზე ხელი აიფარა და გაიქცა. მივხვდი, რაღაც მიუტევებელი შეცდომა ჩავიდინე, მაგრამ ვერ მივხვდი, რა. საღამოს ერთმა შედარებით პროგრესულად მოაზროვნე ჩეჩენმა დიდი ლექცია წამიკითხა და მითხრა, რომ მამაკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე და ქალისგან მსგავსი შეურაცხყოფის მიყენებას ვერ აიტანდნენ. ქალი იმისთვისაა, რომ კაცს ემსახუროსო. იმ საბედისწერო შეცდომის გამო, მეორე დღეს იქაურობა დამატოვებინეს, ჩემს გაცილებაზეც უარი თქვეს, ჩამსვეს მანქანაში და გამოგვიშვეს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი იმისთვის, რომ ჟურნალისტმა წარმატებას მიაღწიოს?
- საკუთარი თავის რწმენა, მონდომება და შრომისმოყვარეობა.  ცოტა იღბალიც უნდა გქონდეს და გიმართლებდეს. საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე და ყველაფერი გამოვა.

- აქტიური ჟურნალისტიკის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გადახვედით. სამ მინისტრთან მოგიწიათ მუშაობამ... პირველი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.
- ვერ ვიტყვი, რომ ირაკლისთან ურთიერთობა ძალიან მარტივი იყო, ერთად ორ წელიწადზე მეტი ვიმუშავეთ. მანამდეც ვიცნობდი, ისევე, როგორც "ვარდების რევოლუციის" ყველა აქტივისტს. როგორც რესპონდენტი, უფრო კარგი და თბილი იყო, ვიდრე ხელმძღვანელი. ძალიან მკაცრი ხელმძღვანელი გახლდათ. როდესაც ცოტა ხმამაღლა მოუვიდოდა თქმა, სიცილით ვხვდებოდი; თვითონ თუ გაიბუტებოდა, მე არასდროს ვიყავი გაბუტული. ისე, შინაგანად სულ სხვანაირი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. თუ მას დაუმტკიცებდი, რომ ასე უკეთესია, აუცილებლად მოგყვებოდა. ყოველთვის იცოდა აზრის კითხვა. ქართულ ჯარში მაშინ ბევრი საქმე გაკეთდა. რთული, დაძაბული რეჟიმით მიწევდა მუშაობა...

ისე, სამივე მინისტრთან მუშაობა საინტერესო იყო და თითოეულთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ყველაზე დიდხანს დავით კეზერაშვილთან ვიმუშავე. ყველაზე ცოტა ხანს - დავით სიხარულიძესთან.

- რა შეიცვალა თქვენი მოსვლის შემდეგ ტელეკომპანია "იმედში"?

- ბევრი რამ... ბევრი სირთულე გადაიტანა ამ ტელევიზიამ, მაგრამ დღეს საინფორმაციო სამსახური საუკეთესო გუნდადაა ჩამოყალიბებული. მე ამ გუნდთან ერთად მუშაობა მომწონს.

- თქვენი გავლილი გზით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ ყველა ეტაპზე გამიმართლა... დროის დეფიციტის გამო ბევრი ახლობელი და მეგობარი უკმაყოფილოა, რადგან ვერ ვნახულობ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არავინ დამვიწყებია და ყველა მიყვარს. კარიერას ნამდვილად არ შევუცვლივარ...


თეა ხურცილავა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
საცოდავები... ჩემი კეთილი გული რა ვთქვი - შემეცოდა და დამავიწყდა, 10 ათასი ლარი მხოლოდ მანქანის ნომერში რომ ჰქონდა მიცემული და თავისი "მზერით დამუხტულ" ერთ ჭიქა წყალში რომ 300 ლარს ფეხს არ უცვლიდა
 
"აღდგომა და ხვალეო..." ერთმანეთში ხომ სიამტკბილობით არიან -არც აეროპორტებში ჩხუბობენ და არც დედას აგინებენ ერთმანეთს. რაც მთავარია, საბოლოოდ ამოიკვეთეს ფეხი მოსკოვიდან!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
არასტანდარტული პრ. 220 კვ.მ. სუფთა რკინის კარი გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის....
1-ოთახიანი, 5(5), 35 კვ.მ. ახალი რემონტი აივანი, ბ/აირი, ტელეფონი იყიდება...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 8(12), 90 კვ.მ. ახალი რემონტი გუდვილის წინ...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 5(5), 110 კვ.მ. ევრორემონტი ფასი: 80000 $...
2.5-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 4(5), 64 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 38000...
1-ოთახიანი, ქალაქური პრ. 3(8), 38 კვ.მ. ახალი რემონტი საბურთალოს ქ....
16:40 / 21-05-2012  Image მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
დუმბაძეს რუბლოვის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ
16:32 / 21-05-2012  Image გია თორთლაძემ ევერესტი კიდევ ერთხელ დაიპყრო
"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წევრი ევერესტის ”აზიურ ეკო ლაშქრობა 2012-ს” შეურთდა
16:39 / 21-05-2012  Image ყვარელის რეზიდენციის მოწყობაზე სააკაშვილმა 78 738 ლარი დახარჯა
პრეზიდენტმა მიწის ნაკვეთი ყვარელში 2011 წლის 24 მაისს შეიძინა
16:30 / 21-05-2012  Image როგორ იქმნებოდა კულტად ქცეული ფილმები - კადრები გადასაღები მოედნიდან
ფოტოები კულტად ქცეული ფილმების გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასახავს (ფოტოგალერეა)
17:46 / 21-05-2012  რა ხდება ქართულ ფეხბურთში
რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში ქართულ ფეხბურთზე ისაუბრებენ
უყურეთ პირდაპირ ეთერში