- დღის განმავლობაში ყველაზე დიდ დროს კომპიუტერს ვუთმობ, თუმცა ტელევიზორსაც ხშირად ვუყურებ, ოღონდ გააჩნია დღეებსა და გადაცემებს. ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითადად იმ საიტებს ვსტუმრობ, რომელიც ფეხმძიმობასა და ბავშვის მოვლასთანაა დაკავშირებული, ბოლო რვა თვეა ამ ტიპის საიტების აქტიური მომხმარებელი გავხდი, ამასთან დაკავშირებით ლიტერატურაც არსებობს, მაგრამ იქ გაცილებით მწირი ინფორმაციაა, ვიდრე კომპიუტერში, უფრო მეტი რამისა და განსხვავებული აზრების მოსმენა შესაძლებელია ფორუმების მეშვეობითაც.
- თქვი, ტელევიზორსაც ვუყურებო, ძირითადად რომელ გადაცემებს?
- მიყვარს ინტელექტუალური შოუები, მაგალითად, სიამოვნებით ვუყურებ "რა? სად? როდის?", "ვის უნდა ოცი ათასი" კი ჩემი საყვარელი გადაცემაა. ასევე ვუმზერ იმ თოქშოუებს, რომლებიც გადის ქართულ სატელევიზიო სივრცეში, რათა წარმოდგენა მქონდეს, რა ხდება ამ სფეროში.
- საინფორმაციო გამოშვებებს თუ წყალობ?
- კი, როგორ არა.
- მაინცდამაინც "რუსთავი-2"-ის საინფორმაციოს უცქერ თუ სხვა არხებზეც უყურებ ამ ტიპის გადაცემებს?
- იმის მიხედვით ვირჩევ საინფორმაციოს, რომელ საათზე მოვხვდები ტელევიზორთან, მაინცდამაინც ერთი კონკრეტული არხის საინფორმაციო არ მაქვს ამოჩემებული.
- იუმორისტულ შოუებზე რას გვეტყვი?
- ოოო, ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა არსებობს პროექტები, რომლის გამორჩევაც შეიძლება.
- მაგალითად, რომელს გამოარჩევ?
- ფეხმძიმობის დროს, მგონი, გემოვნება შემეცვალა და რაზეც ადრე მეცინებოდა, ახლა ის აღარ მახალისებს.
- წიგნებზე გადავიდეთ. რომელი ჟანრის ლიტერატურა გიყვარს?
- ბავშვობაში დეტექტივები მიყვარდა, სათავგადასავლო წიგნებზე მეტად ამით ვიყავი დაინტერესებული. შემდეგ ტრაგიკომედიებზე გადავედი, ახლა კი ვცდილობ წავიკითხო ისეთი ლიტერატურა, საიდანაც მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, თუნდაც ისტორიულ მოვლენებზე.
- ლიტერატურის, პოეზიის, ნოველების კითხვა ინტერნეტით გირჩევნია თუ წიგნად?
- როცა რომანს ვკითხულობ, მირჩევნია, ეს იყოს კარგად გაფორმებული წიგნი, ლამაზი ყდითა და კარგი ილუსტრაციებით. რაც შეეხება კითხვას ინტერნეტით, ჩემი ბევრი მეგობარი ამას კარგად ახერხებს, მეტიც, ზოგიერთი მათგანი მობილურითაც კი კითხულობს, მაგრამ ვფიქრობ, წიგნი სულ სხვაა, ხშირად კითხვისას სხვადასხვაგვარ ფურცლებს ან გაზაფხულზე აყვავებული ატმის რტოს ვიყენებდი სანიშნად. ზოგადად, ინტერნეტით რომანის წაკითხვა ჩემთვის ნაკლებად წარმოსადგენია, თუმცა შეიძლება, ნაწარმოები არ იყოს წიგნად გამოსული და ელექტრონული ვერსია წავიკითხო.
- ხშირად ორსულები სპეციალურად კითხულობენ ბევრ წიგნს, რათა ბავშვსაც შეაყვარონ კითხვა, შენს შემთხვევაში როგორაა საქმე?
- დედაჩემისა და ჩემი ნაკითხობის დონე რომ შევადაროთ, მივხვდებით, რომ ეგ თეორია 10-15%-ით ამართლებს. ამიტომ, მე ვკითხულობ იმას, რაც მაინტერესებს, როგორც ზემოთ გითხარით, ეს არის ბავშვსა და ორსულობასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ჩემი ქმარი ხშირად მიჩიჩინებს, სხვა რამეც წაიკითხე, ბავშვს კითხვა შეაყვარეო.
- ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?
- გაგეცინება, მაგრამ აქვე მიდევს "კვაჭი კვაჭანტირაძე", რომელიც კიდევ ერთხელ გადავიკითხე. მინდა გითხრათ, მიყვარს ისეთი წიგნები, სადაც სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებია თავმოყრილი. ბავშვობაშიც მახასიათებდა რამდენიმე წიგნის ერთდროულად კითხვა, დილით ერთს ვკითხულობდი, მერე მეორეს, შემდეგ მესამეს და ა.შ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ხერხი ამართლებდა, რადგან ბოლოს, როგორც წესი, ერთზე ვჩერდებოდი. მახსოვს, მიყვარდა რუსულენოვანი წიგნი სახელწოდებით "პაჩემუჩკა", სადაც ბავშვური ენით დასმულ საინტერესო შეკითხვებზე ასევე საინტერესოდ იყო პასუხი გაცემული, საბავშვო ენციკლოპედიასავით იყო, ბევრი ინფორმაცია გახლდათ ერთად შეკრებილი.
- ანი, ოდესმე წიგნი თუ მოგიპარავს?
- უდიდესი ბიბლიოთეკა გვაქვს, რომელიც ორი ათასამდე წიგნს მოიცავს, ამიტომ წიგნის მოპარვა არასდროს დამჭირვებია (იღიმება).
- გვითხარი, რომელია შენი საყვარელი მწერალი და წიგნი?
- არ ვიქნები ორიგინალური და "პატარა უფლისწულს" დავასახელებ, თუმცა კიდევ ბევრი ავტორია, რომლის შემოქმედებაც მიყვარს. მაგალითად, ჩეხოვი, გოეთე, პუშკინი. სხვათა შორის, ერთი პერიოდი ძილის წინ, ყოველღამე ვსწავლობდი გალაკტიონის თითო ლექსს ან რამდენიმე სტროფს, მაგრამ დღეს ბევრი მათგანი არც კი მახსოვს, სამწუხაროდ.
- ანი, პრესასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, თუ ეცნობი ხოლმე?
- კი, პრესას აუცილებლად ვეცნობი, არ დავმალავ და არ ვიტყვი, არასდროს მიყიდია ჟურნალ-გაზეთები-მეთქი.
- არაფერი გითქვამს რადიოზე, თუ უსმენ?
- რადიოს ძირითადად მაშინ ვუსმენ, როცა მანქანაში ვარ, რომელიმე ტალღა არ მაქვს ამოჩემებული, ბევრი რადიოგადაცემაა, რომლის მოსმენაც შეიძლება.
- საერთოდ, როგორი მუსიკა მოგწონს? ორსულობის დროს გემოვნება ამაშიც ხომ არ შეგეცვალა?
- ვინაიდან მევიოლინე გახლავართ, ყოველთვის კლასიკური მუსიკა მიზიდავდა, ახლა კი ის თერაპიასავით გახდა ჩემთვის. მძიმე როკს ნაკლებად ვწყალობ, ჯაზის, ხარისხიანი ბლუზისა და სოულის მოსმენა მე და ჩემს შვილს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს (იღიმება). ადრე ვხალისობდი ზოგიერთი რეპერის სახალისო ტექსტებზე, მაგრამ ორსულობის პერიოდში ეს მაღიზიანებს, ვერ ვუძლებ, ოღონდ ეს კაპრიზი არ არის, მართლა აღარ შემიძლია ასეთი რაღაცების მოსმენა.
- დასასრულ, გვითხარი საკუთარ თავს ინტელექტუალურ და ჭკვიან ადამიანად მიიჩნევ?
- ადამიანმა თავი ჭკვიანად უნდა ჩათვალოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს განვითარებისთვის. ვცდილობ, ცხოვრებისეული გამოცდილება დავაგროვო და განვვითარდე, როგორც პიროვნება. საბოლოო ჯამში, განათლება და სწავლა არის საუკეთესო ინვესტიცია. როცა მე და ჩემი ქმარი მომავალსა და შვილზე ვსაუბრობთ, არ ვფიქრობთ იმაზე, როგორი სახლი ექნება მას, ჩვენი ძირითადი საფიქრალი მისი სწავლაა, რადგან ეს საუკეთესო ინვესტიციაა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























