"მე შევხვდი შვეიცარიის ელჩს საქართველოში, რომელსაც ვუამბე მთელი ის ისტორია, რაც ხდება და როგორი შავი პიარი მიდის ხელისუფლების მიერ ვახო კომახიძეზე, რა მუქარებს ჰქონდა ადგილი და აღმოჩნდა, რომ მან კარგად იცოდა ყველაფერი", - აცხადებს "ალიანსის" წევრი სოზარ სუბარი, რომელიც გეგმავს, რომ კომახიძე შვეიცარიაში მოინახულოს და ამ საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს ესაუბროს.
სოზარ სუბარი: ვახო კომახიძესთან დაკავშირებით მე შევხვდი შვეიცარიის ელჩს საქართველოში, რომელსაც ვუამბე მთელი ის ისტორია, რაც ხდება და როგორი შავი პიარი მიდის ხელისუფლების მხრიდან ვახო კომახიძის წინააღმდეგ, რა მუქარებს ჰქონდა ადგილი და აღმოჩნდა, რომ მან კარგად იცოდა ყველაფერი. ზოგიერთ ფილმზე რომ ვუთხარი და რაღაცეები გამომრჩა, თვითონ მისწორებდა.
ვახტანგ კომახიძე სწორედ ის ჟურნალისტია, რომელიც ხელისუფლებისათვის ძალიან მტკივნეულ საკითხებზე აკეთებდა ხოლმე ფილმებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მოაწყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაცია, რომ თითქოს აფხაზი ბოევიკები გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე და ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსს და დამტკიცდა, რომ ეს იყო ჩვენი სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ამაზე მან ფილმი გადაიღო.
იგივე ზურაბ ჟვანის სიკვდილზე გაკეთებული ფილმი, სადაც ჩამოთვლილია ის პასუხგაუცმელი კითხვები, რომელიც პრემიერის გარდაცვალებაზე დარჩა. ალბათ, ყველაზე მტკივნეული ცხინვალის ომთან დაკავშირებული ფილმია და სრულიად გასაგებია ის აგრესია, რაც მის მიმართ არსებობდა. არ მინდა, გამოვეხმაურო ისეთ ადამიანებს, როგორიც ეკა ხერხეულიძეა, რომელიც ამბობს, რომ კომახიძეს კარგი ცხოვრება უყვარს და ამიტომ წავიდა შვეიცარიაში. მე ჩავალ იმ ქალაქში, სადაც კომახიძე იმყოფება, მიმაქვს მისთვის ტანსაცმელი, რადგან ესეც არ ჰქონდა, რომ აეროპორტში არ დახვედროდნენ.
ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები და მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებიც სიტყვის თავისუფლებაზე მუშაობენ, აპირებენ საერთო განცხადების გაკეთებას.
"რეზონანსი": თუ გავითვალისწინებთ იმ გამოხმაურებას, რაც კომახიძის თავშესაფრის მოთხოვნას მოჰყვა, ღიად განეცხადებინა ამ მუქარის შესახებ, უკეთესი არ იქნებოდა?
ს.ს. ვისთან უნდა განეცხადებინა, იმასთან, ვინც მას სცემდა? მე პარლამენტში განცხადება გავაკეთე ჩემი სახალხო დამცველობის პერიოდში ვახტანგ კომახიძის აჭარაში ცემასთან დაკავშირებით და ეს განცხადება ცემიდან სამი წლის შემდეგ იყო. მანამდე კი ჩემს პირველ მოხსენებაში აღწერილი მაქვს ეს ფაქტი და ამას დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.
აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, ვინც კომახიძე სცემა, დღემდე მუშაობენ მაღალ თანამდებობებზე. ჩნდება კითხვა, რატომ არ იძიებენ ამ ფაქტს? მაშინ კომახიძემ გამოთქვა ასეთი ეჭვი, რომ გამოძიება არ ხდებოდა იმის გამო, რომ აბაშიძის დროს თბილისის ხელისუფლებას ჰყავდა აჭარის უშიშროებიდან გადმობირებული მომხრეები და სწორედ მათ აცემინეს კომახიძე, რომ კიდევ ერთი საპროტესტო ტალღა აეგორებინათ. ძალიან სერიოზული ეჭვია, რომ ეს ასე ყოფილიყო.
"რ": მიხეილ სააკაშვილმა ლონდონში განაცხადა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მაგრამ ჟურნალისტებს ობიექტურობა და პროფესიონალიზმი აკლიათ...
ს.ს. მსოფლიოში ვერ მონახავთ ტელევიზიას, სადაც ხელისუფლების სპეცრაზმი შეიჭრა, დაარბია და ჟურნალისტები სცემა, შემდეგ დახურეს და მფლობელს წაართვეს. საქართველოში ორი ასეთი შემთხვევა იყო "იმედი" და ტელეკომპნია "იბერია". მრავალი შემთხვევა იყო, როდესაც მაუწყებლები გათიშეს, როდესაც პოლიცია შეიჭრა გაზეთებში. ამის შემდეგ სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი სასაცილოა.
რაც შეეხება პროფესიონალიზმს და ობიექტურობას, ის ჟურნალისტი ობიექტური ვერ იქნება, რომელიც სახელისუფლებო დაკვეთას ასრულებს. ეს არის არაობიეტურობა არა იმ მხრიდან, საითაც პრეზიდენტი მიუთითებს, არამედ იმ მხრიდან, რომ წამყვანი ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა დეზინფორმაციას ავრცელებს. სასაცილოა, როდესაც ქვეყანაში არსებობს ხელისუფლებისგან დაფინანსებული ისეთი ტელევიზია, როგორიცაა "რეალ ემ". მე არ მეგულება, მსოფლიოში არსებობდეს მსგავსი ტიპის ტელევიზია.
"რ": რაც შეეხება თქვენს შეხვედრას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისართან, რა თემებზე უნდა ესაუბროთ?
ს.ს: მე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრი ვარ და წელიწადში რამდენჯერმე ვიკრიბებით. ვმსჯელობთ იმის თაობაზე, თუ რას საქმიანობს კომისრის ოფისი და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მსოფლიოში. ეს არის ერთგვარი ანგარიში საზოგადოებისადმი და მე წარმოვადგენ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ძირითად ნაწილს, შორეული აღმოსავლეთის გარდა. შეხვედრაზე პირველ დღეს იქნება ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც, რომელთანაც მე ვაპირებ ამ თემაზე საუბარს, ისევე, როგორც ვესაუბრე შვეიცარიის ელჩს.
გიორგი ფუტკარაძე
გაზეთი ”რეზონანსი”
11:09 / 22-02-2010
სოზარ სუბარი ვახტანგ კომახიძეს მოინახულებს

























