რისი უფლება მისცა ალენ დელონმა ქრისტინე ძიძიგურს

რისი უფლება მისცა ალენ დელონმა ქრისტინე ძიძიგურს

წელიწადზე მეტია, რაც ქართველი მოდელი, ქრისტინე ძიძიგური პარიზში მუშაობს. ის საქართველოს მოდის კვირეულს სტუმრის ამპლუაში ესწრებოდა, როცა ფრანგული სამოდელო სააგენტო "ელისის" წარმომადგენლებმა შენიშნეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. 1-წლიანი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, ქრისტინემ კონტრაქტი იმავე ვადით სხვა სამოდელო სააგენტოსთან - "სლაიდთან" გააფორმა. "ელისში" მისი გადაწყვეტილება სწორად გაიგეს...

ქრისტინე ძიძიგური:

- "სლაიდში" ჩემი "ბუქერი" ყველაფერს აკეთებს, რომ "გამქაჩოს", მოდის სფეროში უკეთ ჩამრთოს. მას ჩემი სჯერა. მართალია, "ელისში" გზა გამიკაფეს, მაგრამ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ არჩევანის საშუალება მომცეს. მეც უფრო ძლიერი სააგენტო ავირჩიე.

- კიდევ რა მნიშვნელოვანი სიახლეა შენს კარიერაში?

- ფეხსაცმელის ფრანგულმა ფირმამ თავის ვიდეოკლიპიში გადასაღებად ამირჩია. ეს ახალი ფირმა გახლავთ, რომელიც საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ მოდელ გოგონასთან თანამშრომლობდა, მაგრამ ის გოგო პარიზში არ იმყოფებოდა და მის შემცვლელს ეძებდნენ - 1 თვის განმავლობაში კასტინგს ატარებდნენ. ამასობაში, პარიზში მეც ჩავედი (საქართველოში ვიყავი). როგორც მერე შევიტყვე, თავად ფირმის წარმომადგენლებმა მიპოვეს, ჩვენი სააგენტოს "საიტზე". შემდეგ შეხვედრა დამინიშნეს. თურმე ზუსტად ჩემნაირ გოგონას ეძებდნენ, მაგრამ მთავარი გარეგნული იმიჯის მორგება კი არა, ვიდეოკამერასთან მუშაობა იყო. გადამიღეს, ათასი რაღაც ჩაწერეს და ამირჩიეს.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ფრანგულ ფირმასთან თანამშრომლობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. გადაღებული მასალის ნაწყვეტები სააგენტოში გაგზავნეს (ვიდეოკლიპი ჯერ არ გამოსულა). ჩემი მთავარი "ბუქერი" თვალს არაფერზე ხუჭავს - შენიშვნას ყოველთვის მაძლევს და მასწავლის. ჩემში ბევრ შრომას "დებს" და სურს, ჩემგანაც ბევრი მიიღოს. გამიკვირდა, რომ ვიდეოკლიპის ნაწყვეტების ნახვის შემდეგ შენიშვნა საერთოდ არ მოუცია. თავდაპირველად, ფირმის დამფუძნებელს უთქვამს: წინათ ქართველ გოგონასთან არ გვიმუშავია და ძალიან გვეშინიაო. გადაღებაზე წვრილმან მითითებებს არავინ მაძლევდა, დამოუკიდებლად გავართვი თავი... საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ჩემს თავზე ლაპარაკი მიჭირს ხოლმე (იცინის).

- ვიდეოკამერასთან მუშაობის გამოცდილება არ გქონდა?

- კი, როგორ არა! ჰოლივუდისთვის ფილმი - "დიდგორი" რომ გადაიღეს, მასში ვმონაწილეობდი. მიღებული გამოცდილება ფრანგული ფირმის კლიპზე მუშაობისას დამეხმარა.

- ქრისტინე, როგორც ვიცი, პარიზის მაღალი მოდის კვირეულშიც მონაწილეობდი. იქ როგორ მოხვდი?

- პარიზის მაღალი მოდის კვირეული მსოფლიო მოვლენაა, რადგან მოდის დედაქალაქში იმართება. თავად დიზაინერებს (ლივია შტოიანოვა და იესსენ შამოუილოვი) მოვეწონე და თავისთან დამიბარეს. სამოსი კარგად მოვირგე, სიარულის მანერაც მომიწონეს...

- კვირეულზე საკუთარი თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინე?

- მიუხედავად იმისა, რომ მოდის სამყაროში უდიდეს სცენაზე ვიდექი, არ დავბნეულვარ, პირიქით - თავდაჯერებული და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ვიყავი. ვცდილობდი, ყველაფერი იდეალურდ ყოფილიყო. თავად დიზაინერები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მათთან პირველად ვითანამშრომლე, პირველი შთაბეჭდილება კი ძალიან მნიშვნელოვანია.

- თმის ფერი ისევ შეგიცვლია...

- ასეთი საკითხების გადაწყვეტა სააგენტოს გარეშე არ შემიძლია. ზამთარში მითხრეს, რომ თმა ყავისფრად უნდა შემეღება. ამ პერიოდში, პარიზში ყავისფერი თმა და მწვანე თვალები ძალიან მოდურია. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის თმის ბუნებრივი ფერი დაებრუნებინათ.

- კმაყოფილი ხარ? მახსოვს, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი იყავი, როცა თმა ქერად შეგიღებეს.

- (იცინის) უკვე ყურადღებას აღარც ვაქცევ, მე რა მომწონს... როგორც სააგენტო მირჩევს, ისე ვიქცევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე კარგად არ გაკეთდება. პროფესიონალების რჩევებს უნდა მივყვე. შემიძლია, რაღაც შევთავაზო, მაგრამ საბოლოო პასუხი მათგან უნდა მივიღო.

- სააგენტოში მუშაობა რთულია?

- ფრანგები ისეთი მაქსიმალისტები არიან, რომ მცირე შეცდომასაც არ გაპატიებენ. სამაგიეროდ, მიზერულ წარმატებასაც არ დაგიკარგავენ. ზოგადად, მათთან ურთიერთობა ცოტა რთულია...

- ახლა ალენ დელონთან ერთად გადაღებულ ფოტოზეც მოგვიყევი.

- მე და ჩემი მოდელი მეგობრები სხვადასხვა კარგ ადგილას ხშირად დავდივართ. მონტენის ქუჩაზე ბრენდების ("დიორის", "შანელის"...) სახლები გვერდიგვერდაა განლაგებული. იქვეა ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმრო - Plaza Athenee, რომელსაც ცნობილი ადამიანები ხშირად სტუმრობენ. სასტუმროს ბარ-რესტორანი აქვს, სადაც დახვეწილი და სასიამოვნო გარემოა. ერთხელაც იქ ალენ დელონი ვნახე. მისკენ რომ მივიწიეთ, დაცვამ წინააღდეგობა გაგვიწია. შემდეგ თავად ალენ დელონმა დაუძახა, გამოუშვითო და საშუალება მომცა, მასთან ერთად ფოტო გადამეღო... სულ ეს იყო.

- პარიზულ ცხოვრებაში აქტიურად ხარ ჩართული?

- მუშაობის გარდა, ვსწავლობ (ფრანგულ ენას), ვერთობი, ფრანგულ "ივენთებს" ხშირად ვსტუმრობ... ამ ქალაქის ცხოვრებაში ჩავები. ძალიან მომწონს. ჩემი ასაკის ადამიანისთვის აქ ყოფნა იდეალური მგონია. საქართველოსაც ხშირად ვსტუმრობ. ოჯახის, ახლობლების ნახვის შემდეგ, პარიზში ახალი ენთუზიაზმით ვბრუნდები.

- საქართველოში "ფეშენ ვიკი" ისე ხშირად იმართება, რომ სამშობლოში შენი ერთ-ერთი ვიზიტი მაინც დაემთხვეოდა ქართული მოდის კვირეულს...

- კი, მიხარია, რომ საქართველოში მოდის ბიზნესი ვითარდება. ახალი მოდელები, დიზაინერები, ფოტოგრაფები გამოჩნდნენ... როცა პარიზში იმ ფრანგებს ვხვდები, რომლებიც საქართველოში, მოდის კვირეულზე ყოფილან, ჩვენს ქვეყანაზე ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობენ. აღნიშნავენ, რომ ქართველ დიზაინერებს მოდის სფეროში დამკვიდრების დიდი შანსი აქვთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ჩემი ქვეყნის წარმომადგენლებს ასე დადებითად ახასიათებენ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება