- მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე. ჩემს მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ორი გოგონა და სამი ვაჟი. საერთოდ, ვფიქრობ, როცა ოჯახში ბევრი ბავშვი იზრდება, ისინი უფრო დამოუკიდებლები არიან, ერთმანეთს ზრდიან. მეც ასე გამზარდა ჩემმა დამ, რომელიც ჩემზე ათი წლით უფროსია. დღემდე ჩემს დას დედად აღვიქვამ. ვერ ვიტყვი, რომ ლაღი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ჩვენი მშობლების მადლობელი ვარ, რადგან პატარაობიდან გვაჩვევდნენ შრომასა და ერთმანეთის გვერდში დგომას. მამაჩემი იურისტი იყო, გამომძიებელი. ძალიან სამართლიანი პიროვნება გახლდათ, მხოლოდ ხელფასზე "იჯდა" და, რა თქმა უნდა, ამხელა ოჯახი ფუფუნებაში ვერ იცხოვრებდა.
დედა ხუთ შვილს ზრდიდა და არ მუშაობდა, თუმცა პროფესიით გეოლოგი იყო. მას არაჩვეულებრივი ხელი ჰქონდა, საოცრად კერავდა და ამის გამო ჩვენ ყოველთვის გამორჩეულად გვეცვა. დედამ ბავშვობიდან შეგვაჩვია ლამაზად ჩაცმას. დედა ამბობდა, გარეთ რომ გახვალ, ყველაფერი საუკეთესო უნდა ჩაიცვა, მათ შორის საცვლებიც, იმიტომ რომ არასდროს იცი რა ხდება, ხომ შეიძლება ქუჩაში დაეცეო (იღიმის). ჩემი შვილებიც ისე გავზარდე, რომ სულ ფორმაში ყოფნასა და წესრიგს შევაჩვიე.
- დედამ კერვა გასწავლათ?
- დიახ, ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ კერვა მეხერხება. "ჩხიკვთა ქორწილში" კოსტიუმებსა და სხვა სცენის კაბებს თავად ვიკერავდი. ახლა დრო არ მაქვს, თუმცა, თუ რამე გადასაკეთებელია, ყველაფერს უპრობლემოდ ვაკეთებ. საკერავი მანქანის გარდა, ხელით კერვაც მეხერხება. დედა თოჯინების კაბებს გვაკერინებდა ე.წ. გვირისტით და ეს ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.
- როცა კაბას სხვას აკერინებთ, დიზაინზე თქვენ ზრუნავთ?
- დიახ, დიზაინერს თავად ვეუბნები, როგორი კაბა მინდა. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი სხეულის დადებითი და უარყოფითი მხარე, რა დეფექტი უნდა დაფაროს და რა წარმოაჩინოს. ასევეა მაკიაჟიც. მივსულვარ სტილისტთან, გამიკეთებია მაკიაჟი, მაგრამ მერე პირი ჩამომიბანია და თავად გამიკეთებია. ამით არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ბევრი თავისი საქმის პროფესიონალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემზე კარგად არავინ იცის ჩემს სახეს რა უხდება. შემიძლია სარკის გარეშე, თვალდახუჭულმაც კი წავისვა პომადა და თვალი დავიხატო.
- როგორც ვხვდები, თქვენს ყოველდღიურ მაკიაჟში პომადა აუცილებელია...
- დიახ, პომადა ძალიან მიყვარს! ესეც დედამ მასწავლა. დილით რომ ვიღვიძებდით, დედა უკვე ფორმაში იყო, არასდროს მინახავს ხალათით ან წინსაფრით. შეიძლება, სახეზე არაფერი წაესვა, მაგრამ პომადა აუცილებლად. მეც გაღვიძებისთანავე ყოველთვის თავი წესრიგში მომყავს. დედა არაჩვეულებრივი აღნაგობის ქალი იყო, პროპორციული, გარეგნულად ჩემი და ძალიან ჰგავს.
- რაც შეეხება ვარცხნილობას?..
- თმას თავად ვიკეთებ. სალონში მხოლოდ ვიღებავ, მირჩევნია, თვითონ დავივარცხნო.
- ბავშვობას მივუბრუნდეთ, სიმღერა როგორ გადაწყვიტეთ?
- 2-3 წლის ვიყავი, როცა მაგიდაზე დამაყენებდნენ და მამღერებდნენ. მელოდიის ერთხელ მოსმენის შემდეგ, უკვე შემეძლო მისი გამეორება, თან ჩემს სიტყვებს ვიგონებდი და ისე ვმღეროდი. ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ცნობილ პედაგოგ შურა ჯანელიძესთან დავდიოდი. შემდეგ სასახლის გუნდშიც ვმღეროდი და სწორედ იმ დროიდან ბევრს ვმოგზაურობდი. ბავშვობის პერიოდში რუსეთის ყველა ქალაქი შემოვიარეთ. სკოლაშიც პოპულარული ვიყავი, ყველა საღამოზე ვმღეროდი და ასე ნელ-ნელა იხვეწებოდა ჩემი შემოქმედება.
- მორცხვი იყავით თუ თამამი?
- თამამი ვიყავი. საერთოდ, ეს ორი თვისება ჩემში ასე ნაწილდება: სიმღერისას თამამი ვარ, თავს არ ვბოჭავ და ჩემს ემოციას ბოლომდე გამოვხატავ, ცხოვრებაში კი ნაკლებად ვარ ასეთი, ხშირად საზოგადოებაში მორცხვად ვარ და ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ. რა თქმა უნდა, მეგობრებთან უფრო "გახსნილი" ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ჩემი განწყობა და ხასიათი თავზე არავის მოვახვიო. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არაჩვეულებრივ ადამიანებს მახვედრებს. როცა კარგ ადამიანს გავიცნობ, ტირილამდე მივდივარ ხოლმე. ვცდილობ, ადამიანებს გავუფრთხილდე. მოჩვენებითი ურთიერთობების არ მწამს და მეგობარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. როცა მეგობარს რაღაცას ვუყვები და რჩევას ვითხოვ, თუ მტყუანი ვარ, ობიექტურად უნდა მიმითითოს და ჩემს გამართლებას არ უნდა ეცადოს.
ვამაყობ, რომ თბილისშიც და მოსკოვშიც ძალიან კარგი მეგობრები მყავს. მე სულ ვმოგზაურობ და შეიძლება, რომელიმე მეგობრის მიმართ ყურადღება გამინელდეს, მაგრამ ვფიქრობ, თუ ადამიანი გიყვარს, ერთ წუთს ყოველთვის გამონახავ, დაურეკო და ჰკითხო: "როგორ ხარ? მე შენ მიყვარხარ... ნახვამდის..." არ მჯერა ადამიანების, როცა ამბობენ, არ მეცალა და ვერ მოგიკითხეო. ეს ფარსია! ამას არ ვიღებ, შეიძლება გავჩუმდე, რადგან არ მიყვარს საყვედურები. უბრალოდ ჩუმად, ამგვარ დასკვნას გავაკეთებ. გამოდის - იმ ადამიანს არ უნდა შენთან ურთიერთობა და დამთავრდა. მე პირადად რომელ ქვეყანაშიც უნდა ვიყო, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მესიჯებს ვუგზავნი ან ვურეკავ. "მიყვარხარ და მენატრები", - ეს ჩემთვის დიდი სითბოსი და სიყვარულის გამოხატვაა, ამაზე კარგი სიტყვები ადამიანმა რა უნდა გითხრას?!
- მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ეს რაც ჩანს, მაგრამ შინაგანად "ფორიაქა" ხომ არ ხართ?
- არა, ასეთივე ვარ შინაგანადაც. საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი გავიარე. კარგად ვიცი შრომის ფასი. თუ გაჭირვება არ გამოიარე, ვერასოდეს შეხვალ გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობაში. ხშირად ვეუბნები უფალს მადლობას იმ განსაცდელის გამო, რაც მარგუნა. ბევრი დარტყმა მივიღე, ბევრჯერ დავეცი, მაგრამ იმდენჯერვე ფეხზე წამოვდექი და იმ ადამიანების მიმართ, ვინც გული მატკინა, არანაირი წყენა არ დამრჩენია. როცა ჩემს ცხოვრებაში რამე არასასიამოვნო ხდება, თავს ვეუბნები, რომ ალბათ ასე არის საჭირო. იმ წუთშიც კი თავი ხელში ამყავს. მთავარია, ექსტრემალურ სიტუაციაში თავზე კონტროლი არასოდეს დაკარგო. შეიძლება ახალგაზრდობაში ამის უნარი არ მქონდა, მაგრამ წლებმა ეს გამომიმუშავა.
ვფიქრობ, ამ კუთხით ყველა ადამიანი საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს და საკუთარი თავის ფლობა შეეძლოს. სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ. ამასთან დაკავშირებით ლექსიც მაქვს დაწერილი. შეიძლება ერთმა სიტყვამ სამუდამოდ გატკინოს გული და სწორედ ასეთ "მფრინავ სიტყვას" მივუძღვენი ლექსი. ვცდილობ და ვახერხებ კიდეც, რომ მაქსიმალურად გავუწიო კონტროლი ჩემს სიტყვებსა და საქციელს.
- ლექსებზე გკითხავთ, რა გახდა მათი დაწერის მიზეზი?
- ტკივილი... პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ცხოვრება ხუთიანზე აწყობილი არავის აქვს. ხან დაეცემი, ხან ადგები, კიბეზე ადიხარ, ხან ჩამოდიხარ. საქართველოდან დიდი ტკივილით წავედი, ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს და არც ახლა ვაპირებ, მაგრამ ამის მიზეზი ტკივილი და შემოქმედებაში შეურაცხყოფა იყო. თავს ღირსებაშელახულად ვგრძნობდი, არავისთვის დამიწყია რამის ახსნა, უბრალოდ ჩავთვალე, რომ აქაურობას უნდა გავცლოდი. რაც შეეხება ლექსებს, ადრე არ ვწერდი, შეიძლება საამისო დროც არ მქონდა, მაგრამ საქართველოდან წასულმა ლექსების წერა დავიწყე. ჩემს ლექსებში ყველაფერი დევს: ჩემი ცხოვრება, ურთიერთობები, ფილოსოფია. პოემებსა და იგავ-არაკებსაც ვწერ და კრებულის გამოსაცემად ვემზადები. ერთ-ორ კუპლეტს ვერ ვწერ, მივყვები, მივყვები და საკმაოდ დიდი ლექსები გამომდის. ძირითადად ღამით ვწერ. ძილში ჩამესმის ხოლმე რაღაც ფრაზები, რასაც "ვიჭერ", ვდგები და წერას ვიწყებ. ზოგი ორი-სამი დღე წერს, მაგრამ მე სანამ ერთ ლექსს ბოლომდე არ დავწერ, არ ვეშვები. ხანდახან ისეც ყოფილა, რომ რაღაც დამიწერია, დამიძინია და მეორე დღეს რომ ვნახულობ, გაკვირვებული ვრჩები (იცინის).
- როდის და ვისთან გაამჟღავნეთ, რომ ლექსებს წერდით?
- მოსკოვში ჩემს მეგობრებს წავუკითხე, მერე ჩემს თბილისში მყოფ დაქალებს ტელეფონით ვუკითხავდი. ერთ მშვენიერ დღეს, სამი დღის განმავლობაში ჩავუჯექი კომპიუტერს და იქ ყველა ხელნაწერი ლექსი შევიტანე. სხვადასხვა ზომის ოცდაოთხი ლექსია. ალბათ ყველაფრის თავის დრო აქვს და მეც დიდი ხნის ნააზრევს თავი მოვუყარე.
- მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლას რამდენად ხშირად ახერხებთ?
- მაქსიმალურად ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე. როცა ვინმე რეკავს, ჩამოდიო, მაშინვე აეროპორტში გავრბივარ. ჩამოსვლის "პრიჩინას" ვეძებ (იღიმის). ძალიან მიყვარს თბილისი და საქართველო. ზაფხული ისე არ გავა, აქ არ ჩამოვიდე. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ესპანეთშიც ვიყავი, იურმალაშიც, მაგრამ არ შემეძლო, აქ ზღვაზე არ დამესვენა. რამდენიმე დღე შეკვეთილში ჩემს შვილიშვილთან ერთად გავატარე.
- შვილები ვახსენეთ საუბარში და მათზე გვიამბეთ...
- ჩემი პირველი შვილი ლეილა, "აფრებს" რომ მღერის (იღიმის), კულისებში გაიზარდა. "ივერიის" კონცერტებსა და სპექტაკლებზე სულ თან დავატარებდი. მეორე ქალიშვილი თამუნაც კულისებში გავზარდე, მაგრამ ლეილასგან განსხვავებით არ მღერის, სმენა აქვს და კარგი მსმენელია. კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, ლეილა ლექციებზე თან დამყავდა. სახლში რომ ვბრუნდებოდით, იმ არიებს, რაშიც ვმეცადინეობდი, ლეილა ზეპირად მღეროდა.
- რამდენი წლის იყავით, როცა პირველი შვილი შეგეძინათ?
- ძალიან პატარა, მეჩვიდმეტე წელში ვიყავი. ფაქტობრივად, სკოლა მერე დავამთავრე. პირად თემებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ვფიქრობ, რომ ეს საიდუმლოდ უნდა რჩებოდეს მსმენელისა და მკითხველისათვის. ლეილა ახლა მოსკოვში ცხოვრობს, მღერის და წარმატებულია. მას ჩვიდმეტი წლის ძალიან ლამაზი ქალიშვილი ჰყავს. ხოლო თამუნა თბილისშია და ორ პატარა გოგონას ზრდის.
- გარეგნულად და ხასიათით რომელი შვილი უფრო გგავთ?
- ხასიათით არც ერთი და ვფიქრობ, არც გარეგნულად მგვანან. მხოლოდ იერი აქვთ ჩემი. სამი შვილიშვილიდან კი ყველაზე მეტად უმცროსი მგავს.
- ქალბატონო მანანა, რამ შეიძლება აგატიროთ და საერთოდ, რამდენად ხშირად ტირით?
- ძალიან გულჩვილი ვარ, შეიძლება ტირილით მოვკვდე, ვიღაც რომ დაეცეს, ან ტელევიზორში ავადმყოფი ან მარტოხელა ადამიანი დავინახო. შეიძლება ავტირდე, როცა ვინმე კარგად მღერის, ან როცა სპექტაკლი მომეწონება. ახლახან ესპანეთში ვიყავი. იმ სასტუმროს ფოიეში, სადაც ვცხოვრობდი, ყოველ საღამოს შვიდ საათზე იკრიბებოდნენ ასაკოვანი ადამიანები და ცეკვავდნენ. არსად წასვლა არ მინდოდა, ვიჯექი, ვუყურებდი და მათ შემყურეს ცრემლები მომდიოდა. მოხუცები ძალიან საყვარლად ცეკვავდნენ, დანაოჭებულ სახეებზე თვალში სიხარული ედგათ და უზომოდ ბედნიერები იყვნენ. შვიდი დღე გავატარე ესპანეთში და ის ერთი კვირა იმ ბარს არ მოვშორებივარ...
ახლაც რომ მახსენდება, თვალზე ცრემლი მადგება. მინდა, ახალგაზრდებს ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ყველა დავბერდებით. მოხუცებს პატივისცემა და მოფერება სჭირდებათ.
- დაუფიქრებლად დაასახელეთ სამი რამ, რის გარეშეც ვერ იცხოვრებთ?
- ვერ ვიცხოვრებ ჩემი ოჯახის, სცენისა და მეგობრების გარეშე.
- სცენაზე გასვლის წინ რამე "რიტუალი" ხომ არ გაქვთ, ან განუყრელი ნივთი, რომელსაც არასდროს იშორებთ?
- მოუხსნელად ვატარებ ჯვარს. კულისებში, კონცერტის დაწყების წინ, "მამაო ჩვენოს" ვკითხულობ. სხვა არაფერი, თილისმები და მსგავსი ნივთების ტარება ჩემთვის მიუღებელია.
- ქალბატონო მანანა, მოსკოვში როდის მიემგზავრებით და რა გეგმებით დაბრუნდებით?
- 11 სექტემბერს მივემგზავრები. სულ მალე თბილისში ჩამოსვლას და ჩემი ლექსების კრებულის პრეზენტაციას ვგეგმავ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























