- იმედა, როგორც ვხვდები, მთელი ზაფხული მუშაობ და ჯერ არ დაგისვენია...
- "რუსთავი 2"-ში 28 ივლისს დავამთავრეთ მუშაობა. 2 აგვისტოს კი ფილმ "მამაჩემის გერლფრენდის" გადაღებები დაიწყო. ფილმის გადაღებები დამთავრდა, მაგრამ ახლა მუსკომედიის თეატრში რეპეტიციები დავიწყეთ. მხოლოდ სამი დღე დავისვენე და მაშინაც თბილისიდან ვერ გავედი. ახლა სასიამოვნოდ გადაღლილი ვარ. ისეთი საქმე არ მიკეთებია, რაც არ მიყვარს. უბრალოდ, სიცხეში თბილისში ყოფნა ძალიან რთული იყო. სხვა მხრივ საწუწუნო არაფერი მაქვს.
- თეატრში რა სპექტაკლზე მუშაობთ?
- დათო დოიაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრში დგამს "სირანო დე ბერჟერაკს". ზურა ყიფშიძე თამაშობს სირანოს. ამ სპექტაკლში ორი როლი მექნება. მიხარია, რომ ვმუშაობ ზურა ყიფშიძესთან ერთად, ვხვდები, რომ მასთან მუშაობისას ბევრ რამეს ვსწავლობ. აღარაფერს ვამბობ გუნდზე, რომელიც ამ სპექტაკლისთვის შევიკრიბეთ. დარწმუნებული ვარ, კარგი სპექტაკლი გამოვა. ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი სირანოა და მინდა მომავალში ვითამაშო. იმედია, ამ სურვილს ავისრულებ.
- როგორც გავიგე, ფილმ "მამაჩემის გერლფრენდის" გადაღება სულ რაღაც ორ კვირაში დამთავრდა. რას იტყვი, კარგად გაართვი თავი როლს? ამბობენ, დეტექტიური ჟანრის ფილმია და თან ბევრი ეროტიკული მომენტი იქნებაო...
- როგორ გავართვი როლს თავი, ამას მაყურებელი შეაფასებს. მე ვერაფერს ვიტყვი. ჩემი გმირი სიმპათიური ბანკირია. მილიონერი არაა, მაგრამ კარგი შემოსავალი აქვს. მოსწონს ქალები. განსაკუთრებით მასზე ასაკით უფროსი მანდილოსნები. მომეწონება ერთ-ერთი კლიენტი, რის გამოც სამსახურში დაგვიანებებს დავიწყებ და ამ და სხვა მიზეზების გამო სამსახურიდან გამომაგდებენ. მერე, საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ჩემი გმირი ყაჩაღობაზეც წავა.
ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ვფიქრობ, საინტერესო სიუჟეტია. ჩემს თამაშზე კი ვერაფერს ვიტყვი. ჩემი თავით სულ უკმაყოფილო ვარ. ვამბობდი კიდეც, შეიძლება, პრემიერაზე ვერ მივიდე-მეთქი. ფილმის მსვლელობისას თვითკრიტიკა დამეწყება და შეიძლება მიწაში ჩავძვრე. სულ უკმაყოფილების განცდა მაქვს, თან "მამაჩემის გერლფრენდი" ჩემთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. აქამდე მხოლოდ სამ მოკლემეტრაჟიან ფილმში მაქვს ნათამაშები. ბევრს ჰგონია, რომ თეატრისა და კინოს მსახიობობა ერთი და იგივეა. არადა, აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. კინოში თუ თეატრალური თამაში დაიწყო მსახიობმა, იქ მისი საქმე დამთავრებულია. ამ ფილმში თამაშით მე მივიღე დიდი გამოცდილება და მცირე ჰონორარიც, რაც თავისთავად კარგია.
- ეროტიკულ სცენებზე რას გვეტყვი...
- ასეთი მხოლოდ ერთი სცენაა. ჩემს საყვარელთან ერთად მივდივარ სახლში. ერთმანეთს ვკოცნით და მალევე წყდება კადრი და მეორე დილას გრძელდება მოქმედება. იგულისხმება, რომ ღამით რაღაც მოხდა. მაგრამ ყველაფერი ნაჩვენები არაა. ჩვენი თვითმიზანი არ იყო, რომ გაგვეხადა და მაყურებელი ამით მოგვეზიდა ფილმის სანახავად. ბოლომდე არც ერთი მსახიობი არ ვიხდით. მე წელს ზემოთ შიშველი ვარ და ჩემი პარტნიორი გოგონა საერთოდ არ იხდის. ამაზე გართულება არ მაქვს. თუ რეჟისორს დასჭირდება, გავიხდი. ნებისმიერ ფილმში არის კოცნისა და მოფერების სცენები.
- მსახიობი ჯაბა კილაძე ამბობდა, როდესაც მსახიობი ასეთ სცენებში თამაშობს და გახდაზე თანხმდება, კარგი სხეული უნდა ჰქონდესო...
- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ აზრს, მეც გავიხადე, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარგ ფორმაში არ ვარ. ოდესღაც კარგ ფორმაში ვიყავი, ვცეკვავდი და ვცურავდი. მაგრამ თბილისში სად გინახავთ ჩემხელა ბიჭი ფიტნესკლუბში დადიოდეს. საკუთარ თავს არ ვამართლებ. ჩემს სხეულს ვინც შეხედავს, ნამდვილად არ აღფრთოვანდება ჩემი მუსკულატურით. ამ შემთხვევაში კრიტიკული თვალით ნუ შემომხედავენ. რეჟისორსაც ვეუბნებოდი, ფორმაში არ ვარ-მეთქი. არ მეზარება, ვივარჯიშებდი, მაგრამ დრო არ მყოფნის. დილიდან საღამომდე ხან თეატრში ვარ, ხან გადაღება მაქვს და ხან ტელევიზიაში ვარ.
- მითხარი, თეატრში სირანოს როლის შესრულებაზე ვოცნებობო. ახლა, როცა კინოში გამოცდილება დაგიგროვდა, რომელ როლს ითამაშებდი დიდი სიამოვნებით?
- კინოში რომელიმე როლის შესრულებაზე არ მიოცნებია. ოღონდ იყოს რამე შესასრულებელი და სიამოვნებით ვითამაშებ. კინო ძალიან მიყვარს და მინდა, კარგად ვითამაშო. ყოველი დუბლის მერე რეჟისორს ვეკითხებოდი, რაიმე პრობლემა ხომ არ იყო-მეთქი. მინდა, უფრო მეტად გავერკვე ამ სფეროში.
- "დილა მშვიდობისა საქართველოს" შესახებ რა შეგიძლია თქვა? როდის ბრუნდებით ეთერში?
- 1-ელ სექტემბერს შევიკრიბებით და 6 სექტემბერს დავიწყებთ დილის ეთერს.
- წამყვანები ხომ არ შეიცვლებით?
- ვერაფერს გეტყვი. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
- "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში გვანცა დარასელიამ ოჯახის შექმნის სეზონი გახსნა. ვასილ ჩიქოვანიც მალე აპირებს დაოჯახებას. უახლოეს მომავალში მათ რიცხვს შენც ხომ არ შეუერთდები?
- სანამ ცოლს მოვიყვან, ხომ უნდა მყავდეს შეყვარებული. მე კი ასეთი არავინ მყავს. ქუჩაში ხომ არ გავალ და პირველ შემხვედრს ხომ არ ვეტყვი, უკაცრავად, ცოლად გამომყევი-მეთქი. ასე რომ, გვანცას და ვასილს ჯერ ვერ შევუერთდები. ჯერ მათ ქორწილებში მოვილხენ. თუ ასე არ მოხდა, მეც არც ერთს არ დავპატიჟებ ჩემს ქორწილში, ვხუმრობ, ყველას დავპატიჟებ, რაზეა საუბარი.
- დილის ეთერში მუშაობას მიეჩვიე?
- აუუ, ზაფხულისკენ და გაზაფხულზე კიდევ არა უშავს. ზამთარში საშინელებაა. ვერ ვიტან უძილობას. დილის ხუთ საათზე ვიღვიძებ, ეთერში რვის ნახევარზე გავდივართ. მუშაობის ათ საათზე დამთავრება ყველანაირად მაწყობს. თერთმეტზე თეატრში რეპეტიცია მეწყება. რეპეტიციაზე ხომ ვერ დავიძინებ, ამიტომ ძალიან ვიღლები.
- შენს წამყვანობასთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები თუ მოგისმენია?
- რა თქმა უნდა, ბევრს უთქვამს, რატომ გეძინა ღია ეთერშიო. არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ვიღლები და დილით ეთერში ყოფნისას მეძინება ხოლმე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, თუ ვერ უძლებ, წადიო და მართალიც იქნება. ვერ ვიტყვი, რომ დილაობით ღია ეთერში სულ მძინავს. მაგრამ ზოგჯერ ისე ვიღლები მთელი დღის განმავლობაში, რომ ჭამის თავი არ მაქვს. თავს არ ვიმართლებ. მაყურებელს არ აინტერესებს ჩემი დაკავებულობა და მართალიცაა. სპექტაკლებზე რომ მოდის მაყურებელი, რატომ უნდა აინტერესებდეს, სახლში რა პრობლემა მაქვს. ვცდილობ, ჩემი უარყოფითი მხარეები გამოვასწორო.
არის ხალხი, რომლებიც "რუსთავი 2"-ში რეკავენ და კითხულობენ, რატომ იცინიან წამყვანებიო. ერთხელ უცხოური სიუჟეტი გვქონდა. ვიღაც კაცი პროტესტის ნიშნად ხეზე ავიდა და დაიმტვრა. ამაზე სიცილი აგვიტყდა. მაყურებელი რატომ გაბრაზდა ჩვენს სიცილზე, ვერ ვხვდები. პირადად მე გამიხარდებოდა, რომ ყველა წამყვანი იცინოდეს. ერთხელ ვიღაცამ იკითხა, ასეთი პერანგი რატომ ეცვა წამყვანსო. მეორემ კი თქვა, ერთი სიტყვა სამჯერ გაიმეორა მოკლე დროშიო. ვერ ვხვდები, ამ ადამიანებს სხვა საქმე არა აქვთ? ჯერ იმას ვერ ვხვდები, დილის რვის ნახევარზე როგორ იღვიძებენ, როცა არ მუშაობენ და იმასაც ვერ ვხვდები, წამყვანებს რატომ გვისაფრდებიან.
ამბობენ, მაყურებელი ყოველთვის მართალია და ეს მაყურებლებიც მართლები იყვნენ, ჩვენ რომ გვაკრიტიკებდნენ. მათ მართლა არ აინტერესებთ, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს. აკაკი ხორავას შვილი ჰყავდა სახლში მკვდარი, მაგრამ მიდიოდა თეატრში და ძალიან მაგრად თამაშობდა. ეს უდიდესი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. როდესაც წამყვანი დილით გათიშული სახით ზის (ამას საკუთარ თავზე ვამბობ), მნიშვნელობა არა აქვს, ის რეპეტიციიდან რომელ საათზე დაბრუნდა. მე ეს კარგად მესმის. ასე რომ, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, 6 სექტემბრიდან ვეცდები, დილაობით ენერგიულად გაგაღვიძოთ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























