მარჯანიშვილის თეატრის შტატიანი მსახიობი არ ვარ. უბრალოდ, ორ სპექტაკლში ვთამაშობ. ერთი არის მიხეილ კოზაკოვის "თოლია", რომელიც ჩეხოვის პიესის მიხედვითაა დადგმული. მეორე კი გახლავთ ჭოლა წულაძის სპექტაკლი "ქალი ძაღლით". ძალიან მიხარია, როდესაც ჭოლა მეძახის სათამაშოდ.
საერთოდ, თეატრში საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის, მაგალითად, ნიკა თავაძისა და ნატა მურვანიძის შვილი - დათა. მართალია, სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს, მაგრამ რეჟისორობას აპირებს. არაჩვეულებრივი სპექტაკლი დადგა სამეფო უბნის თეატრში, სადაც თავისი ჯგუფელები ათამაშა.
- პოპულარული შოუს - "სიმართლის დროს" წაყვანაში მსახიობობაც ხელს გიწყობს. ისე სვამ კითხვას, თითქოს შენი მოგონილია...
- (იცინის) ეგ არის მთელი უბედურება ვერავის ვარწმუნებ, რომ ის კითხვები ჩემი მოგონილი არ არის. ამაზე ფსიქოლოგები მუშაობენ.
- თავს როგორ გრძნობ შოუს წაყვანის პროცესში? იმდენ უხერხულ შეკითხვას სვამ...
- გადაცემის წაყვანისას მშვიდად ვარ, რადგან ჩემმა სტუმრებმა წინასწარ იციან ყველა შეკითხვა. ასე რომ არ იყოს, ალბათ, ზოგიერთი შოკში ჩავარდება. ისე, "სიმართლის დრო" ჩემთვისაც, როგორც წამყვანისთვის, საინტერესო და აზარტულია, ასე რომ, როგორც წითელი სკამია საინტერესო, ასევე საინტერესოა შავიც.
- შენ თუ დაჯდებოდი წითელ სკამზე?
- რატომაც არა? დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი, საკუთარი თავი რომ უკეთ შემეცნო.
- ნანკა, გადაცემაში ზოგს უფრო მწვავე შეკითხვებს უსვამ, ზოგის მიმართ კი ლოიალური ხარ...
- ასე იმიტომ ხდება, რომ გადაცემა ერთფეროვანი არ გამოვიდეს.
- ისე, სიმწვავე უფრო უხდება შენს გადაცემას.
- ვეღარ გავიგე ამ ხალხის! როდესაც მწვავედ მიმყავს გადაცემა, მლანძღავენ, როდესაც "დავრბილდები", მაინც მლანძღავენ - მიკერძოებული ხარო.
- რომელი მონაწილე დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
- ბევრმა ითამაშა კარგად. მაგალითად, საინტერესო იყო ირინა სარიშვილი. იგი ჭკვიანი და მოაზროვნე ადამიანია. ყველაზე მაგრად კი ლალი მოროშკინამ ითამაშა.
- რასაც ვერ ვიტყვით თეა თუთბერიძეზე. როგორც ვიცი, ის შენ წინააღმდეგ საჩივრის შეტანასაც კი აპირებდა...
- არ მსურს ამ ადამიანზე ლაპარაკი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გადაცემის დასრულების შემდეგ ფანტასტიკურ განწყობაზე იყო. ყველა კითხვა წინასწარ იცოდა და შემდეგ რა დაემართა, არ ვიცი. შეუძლია, წავიდეს და სადაც უნდა, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. მართალია, ფრთიანი ანგელოზი არ ვარ, მაგრამ ჩემი პრინციპები მაქვს.
- "სიმართლის დროში" მოთამაშეებს თქვენ იწვევთ?
- ზოგს ჩვენ ვიწვევთ, ზოგიც თავისი სურვილით მოდის. მაგალითად, ირინა სარიშვილი, ცოტნე გამსახურდიას ექსმეუღლე სოფო ჩიკვილაძე, ნატა გულიაშვილი და კიდევ ბევრი, თავისი სურვილით მოვიდა.
- ამბობენ, რომ გადაცემის მონაწილეებს მოგებულ თანხას არ აძლევენ ან ძალიან უგვიანებენო...
- თანხას "თი-ბი-სი ტივი" არ მიხდის. ეგ ტელეკომპანია "იმედის" პრეროგატივაა. სიმართლე გითხრათ, რა ვადაში ხდება მოგებული თანხის გაცემა, არ ვიცი.
- ისიც ითქვა, რომ პოლიგრაფი, ანუ სიცრუის დეტექტორი 30%-ით ცდებაო...
- თუ 99-პროცენტიანი პასუხი არ არის ამა თუ იმ შეკითხვაზე, ასეთი შეკითხვა ჩვენს გადაცემაში არ ხვდება. ასე რომ...
- წინასწარ იცი შეკითხვებზე პასუხები?
- არა და არც მინდა, ვიცოდე, რადგან ასე უფრო შევდივარ აზარტში. მაგალითად, კოკა ყანდიაშვილმა რომ წააგო თამაში, ისე გამიკვირდა და მეწყინა, სახეზეც დამეტყო. არადა, კოკამ დეტექტორზე სწორი პასუხი გასცა, გადაცემაში კი შეცვალა პასუხი. გული მწყდება, რომ 10 ათას ლარს ვერავინ ასცდა, სწორედ შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო კითხვების კორიანტელი.
- ნანკა, ხშირად ხდები ჭორის ობიექტი. თქვეს, რომ საახალწლო კონცერტზე, რომელიც შენ და დუტას მიგყავდათ, ისეთი მთვრალი იყო, სცენაზე ფეხზე ძლივს იდგაო...
- ახალი წლის ღამეს ხალხი პალტოებსა და ქუდებში იყო გამოწყობილი. მე კი სცენაზე სარაფანით ვიდექი. სიცივისგან კეფა მეწვოდა და ყბას ვეღარ ვგრძნობდი. შუა კონცერტისას, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოპერატორს ისე სცემეს, რომ საავადმყოფოშიც კი მოხვდა. ამ აურზაურში ერთ-ერთმა ოპერატორმა ორი ყლუპი კონიაკი მომაწოდა ჭიქით, - დალიე, გათბებიო, მაგრამ არაფერი მეშველა.
გაუგებრობა კი იმან გამოიწვია, რომ ჩხუბის კადრები ეთერში არ უჩვენებიათ, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, სცენიდან ხალხს მაინც ვაწყნარებდი, თურმე ამ დროს ერთ-ერთი ტელეკომპანია გადასცემდა ჩემს ამ მონოლოგს და ხალხმა ვერ გაიგო, რა შუაში ვიყავი და რატომ ვაწყნარებდი ამ ხალხს. ამის შემდეგ აგორდა ჭორი, ნანკა მთვრალი, ნანკა ასეთი, ნანკა ისეთი... ამას უკვე შეჩვეული ვარ. უკვე ცხრა წელია, ასე ვარ (იცინის).
- პირად ცხოვრებაში რა სიახლეებია?
- არაფერი. უკვე იმდენჯერ გამათხოვეს, რომ ვეღარ ვითვლი. ჩემს პირად ცხოვრებაში ამჟამად სრული სიმშვიდეა...
- შეყვარებული ხომ ხარ?
- აღარ ვარ, კარგა ხანია.
- რა ხანია?
- ნახევარი წელიწადია. ახლა მშვიდად ვარ და მივხვდი, რომ ცხოვრებაში ასეთი ეტაპებიც საჭიროა.
- ამბობენ, შეყვარებული ადამიანი კარიერაში გაცილებით მეტ წარმატებას აღწევსო.
- სიყვარული საქმეში ხელს არ მიშლის. როდესაც თეატრში შევდივარ, გარეთ რა ხდება, არ მაინტერესებს. კი, როდესაც ადამიანი გულში მყავს, მიყვარს და მენატრება და თან ეს ადამიანი მგულშემატკივრობს, რაღაცაში მეხმარება და სტიმულს მაძლევს. მაგრამ ახლაც არაჩვეულებრივად ვართმევ თავს ყველაფერს. ასე რომ, საქმესთან ჩემებური "ლავ სთორი" მაქვს (იცინის).
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























