ეს დაპატიმრება ახალგაზრდა გოგონასთვის სრული მოულოდნელობა გამოდგა. ადამიანები, რომლებმაც ფხვნილით სავსე პაკეტები ჩაუტვირთეს, არწმუნებდნენ, რომ მებაჟეები ყურადღებას არ მიაქცევდნენ მის ნივთებს. ამიტომაც ნახევარი ცენტნერი ნარკოტიკი, უბრალოდ, ჩემოდნებში იყო ჩალაგებული. გოგონამ გამომძიებლებთან თავისი მეგობარი, ყოფილი მანეკენი, 25 წლის არიელ ლ. "ჩაუშვა". მისი მეშვეობით კი პოლიცია დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე გავიდა, რომელიც შესაძლოა კოკაინის კონტრაბანდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სქემის ორგანიზებას ახორციელებდა.
სამოდელო ნარკობიზნესის ამბავი მასმედიაში მხოლოდ ახლა, თებერვლის ბოლოს მოხვდა, როცა "საწარმოს" სავარაუდო ხელმძღვანელზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ეს "ბოსი" კი ყოფილი მოდელი ანხი სანსელმენტე ვალენსია გამოდგა, რომელიც კოლუმბიაშია დაბადებული და შემდეგ მექსიკასა და არგენტინაში ცხოვრობდა.
ეს გოგონა არასდროს ყოფილა მსოფლიოში ცნობილი ტოპმოდელების სიაში, არ გამოსულა პოდიუმზე უმსხვილესი სამოდელო სახლების კოლექციის ჩვენებაზე და არ ყოფილა ძვირფასი კოსმეტიკური ბრენდების სახე. მისი ყველაზე დიდი მიღწევა სილამაზის კონკურსებზე იყო "ყავის დედოფალი - 2000". ვალენსიას ფოტოები უფრო ხშირად თეთრეულის კატალოგებსა და მამაკაცების ჟურნალებში ჩნდებოდა - მისი წარმატების "საიდუმლო" მომხიბლავი სხეული იყო.
იშვიათი გამონაკლისების გარდა, 30 წლის ასაკში მოდელებს სხვა სამუშაოს ძებნა უწევთ. ვალენსიამ, როგორც ჩანს, მდიდარ მფარველზე გააკეთა ფსონი და მექსიკელი ნარკობარონის, ე.წ. "მონსტრის" მეგობარი გოგონა გახდა. 2009 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ვალენსია მექსიკიდან არგენტინაში გადაბარგდა და გადაწყვიტა, რომ მეგობრისგან საკმარისი საიდუმლოებები ჰქონდა გაგონილი, რათა მისი კონკურენტი გამხდარიყო ბიზნესში.
გამომძიებლები ნაკლები ენთუზიაზმით გასცემენ ინფორმაციას ანხი ვალენსიას საქმეზე, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, გოგონამ გადაწყვიტა, კრიმინალური მიზნებით გამოეყენებინა როგორც ნარკოტიკების მიმწოდებლებთან კავშირები, ისე სამოდელო ბიზნესში ნაცნობობა. მის მიერ მოფიქრებული სქემა იმას ეფუძნებოდა, რომ მოდელები ხშირად დაფრინავენ აქეთ-იქით - როგორც ლათინური ამერიკის მასშტაბით, ისე უფრო შორსაც. ფოტოსესიებზე, ჩვენებებზე... მომხიბლავი, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არც ისე ექსტრავაგანტური გოგონები, რომლებიც ახლახან გახდნენ სრულწლოვანები, საკმაოდ უწყინარად გამოიყურებიან და საბაჟოს თანამშრომლებს ეჭვს არ აღუძრავენ.
ვალენსიამ გადაფრენების ორგანიზება ისე მოახერხა, რომ ყოველ 24 საათში ერთხელ კანკუნის აეროპორტში ჯდებოდა თვითმფრინავი მორიგი კურიერით. სქემაში ჩართული იყვნენ ასევე ადამიანები, რომლებიც ამგვარი მეთოდით ფულის შოვნაზე თანახმა მანეკენებს ეძებდნენ. როგორც მარია ნ.-ს მაგალითით ჩანს, გოგონებს არწმუნებდნენ, რომ ისინი არ რისკავდნენ. ანაზღაურება კი შთამბეჭდავი იყო - თითო რეისში მოდელებს ხუთი ათას დოლარს უხდიდნენ. კონკურენცია ლათინოამერიკელ მანეკენებს შორის მაღალია და ყველა გოგონა როდი ახერხებს ყოველთვიურად ამხელა თანხის შოვნას, ამიტომაც ვალენსია კადრების ნაკლებობას არ უჩიოდა. ე.წ. აგენტები კი თითოეულ "გადაბირებულ" გოგონაზე ორი ათას დოლარს იღებდნენ.
იმ მომენტში, როცა ანხი ვალენსიას სახელი პირველად ამოტივტივდა ძიების პროცესში, ყოფილი მოდელი ბუენოს-აირესის ოთხვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობდა. თუმცა მისი პოვნა პოლიციამ ვეღარ შეძლო. ორთვიანი ამაო ძებნის შემდეგ სპეცსამსახურებში დაასკვნეს, რომ ქალს შეეძლო ქვეყანაც დაეტოვებინა, ამიტომაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. თუმცა პოლიციამ მისი რამდენიმე თანამზრახველის დაკავება მოახერხა, არგენტინული პრესის მონაცემების თანახმად, სამი ნარკომოვაჭრე გაქცევას აპირებდა, მაგრამ ისინი დააპატიმრეს.
ანხი ვალენსიას ძებნის პარალელურად, სპეცსამსახურები ცდილობენ გამოავლინონ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ბუენოს-აირესის აეროპორტის პერსონალს შორის. სავარაუდოდ, ანხის იქაც ჰყავდა "თავისი ხალხი". სხვათა შორის, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ პოლიციამ ექსმოდელის ახალი ბიზნესის შესახებ მექსიკელი "მონსტრის" გარემოცვისგან შეიტყო, რომელმაც ამგვარად ორი კურდღელი დაიჭირა - კონკურენტი ჩამოიშორა და ყოფილ შეყვარებულზე შურიც იძია.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























