- როგორი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?
- ადრე სპორტულ და თავისუფალ სტილს ვამჯობინებდი - ფართო შარვლები და დიდი ზომის მაისურები მეცვა, ვინაიდან კალათბურთზე დავდიოდი, სხვა სტილის სამოსში თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, ახლა კი რადიკალურად განსხვავებული სტილის სამოსი მომწონს.
- რამ განაპირობა ეს რადიკალური ცვლილება?
- ალბათ წლების მომატებამ. საერთოდ, გემოვნება ასაკთან ერთად იცვლება. მეც ასე დამემართა. დღეს მომწონს კლასიკური სტილის სამოსი და ვფიქრობ, რომ მიხდება. თუმცა სულ კლასიკურ სამოსში ვერ ივლი, ამიტომ ყოველდღიურად, სტანდარტების შესაბამისად, არც მეტისმეტად მკაცრი სტილის სამოსი მაცვია და არც მეტისმეტად თავისუფალი.
ყოველდღიურად მაცვია ჯინსი, კედები ან რაიმე სხვა სპორტული სტილის ფეხსაცმელი, მაისური და სეზონის შესაბამისად - ქურთუკი ან პიჯაკი.
- მოდის ტენდენციებს ითვალისწინებ?
- რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოდის ტენდენციების მიხედვით უნდა მეცვას.
- ქართველ დიზაინერებზე რას იტყვი? "მისტერ საქართველოს" მოსამზადებელ პერიოდში ავთანდილ ცქვიტინიძესთან მოგიწია მუშაობამ, შესარჩევ კონკურსში მისი კოსტიუმი გეცვა. მოგწონს ავთანდილის სტილი?
- ქართული მოდის სამყაროს ცუდად ვიცნობ, - მოგეხსენებათ, ამ სფეროში სულ რამდენიმე კვირაა მოვხვდი, ამდენად, შეფასება გამიჭირდება, თუმცა ვიცი, რომ საკმაოდ წარმატებულები არიან. ავთანდილ ცქვიტინიძე "მისტერ მსოფლიოს" ფინალისთვისაც მიკერავს სმოკინგს. ეს სმოკინგი არ არის კლასიკური, სტანდარტული; მას ავთანდილისთვის დამახასიათებელი ორიგინალური შტრიხები აქვს და ძალიან მომწონს. ავთანდილის 2010 წლის კოლექცია კი, რომელიც "მისტერ საქართველოს" ფინალში კონკურსანტებს გვეცვა, შესანიშნავად ესადაგებოდა ამ კონკურსს და გარემოს. ამ კოლექციის კოსტიუმები ცოტა ექსტრავაგანტური და არასტანდარტულია, სპეციფიკურ გარემოს უნდა შეუსაბამო... ავთანდილმა ეს კოსტიუმი მაჩუქა.
- და, სად ჩაიცვამ?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, საკმაოდ პრეტენზიულია. ალბათ, კარნავალზე (იცინის).
- რამდენიმე დღეში საქართველო "მისტერ მსოფლიოზე" უნდა წარადგინო. შენს იმიჯზე ბევრი სტილისტი და დიზაინერი მუშაობს. ვთქვათ, ისეთი რამ შეგირჩიეს, რაც შენს სტილს ეწინააღმდეგება...
- თუ ისეთ სამოსს შემირჩევენ, რომელიც ჩემს რწმენას, მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება, ცხადია, არ ჩავიცვამ.
- თავის მოვლას დიდ დროს უთმობ?
- თავის მოვლაში დიდ დროს არ ვხარჯავ. ვვარჯიშობ და ვცდილობ, ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდიო.
- რომელი აქსესუარია შენთვის მნიშვნელოვანი?
- ყოველთვის მიკეთია საათი, რომელიც ხუთეულში გასვლის შემდეგ მაჩუქეს. ქამრებიც მიყვარს, მაგრამ დიდბალთებიანი - არა. სათვალეს მხოლოდ ზაფხულში, ზღვაზე ვიკეთებ.
- გიორგი, "მისტერ საქართველოზე" რა გაჩუქეს?
- "აპელას" ფირმის საათი, ვაკის საცურაო აუზის ერთწლიანი აბონემენტი, ბარათი, რომლითაც შემიძლია, სხვადასხვა მაღაზიაში სამოსი შევიძინო, ოქროს მედალი და გარდამავალი პრიზი, რომელსაც მომავალ "მისტერ საქართველოს" გადავცემ.
- როგორ ფიქრობ, საქართველოში ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი ქალი და მამაკაცი?
- ყველაზე ელეგანტურ ქალბატონად ნანი ბრეგვაძე მიმაჩნია. ყოველთვის ძალიან გემოვნებით და ასაკის შესაბამისად აცვია. მამაკაცის დასახელება გამიჭირდება.
ნათია მალიშავა
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























