მოგეხსენებათ, საქართველოს სახელით, "ევროვიზიის" საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე (რომელიც ნორვეგიის დედაქალაქში ჩატარდება) წელს მომღერალი სოფო ნიჟარაძე წარდგება. ახლახან "ევროვიზიის" შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომელზეც სოფომ 6 ინგლისურენოვანი სიმღერა შეასრულა. მათ შორის საუკეთესო, ნორვეგიელი კომპოზიტორის - ჰენ სორაგის SHINE მაყურებლებმა (სატელეფონო ზარებისა და "ესემესების" საშუალებით) და სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩიეს. ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა მაყურებლების, ჟიურის წევრების და შემსრულებლის გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა...
სოფო ნიჟარაძის ახლობლებს შორის, მომღერლის ბებია - ქალბატონი ჯალალა აბრამიძე შვილიშვილის საგულშემატკივროდ, კონკურსზე თითქმის ყველაზე ადრე გამოცხადდა, - რა ვქნა, ბებია, შინ ვეღარ "დავკავდი" და მოვედიო...
- დედა, სცენაზე რა პაწაწინა ჩანს? - გაოცებით აღნიშნა ქალბატონმა ჯალალამ სოფოს დანახვაზე, რომელიც სცენაზე რეპეტიციას გადიოდა, - არადა, მაღალი გოგონაა!.. პატარა რომ იყო, სამასწავლებლოში შევიყვანდი ხოლმე, მაგიდაზე შევსვამდი და ვამღერებდი.
- მასწავლებელი ბრძანდებით?
- კი, ბებია, 62-ე სკოლაში ქიმიას ვასწავლი. ჩემს მოსწავლეებს სოფო ძალიან უყვართ, სულ მის ქებაში არიან, რომ მასიამოვნონ, მაგრამ ვეუბნები, - მაღალ ნიშნებს მაინც არ დაგიწერთ-მეთქი! - ასე მათ შესაშინებლად ვამბობ ხოლმე, თორემ ჯერ არც ერთი ბავშვისთვის გული არ დამიწყვეტია. ერთ მოსწავლეს დავემუქრე, - მარჯვენა მომტყდეს, შენ თუ ნიშანი დაგიწერო-მეთქი! ბოლოს მაინც დავუწერე და მარჯვენა ხელი მართლა არ მომტყდა?! სოფო ძალიან ნიჭიერია: სკოლაში ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდა და თან, სიმღერასაც ასწრებდა. აკვანშიც კი ღიღინებდა...
- საერთაშორისო კონკურსისთვის, შვილიშვილს როგორ ამხნევებთ?
- ჩემი გამხნევება არ სჭირდება, ისედაც მხნედაა: სოფოს მსგავსად ვერავინ მღერის - ეს ნიჭი ღმერთმა აჩუქა! რუსები ცუდად რომ გვექცევიან, აღარ მოინდომა, ბატონო, მათ ქვეყანაში დარჩენა, - რუსებს არ ვუმღერებო! თავისი სამშობლოს ერთგული, პატრიოტი შვილია! სიმღერა კარგად იცის და ღვთის წყალობით, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება.
მალე ჟიურის წევრებიც მოვიდნენ. კონკურსი დაიწყო და სოფომ 6 ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის სიმღერა განსხვებული სასცენო ჩაცმულობით წარმოადგინა:
- ჩემს ჩაცმულობაზე თეონა ელიზბარაშვილმა იზრუნა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. სიმღერების მსგავსად, სცენაზე ჩემი იმიჯიც და კაბებიც რადიკალურად განსხვავებული იყო. ძალიან მიხარია, რომ კონკურსის შემდეგ ყველა კაბა მე დამრჩება (იცინის)! სიმღერებს რაც შეეხება, ყველა მომწონს - გული არც ერთზე არ დამწყდება.
ჟიურის წევრებმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს: მათი აზრით, ნორვეგიელი კომპოზიტორის მიერ დაწერილი სიმღერა სოფოს ბუნებას, მის სენტიმენტალურ ხასიათს ყველაზე მეტად მოუხდა.
მარინა ბერიძე, ჟიურის წევრი:
- სოფოს მიერ შესრულებული ყველა სიმღერა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ნორვეგიელი კომპოზიტორის სიმღერამ მომღერლის ნიჭი მთლიანად წარმოაჩინა. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. მგონი, საერთაშორისო კონკურსზე ყველაფერი კარგად იქნება!..
გია ჭანტურია, ჟიურის წევრი:
- მთავარია, რომ სოფო და სიმღერა - SHINE ერთმანეთს უხდებიან, ავსებენ... მომღერლისა და სიმღერის ასეთ შერწყმას არც ველოდი. "ევროვიზიასთან" დაკავშირებით, ამბიციური გეგმები გვაქვს - ჩვენი სამიზნე პირველი ადგილია! 27 მაისს ყველანი ძალიან ვინერვიულებთ! ოპტიმისტურად ვართ განწყობილები - გამარჯვების შანსი სოფოს ნამდვილად აქვს!
სოფო ნიჟარაძე:
- აღვნიშნე, გული არც ერთ სიმღერაზე არ დამწყდება-მეთქი, და ეს მართლაც ასეა, რადგან ყველა მათგანი ნიჭიერი კომპოზიტორის მიერაა შექმნილი; ამიტომ ექვსივე სიმღერა ჩემს მეორე დისკში აუცილებლად შევა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ემოცია, გრძნობა SHINE-ს კონტექსტს, დიაპაზონს განსაკუთრებულად ემთხვევა. ამიტომ გამიხარდა, რომ არჩევანი მასზე შეაჩერეს, თუმცა არც სხვა სიმღერის გამარჯვება მეწყინებოდა (იღიმის).
- გასული წლის მსგავსად "ევროვიზიის" შიდა შესარჩევი კონკურსი მომღერლებს შორის რომ ჩატარებულიყო, მონაწილეობას მაინც მიიღებდი?
- "ევროვიზია" დიდ ემოციასთან, ნერვიულობასთან, პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, რადგან შენ უკან მთელი ქვეყანა დგას. მაგრამ ალბათ, საკუთარი ინიციატივითაც მივიღებდი მონაწილეობას.
- შენმა ბებიამ გამიმხილა - სოფოს "ევროვიზიაში" მონაწილეობა დააძალესო.
- არა, უბრალოდ, გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული პერიოდი დამჭირდა. შემოთავაზება ისეთი მოულოდნელი იყო, რომ კარგად ვერც მოვიფიქრე (იცინის), მაგრამ როცა რაღაც ნაბიჯს ვდგამ, არასოდეს ვნანობ: შევეცდები, ჩემი ქვეყანა "ევროვიზიაზე" ღირსეულად წარვადგინო.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:49 / 06-03-2010
SHINE - ერთსულოვანი არჩევანი და ქართველების სამიზნე ”ევროვიზიაზე”

























