სამოდელო სააგენტომ - VIP - ჩაატარა კონკურსი - "მის ინტერნეიშენალ ჯორჯია", რომლის გამარჯვებული, 17 წლის ანი მეტრეველი უახლოეს მომავალში შანხაიში, საქართველოს სახელით გაემგზავრება. იმედია, მსოფლიოს ულამაზეს გოგონებს შორის ანი საკუთარი თავის წარმოჩენას შეძლებს და "მის მსოფლიო ინტერნეიშენალის" ტიტულსაც მოიპოვებს. ანი რედაქციაში ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, მოდელ მარია სარჩიმელიასთან ერთად მოვიწვიეთ.
ანი:
- სულ 15 კონკურსანტი ვიყავით. თავიდან, ექვსეული შეარჩიეს, შემდეგ - სამეული, ბოლოს კი "მის ინტერნეიშენალად" დამასახელეს. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველანაირად შევეცდები, საკუთარი თავი წარმოვაჩინო.
მარია:
- მგონი, გამარჯვებას არ ელოდა. მისი სახელი რომ გამოაცხადეს, ისე დაიბნა, სცენაზე არ გამოდიოდა.
ანი:
- მეათე ნომერი ვიყავი, მაგრამ რატომღაც, მეგონა, რომ მეცხრე ვიყავი - ადრე რამდენიმე კონკურსში ვმონაწილეობდი და ისე მოხდა, რომ ყოველთვის #9 გახლდით. როცა გამარჯვებულად დამასახელეს, ერთ-ერთმა კონკურსანტმა "გამომაფხიზლა", - რას ელოდები, გადიო (იცინის)!.. სერიოზული კონკურენტები მყავდა. მათი სახით ახალი მეგობრები შევიძინე, რაც ძალიან მახარებს. თითოეული მათგანი მართლა, საოცრად მეგობრული იყო და რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზიც... აქვე აღვნიშნავ, რომ "პირველი ვიცე-მისი" მარია ავალიშვილი გახდა, ხოლო "მეორე ვიცე-მისი" - თამუნა ქაცარაძე.
- ვიდრე "მის ინტერნეიშენალ ჯორჯია" გახდებოდი, რას საქმიანობდი?
- 2 წელია, რაც სამოდელო სააგენტო "ლეონში" დავდივარ და ჩვენებებში ვმონაწილეობ; 2006 წელს გავხდი "მის სკოლა 2006" და ვმონაწილეობდი "მის სპორტის" შესარჩევ კონკურსში... ვსწავლობ სკოლაში - მეთერთმეტე კლასში გახლავართ, მომავალში კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაპირებ ჩაბარებას. ეს პროფესია ბავშვობიდან მომწონდა.
- ალბათ, ტელეჟურნალისტიკა გიზიდავს...
- დიახ, წამყვანის ამპლუაში ყოფნის პერსპექტივა მხიბლავს (იცინის).
- მარია, შენ ამ კონკურსზე ჟიურის წევრი იყავი. ანის მანამდეც იცნობდი?
- არა, ჩვენ ერთმანეთი კონკურსზე გავიცანით. სიმართლე გითხრათ, ანი თავიდანვე, ჩემი ფავორიტი იყო, მაგრამ მან ჟიურის დანარჩენი წევრებიც ისე მოხიბლა, რომ "მის ინტერნეიშენალ ჯორჯიად" ყველამ ერთხმად დავასახელეთ.
- ანიმ რითი მოგხიბლათ?
- ყველაფრით, პირველ რიგში კი თავისი არაჩვეულებრივი ღიმილით. წელს შანხაიში საიუბილეო, 50-ე კონკურსი ტარდება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კონკურსი საქართველოსთვის წარმატებით ჩაივლის და ანი პირველ ადგილზე თუ არა, სამეულში მაინც მოხვდება. სხვათა შორის, ანის რამდენიმე ფოტო უკვე გავგზავნეთ და კონკურსის ორგანიზატორები მისმა გარეგნობამ აღაფრთოვანა, ძალიან მოეწონათ.
- საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად მიდიხარ?
ანი:
- დიახ და ამის გამოც, ძალიან ვღელავ.
- ასეთი გარეგნობის გოგონას ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს...
- ისევე, როგორც ყველა გოგოს, თაყვანისმცემლები მეც მყავს, მაგრამ მათგან ზედმეტად განებივრებული ნამდვილად არ ვარ. სხვათა შორის, ჯერჯერობით არც შეყვარებული მყავს.
- "მისტერ საქართველომ" ცოლობა რომ შემოგთავაზოს, გაჰყვები?
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია...
- ბევრი ამბობს, რომ არ მოსწონს ისეთი მამაკაცი, რომელიც თავის წარმოჩენას საკუთარი გარეგნობით ცდილობს...
მარია:
- თუ ამ ყველაფრის უკან ნამდვილი მამაკაცი იდგება, მას ცოლად სიამოვნებით გავყვები, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთი შეგვიყვარდება; მაგრამ თუ ეს "მისტერი" უბრალოდ, ლამაზი თოჯინაა, მასთან ერთად ოჯახს ვერ შევქმნი.
ანი:
- მარიას ვეთანხმები. ალბათ, ვერც მე გავყვები ასეთ კაცს ცოლად. ამასთან, მამაკაცი, რომელიც შემიყვარდება, უნდა იყოს ყურადღებიანი, ქალის ფასი უნდა იცოდეს.
- საინტერესოა, სკოლაში რა ნიშნებზე სწავლობ?
- ნორმალურად ვსწავლობ, უფრო მეტად კი ჰუმანიტარული საგნები მიზიდავს... ჩემი სამოდელო კარიერის გამო, სკოლაში პრობლემები მექმნება, რადგანაც გაკვეთილების გაცდენა მიწევს ხოლმე, მაგრამ მასწავლებლები ცდილობენ, ხელი შემიწყონ...
- თავისუფალ დროს რას საქმიანობ?
- ვცდილობ, თავისუფალი დრო, რომლის ნაკლებობასაც ვუჩივი, მეგობრებთან ერთად გავატარო. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ კაფე-ბარებში მივდივართ ხოლმე.
- მოდელობა რთული საქმეა?
მარია:
- რთულია, მაგრამ საინტერესო. სააგენტოები ცდილობენ, ყველა პირობა შეგიქმნან, ყველაფერში შეგიწყონ ხელი, მაგრამ მაინც, მერწმუნეთ, მოდელი ყველაფერს მონატრებულია.
- ალბათ, დიეტაზე ყოფნა ხშირად გიწევთ...
- ჩვენ არავინ არაფრის ჭამას არ გვიკრძალავს - თუ ფორმას დავკარგავთ, ისევ ჩვენ დავზარალდებით. ახლა ერთ კურიოზს მოგიყვებით, რომელიც ჩინეთში ყოფნისას შემემთხვა. საერთოდ, ჩინური სამზარეულო არ მიყვარს და ამ ქვეყანაში ყოფნისას, მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს გეახლებით ხოლმე. ერთხელაც, მომბეზრდა ამ ბრინჯის ჭამა და ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ნამცხვარს მივირთმევდი, თან, მეშინოდა, ფორმა არ დამეკარგა; ჩემი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა - იმის ნაცვლად, რომ გავსუქებულიყავი, წონაში ისე დავიკელი, რომ მითხრეს: რას დაემსგავსე, სასწრაფოდ, ცოტათი უნდა მოიმატოო (იცინის)!
- მარია, დაახლოებით, რამდენია მოდელის შემოსავალი წელიწადში?
- მოდი, ამას საიდუმლოდ დავტოვებ, თორემ იმდენი ციფრის დასახელება მიმიწევს, რომ ჯობია, საერთოდ არაფერი ვთქვა (იცინის). ერთს გეტყვით, საქართველოში, მხოლოდ მოდელობით, თავს ვერ ირჩენ! აი, საზღვარგარეთ კი ყველაფერი სხვაგვარადაა.
- საზღვარგარეთ წასვლაზე და კარიერის იქ გაგრძელებაზე არასდროს გიფიქრია?
- მიფიქრია და მიწვევაც არაერთხელ მქონდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. თანაც, ახლა უკვე ისეთ ასაკში ვარ, როცა წესით, სამოდელო კარიერას თავს ანებებენ.
- რამდენი წლის ხარ?
- 25-ის და მალე, პენსიონერი მოდელი ვიქნები (იცინის).
- კარგია, პენსიას მაინც თუ გადაგიხდიან...
- სამწუხაროდ, პენსიას არავინ გადამიხდის (იცინის).
ანი:
- როცა რაღაცას აკეთებ, მატერიალური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდელობა ისეთი საქმეა, რომ უფულოდაც ჩაგითრევს. მე ამ პროფესიას ვერ შეველევი.
- შემოთავაზების შემთხვევაში, თუ წახვალ საზღვარგარეთ, კარიერის ასაწყობად?
- ჯერ პატარა ვარ და დამოუკიდებლად ცხოვრება გამიჭირდება, საზღვარგარეთ კი ცხადია, მთელ ოჯახთან ერთად ვერ გადავსახლდები. ასეც რომ იყოს, მეგობრებსა და ახლობლებს ვერ შეველევი, სხვა ქვეყანაში ცხოვრება გამიჭირდება...
ლიკა ქაჯაია
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:21 / 28-02-2010
17 წლის ქართველი მოდელის წარმატება და ნამცხვრის დიეტა

























