პირველი დღიდან მოყოლებული, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის კასტინგში გასვლა უკვე დიდი წარმატება იყო, საერთოდ არ უნერვიულია და საკმაოდ თავდაჯერებულად გადადიოდა ტურიდან ტურში. ბერძენმა მაყურებელმა ქართველი მომღერალი გულითადად მიიღო, ათენში ნინის ფანკლუბიც კი გაიხსნა. განსაკუთრებულად ნინის წარმატებამ იქაური ქართველები გაახარა. მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ ნინი შერმადინი "ექს-ფაქტორის" ფინალში გავიდა, საბერძნეთში დავუკავშირდით და ფინალის წინ ვესაუბრეთ.
- ნინი, წარმოიდგენდი, რომ ასეთი მასშტაბური კონკურსის ფინალისტი გახდებოდი, როცა საბერძნეთში ჩახვედი?
- საკუთარი თავის ყოველთვის მჯეროდა, ასე რომ, ნამდვილად წარმოვიდგენდი...
- ვინ არიან შენი კონკურენტები?
- ორი მონაწილე, ერთ-ერთს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, კვიპროსიდან არის.
- შენც ხომ ბევრი გულშემატკივარი გყავს?
- საკმაოდ ბევრი, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ბერძნებიც. ჩემი ფანკლუბი გაიხსნა, სადაც უამრავი ბერძენია გაერთიანებული. მინდა, ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.
- ამ ხნის განმავლობაში ორჯერ იყავი აუტსაიდერი. როგორი იყო სცენაზე დგომა ჟიურის გადაწყვეტილების მოლოდინში და რა შეგრძნება გქონდა, როცა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა თავისი მეგობრის შვილი გააგდო და შენ დაგტოვა?
- პირველად რომ აღმოვჩნდი აუტსაიდერად, რასაკვირველია, ცუდი გრძნობა იყო, თუმცა იმდენად არ მინერვიულია, რადგან ვიცოდი, ჩემი კონკურენტი ბიჭი გავარდებოდა. აი, უკვე მეორედ მართლა სანერვიულო იყო, რადგან ჩემი მენეჯერი გიორგოს ტეფანოსი საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დადგა, აუტსაიდერად მე და ასევე მისი ერთი პროტეჟე ივი მოვხვდით.
ივი დარწმუნებული იყო, რომ გიორგოსი მას აირჩევდა და მე გავვარდებოდი, საინტერესო ისაა, რომ ივიც და გიორგოსიც კვიპროსიდან არიან, ვგრძნობდი, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო, ბატონმა გიორგოსმა ისეთი სიტყვები მითხრა, გული ამიჩუყდა - ნინი, მე შენი მჯერა, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები, გეთაყვანები და უდიდესი მომღერალი ხარო. ეს გამოსვლა დაამთავრა სიტყვებით - მინდა დარჩეს ნინი!. ბევრს გაუკვირდა მისი ეს არჩევანი, თან იცოდნენ გიორგოსისა და ივის დამოკიდებულება, მაგრამ მან თქვა, გული რასაც მეუბნება, იმას ვაკეთებო...
- ბევრი ამბობს, გიორგოსი ნინიზეა შეყვარებულიო, მართალია?
- სამწუხაროდ, საქართველოში არ მიგრძნია ასეთი დაფასება, რაც აქ ვიგრძენი. მართალია, ძალიან ვუყვარვარ და მეც უდიდეს პატივს ვცემ. არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
სრულიად უცხო ადამიანი ვიყავი მისთვის და ძალიან დამეხმარა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ "ექს-ფაქტორისთვის" სწორედ მან შემარჩია, მაშინ მითხრა, ძალიანაც რომ მინდოდეს შენი არგაყვანა ამ კონკურსზე, არ გამომივაო. უბრალოდ, როგორც კომპოზიტორს, შენი ნიჭის უარყოფა არ შემიძლიაო, გარდა ამისა, გადამწყვეტ მომენტში ყველაფერს ხაზი გადაუსვა და მხარი მე დამიჭირა. პირდაპირ არ აქვს ნათქვამი, მაგრამ სხვებმა გადმომცეს, ჩემზე უთქვამს, ნინიში დიდ მომავალს ვხედავო. ძალიან უყვარს ქართველები.
- ნინი, ფინალამდე რამდენიმე დღე დარჩა და თუ ვერ გახვალ პირველ ადგილზე, როგორია შენი გეგმები?
- გიორგოსი ჯერ არაფერს მეუბნება, მაგრამ ვიცი, რომ საბერძნეთიდან აღარ გამომიშვებენ. ძალიან უკვირს, საქართველოდან როგორ გამოგიშვესო.
- პრიზები გასაიდუმლოებულია?
- ჯერ არ გვეუბნებიან, წინა წელს პირველი ადგილის მფლობელისთვის განკუთვნილი იყო ბინა ათენში და 150 ათასი ევრო, ასევე კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდიასთან, თუმცა ერთადერთი პრიზი, რაც წინასწარ ვნახეთ, არის ჯიპი, რომელიც საკონცერტო დარბაზის ფოიეში დგას და 70000 ევროდ არის შეფასებული, დანარჩენი ყველაფერი სიურპრიზად დატოვეს. კონტრაქტს რაც შეეხება, ის "სონი მიუზიკთან" გაფორმდება, რომელიც იზრუნებს მომღერლის კარიერის აწყობაზე არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ევროპაშიც.
- სცენაზე რომ გამოდიხარ, ნერვიულობა საერთოდ არ გეტყობა, რა არის შენი სიმშვიდის საიდუმლო?
- სიმშვიდის საიდუმლო (იღიმება)? ჩემი განვლილი ცხოვრება, უამრავი კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიმიღია. კულისებში ცოტა მღელვარება არის, რომელიც სცენაზე გასვლის პირველივე წამიდან მეხსნება. ამდენი კონკურსი გამოვიარე და "ექს-ფაქტორზე" რა მანერვიულებს?!
- ისიც გვითხარი, მოსამზადებელი პერიოდი როგორია?
- ბარბრა სტრეიზანდის სიმღერა და ერთიც იტალიური სიმღერა მოვამზადე, გიორგოსმა ინტერნეტით ნახა როგორ შევასრულე წითელ კაბაში გამოწყობილმა იურმალის კონკურსზე და გადაწყვიტა, ასეთი წითელი კაბა უნდა შევაკერინოთო. ასე რომ, ზუსტად იურმალისნაირი არა, მაგრამ დაახლოებით ისეთი კაბა შემიკერეს. მოსამზადებელ პერიოდში განსაკუთრებული მეტი არაფერია, მთელი დღე გარეთ ვარ, მასწავლებლისგან დიზაინერთან გავრბივარ და პირიქით.
- ნინი, პირველი ადგილი რომ მოიპოვო, მოულოდნელი იქნება?
- მესმის, რომ ძნელია, ბერძნულ კონკურსში ქართველმა პირველი ადგილი აიღო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ფინალში იმდენად კარგი მონაწილეები დარჩნენ, რომ ორივესთვის მემეტება პირველი ადგილი, ასე რომ, ყველანაირ პოზიციას შეგუებული ვარ.
- კონტრაქტი მაინც გექნება?
- გიორგოსი გახდება ჩემი მენეჯერი, შემოთავაზებები უკვე მაქვს, ასე რომ, საბერძნეთში ვაპირებ დარჩენას. ამას წინათ ვეუბნებოდი, გამიშვით, ბავშვს ვნახავ და ჩამოვალ-მეთქი და აქეთ ჩამოიყვანეო, მიპასუხეს (იცინის). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ ჩამოვალ. ჩამოვალ ხოლმე, როგორც კი დრო მექნება, ერთი ან ორი კვირით, დიდი სიამოვნებით ვუმღერებ ჩემს ხალხს.
- ნინი, მანდ კიდევ ერთი ქართველი მომღერალია - თამთა გოდუაძე, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ მოგილოცა ფინალში გასვლა?
- არა, არ მოულოცავს... მეტს ვერაფერს გეტყვი.
- კარგი. შენი შვილი სადაა?
- ჩემს დედამთილთან, სხვა ქალაქში, ვაჟიკო კი ჩემთან ერთად არის და ძალიან მგულშემატკივრობს. როგორც იცი, მისი სურვილით წამოვედი ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
- ხალხი ქუჩაში გცნობს?
- "ექს-ფაქტორიდან" ქუჩაში მარტო სიარული მეკრძალება, მეუბნებიან, შენი უსაფრთხოებისთვის ასე სჯობსო. მარტო არც გავდივარ, მე და ვაჟა დავდივართ ხოლმე. ყველა მცნობს, დიდი და პატარა, ავტოგრაფებს ვარიგებ (იღიმება).
- ნინი, შეაჯამე, რა მოგცა ამ კონკურსმა?
- ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი, მაგალითად, როცა გიორგოსმა ჟიურის ადგილი დატოვა, სცენაზე გადმოინაცვლა და უსიტყვოდ გადამკოცნა. ბედნიერი ვიყავი, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა ამ კონკურსის ისტორიაში. მეორე დღეს მონაწილეები შურის თვალით მიყურებდნენ, ვგრძნობდი, არ ესიამოვნათ ჟიურის მხრიდან ასეთი რეაქცია. ამ კონკურსის წყალობით სულ სხვა ქვეყანასა და სხვა გარემოში აღმოვჩნდი, სხვა თუ არაფერი, ამას წინათ ვამბობდი, აქ ერთ-ერთ კონცერტზე ბიონსე გავიცანი.
თუმცა, რასაკვირველია, გარდა ამისა, კიდევ ბევრი რამ მივიღე ამ კონკურსიდან.
- ნინი, ამას წინათ, როცა საქართველოში ლაპარაკობდნენ, შენს წარმატებაზე ბევრი კარგი შეფასება მოვისმინეთ. ნიკა მემანიშვილმა შეგაქო და თქვა, რომ ყოველთვის იცოდა, უცხოურ სიმღერებს უფრო კარგად ასრულებდი, ვიდრე ქართულს. ამ მოსაზრებას ეთანხმები?
- ჩემთვის დიდი პატივია, ბატონმა ნიკამ ჩემი ნიჭის შესახებ კომენტარი რომ გააკეთა. ისე, მინდა ვთქვა, რომ ნიკა მემანიშვილი იყო ერთადერთი ჟიურის წევრებიდან, ჩემი "ჯეოსტარში" მონაწილეობის დროს, რომელსაც ცოტათი მაინც სჯეროდა ჩემი ნიჭისა და შესაძლებლობების.
p.s. პარასკევს, 12 თებერვალს, "ექს-ფაქტორის" ფინალში ნინიმ მეორე ადგილი დაიკავა. შედეგები ჩვენი დროით ღამის ორ საათზე გამოცხადდა. ნინის ვულოცავთ ამ წარმატებას და ჩვენი ჟურნალის სახელით წინსვლას ვუსურვებთ!
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

























