როგორ დავძლიოთ ნარკომანია, ვინ დაეხმარება ნარკომანიით დაავადებულს ამ სენთან გამკლავებაში? ამბები.ge-ს მკითხველს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნარკოლოგი აკაკი გამყრელიძე პასუხობს
მკითხველი: ბესო
გამარჯობათ ბატონო აკაკი, როგორ ფიქრობთ: რამდენად ეფექტურია ნარკომანის "მკურნალობა"რაიმე სამედიცინო საშუალებებით?(დეტოკსიკაციას არ ვგულისხმობ)....
თვლით თუ არა რომ, ნარკომანი ადამიანის ყველაზე "ძლიერი ექიმი" თავისივე თავია, ანუ ის რომ, მან საკუთარ თავს უნდა აჯობოს? მე პირადად მაქვს ეს საშინელი სენი გამოცდილი და კიდე ვერ დავაღწიე თავი ბოლომდე, რამდენჯერმე ვიწექი თბილისის კლინიკებში, თუმცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არავითარი საავადმყოფო ამ სენიდან თავის დასაღწევად საკმარისი არაა! 5-6 თვე ისე გავიდეს შეიძლება არ მოვიხმარო, თუმცა საკმარისია ერთხელ "აღმოვჩნდე შესაბამის სიტუაციაში" და მორჩა თავს ვეღარ ვჯობნი! რა გზას დავადგე, ვერ ვხვდები...ტვინიდან ვერ ამოვიგდე ამ საშინელების "გემო"
ბატონო ბესო, იმისათვის რომ ნარკოტიკების მიღებას თავი დაანებო, საჭიროა, დიდი ნებისყოფა, და რაც მთავარია მყარი ალტერნატივა. მრავალად არის ისეთი ხალხი, ვინც შეძლო თავი დაეღწია ამ სენისათვის, თუ სურვილი გაქვთ თქვენც შეძლებთ. მართალია თქვენ ბევრჯერ გიმკურნალიათ, მაგრამ თუ ეს საქართველოში ხდებოდა, ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს მკურნალობის სრულყოფილი მეთოდები, რადგანაც ნებისმიერ მკურნალობის მეთოდს საჭიროა მოსდევდეს ხანგრძლივი სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ეს უკანასკნელი კი სამწუხაროდ დღემდე საქართველოში არ არსებობს.
და კიდე ერთი: რამდენად მართებულად მიგაჩნიათ სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ საკითხის (კერძოდ კი ნარკომანებთან მიდგომას ვგულისხმობ) მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ აქ ნარკომანს, ანუ დაავადებულს ისევე სჯიან, როგორც გამსაღებელს...1დოზის გამო 7 წლიანი სასჯელი ნორმალურად მიგაჩნიათ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც დემოკრატიულ და ჰუმანურ ღირებულებებზე აგებულ საზოგადოებაზე აქვს პრეტენზია?
ეს ასე არ არის ჩვენი კანონმდებლობით. რაც შეეხება ზოგადად დასჯადობას, ის ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სიმკაცრით და ხშირად გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენთანაა. ევროპაში ხშირია ალტერნარიული სასჯელის შეთავაზება მკურნალობის სახით. ჩვენც ახალი კანონით აქეთ მივდივართ.
მესამეც: მინდა გკითხოთ ცნობილი, ე.წ. "მეტადონის პროგრამის" შესახებ, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. ამბობენ, რომ ის, ვინც მეტადონს მოიხმარს, მაქსიმუმ 5 წელიწადში ვეღარ იცოცხლებს... გთხოვთ, დაწვრილებით მოგვითხროთ ამ პროგრამის შესახებ და რამდენად სახიფათოა ეს პრეპარატი ორგანიზმისთვის, მისი ხანგრძლივი დროით მოხმარების შემთხვევაში?
არ არის ეს აზრი სწორი! საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს ეს პროგრამა და მეთადონის გამო გარდაცვლილი ავადმყოფები არ გვყავს. ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც ეს პროგრამები 15–25 წელია მოქმედებს. რაც შეეხება საკუთრივ პროგრამას, მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ კონსულტაცია.
მკითხველი: სევასტი
ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი, ვცხოვრობ ჭიათურაში. მინდა ვიმკურნალო მეტადონის პროგრამით, მაგრამ არ მაქვს ეკონომიური საშუალება, ვიარო თბილიში, ან ქუთაისში. გთხოვთ მიპასუხოთ, თუ არის ამ პროგრამის გახსნა დაგეგმილი ჭიათურაში, საჩხერეში, ან ზესტაფონში, რადგან მსურველები მრავლად არიან.
უახლოეს ორ-სამ წელიწადში არ არის დაგეგმილი.
მკითხველი: გურამი
რა პროგრამები გამოიყენება ამჟამად საქართველოში ნარკომანის გამოსაჯანმრთელებლად და რომელია მათგან ყველაზე ეფექტური?
ამჟამად საქართველოში გარდა ხანგრძლივი რეაბილიტაციური პროგრამებისა, მოქმედებს ყველა სახის მკურნალობა, რაც კი ცნობილია მსოფლიოში. ეფექტი დამოკიდებულია თქვენს სურვილზე, თავი დაანებოთ ნარკოტიკების მიღებას.
მკითხველი: ბესო
თქვენი აზრით, რამდენად შედეგიანია "მეტადონის პროგრამა"? წინასწარ გიხდით მადლობას.
ეფექტურია როგორც ზიანის შემცირების, კრიმინალური ქცევის შემცირების, სოციალური ადაპტაციის თვალსაზრისით. რაც შეეხება სრულ თავშეკავებას, ეს დაკავშირებულია თქვენს სურვილზე.
მკითხველი: მერაბი
რა ვადებს მოიცავს "მეტადონის პროგრამით" მკურნალობა და თუ საჭიროებს მკურნალობის კურსის გამეორებას?
მეთადონის პროგრამაში ავადმყოფი ერთვება სამთვიანი დეტოქსიკაციის კურსით. ამ პერიოდში ირკვევა, შეძლებს თუ არა ავადმყოფი თავი დაანებოს ნარკოტიკების მიღებას, თუ ვერა, ის არის ამ პროგრამაში მანამ, სანამ ჭირდება მკურნალობა.
მკითხველი: დავითი
რომელი ნარკოტიკი რა ტიპის უარყოფით გავლნას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და მათგან რომელი ნარკოტიკის მომხმარებელი ემორჩილება მკურნალობას ყველაზე რთულად?
ეს ძალიან ვრცელ ახსნას მოითხოვს, ამიტომ ჯობია მობრძანდეთ ჩვენთან და გაიაროთ კონსულტაცია.
მკითხველი: ლია
მაინტერესებს, როგორ ხდება "მეტადონის პროგრამის" შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობის რეაბილიტაცია? წინასწარ გიხდით მადლობას.
მეთადონის მკურნალობის შემდეგ არავითარი „ადამიანის ჯანმრთელობის რეაბილიტაცია“ არ არის საჭირო.
15:13 / 25-05-2010
ნარკომანიასთან ბრძოლა

























