საქართველოში შვილად აყვანის მსურველი ოჯახების საკმაოდ გრძელი ნუსხა არსებობს, თუმცა "შვილად აყვანის შესახებ" კანონის გამარტივების მიუხედავად ბავშვის აყვანა ბოლო ათწლეულის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობისა და გამარტივებული კანონის დეტალებზე თქვენს კითხვებს პასუხობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე.
1. მკითხველი: თინათინი
მოგესალმებით ბატონო დავით, ძალიან მაინტერესებს, რა პროცედურებია გასავლელი ბავშვის ასაყვანად, რა საბუთებია საჭირო და რამდენ ხანს გაგრძელდება შვილის აყვანის პროცედურა? გმადლობთ.
პასუხი: „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მისაღები კანონქვემდებარე აქტებით, რომლებიც ძალაში შედის 2010 წლის 1 მარტიდან, საჭიროა შემდეგი პროცედურების გავლა:
1. მიმართვა - თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოთ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს) და წარადგენთ მხოლოდ ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების შევსებულ ფორმას;
2. ოჯახის შეფასება - არაუმეტეს 25 დღისა სოციალური მუშაკი განახორციელებს ოჯახის შეფასებას და მის საფუძველზე ოჯახი მშვილებლად აღირიცხება რეესტრში;
3. ბავშვის შეთავაზება - მშვილებელი ოჯახისათვის გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზება ხდება რეესტრში არსებული რიგითობის და ბავშვის შესახებ მშვილებლების განცხადებაში მითითებული მონაცემების მოთხოვნათა შესაბამისად. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების (რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით) მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი.
4. წარსადგენი დოკუმენტები - თუ მშვილებელი თანახმაა შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე მეურვეობისა და და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში მხოლოდ ერთხელ წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) და მისი ასლი;
გ) ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმაNIV-100/ა);
ე) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა არ შეიცავს მონაცემებს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
ზ) თუ მშვილებელი გასაშვილებელი ბავშვის ნათესავია, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. დასკვნის მომზადება - მშვილებლისა და შეთავაზებული ბავშვის თავსებადობის შეფასების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში მომზადდება შვილად აყვანის შესახებ დასკვნა.
6. შვილად აყვანის გადაწყვეტილება - მომზადებული დასკვნა, თანდართულ საბუთებთან ერთად მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანაზე.
2. მკითხველი: ლია
როგორც ჩემთვის ცნობილია, ქვეყანაში დაახლოებით 3000-მდე გასაშვილებელი ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რამდენიმე წელია, შეიქმნა მინდობით აღზრდის ინსტიტუტი, ბავშვთა დიდი უმრავლესობა კვლავ რჩება ბავშვთა სახლებში, ხოლო შვილად აყვანის მსურველთა რაოდენობა 800 ოჯახს აჭარბებს ათეულ წელზე მეტია.
გადავწყვიტე, მეშვილებინა ბავშვი და ამისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დავდექი აღრიცხვაზე და გამოვთქვი ნება, ვიშვილო ან მინდობით აღსაზრდელად ავიყვანო ბიჭი. როგორც გაირკვა, ჩემნაირი ბევრია, ბავშვები კიდევ უფრო მეტი, მაშ რა უშლის ხელს სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ამ სფეროში, რომ ამ რაოდენობის ბავშვი არ იყოს ბავშვთა სახელბში და მათი აღზრდა მოხდეს ოჯახებში.
პასუხი: თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი სიტუაცია ასეთია: ბავშვთა სახლებში (1200-მდე), მცირე საოჯახო ტიპის სახლებში (150-მდე) და მინდობით აღზრდაში (650-მდე) ამჟამად სულ იმყოფება 2000-მდე მზრუნველობამოკლებული ბავშვი (მათ შორის, 6 წლამდე არის მხოლოდ 150 ბავშვამდე), საიდანაც გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 34 ბავშვს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსით ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემებით).
ამასთან, რეესტრში აღრიცხულ მშვილებელთა რაოდენობა შეადგენს 1303-ს. იმის გათვალისწინებით, რომ მშვილებელთა ძირითადი მოთხოვნა არის 1 წლამდე ჯანმრთელი ბავშვის შვილად აყვანა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება გასაშვილებელ ბავშვთა ძალიან მცირე რაოდენობის გამო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წელს ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ძალაში შედის 2010 წლის 1 მარტიდან და ითვალისწინებს ბავშვის შვილად აყვანის პროცედურების ოპტიმიზაციას, მათ შორის, მშობლის მიერ (პრევენციის ღონისძიებების შეთავაზების მიუხედავად) ბავშვის მიტოვების შემთხვევაში, მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას და ბავშვისათვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ძირითადი მიზანია ბავშვი ინსტიტუციების ნაცვლად აღიზარდოს ოჯახურ გარემოში. თუ ვერ ხერხდება ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში (რეინტეგრაცია) ან მისი გაშვილება, მაშინ უმჯობესია ბავშვი განთავსდეს ალტერნატიულ სერვისებში (მინდობით აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში), რაც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით. რაც შეეხება, თქვენს სურვილს მინდობით აღსაზრდელად აიყვანოთ ბავშვი, ამ მხრივ არა მგონია პრობლემა იყოს, პირიქით ასეთ მსურველ პირთა რაოდენობა ძალიან მცირეა.
3. მკითხველი: ქეთევანი
1. რა მოტივით გააუქმა განათლების სამინისტრომ "ბავშვთა მიტოვების პრევენციის" პროგრამა?
პასუხი: აღნიშნული პროგრამა არ გაუქმებულა, “ბავშვზე ზრუნვა” 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანება, ასევე, “ბავშვზე ზრუნვა” 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბერის N441/ნ ბრძანება განსაზღვრავს „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ღონისძიებებს. პრევენციული ღონისძიებების უფრო ეფექტურად და მისამართულად განხორცილების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ძირითადად არაფულადი პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც მოხმარდებოდა უშუალოდ ბავშვს, კერძოდ, სამედიცინო დაზღვევა, სხვადასხვა ალტრენატიული (მათ შორის, დღის ცენტრების) მომსახურების შეთავაზება, ასევე ლოგინებისა და ჩვილ ბავშვთა კვების ვაუჩერების გადაცემა და ა.შ.
2. რატომ არ შეიძლება, ბავშვების გაშვილების დროს, მიმღები ოჯახისთვის გადასაცემი თანხა იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მისცეთ, რომლებიც იძულებულნი არიან ბავშვები ბავშვთა სახლებში ჩააბარონ?
პასუხი: ბავშვების გაშვილების დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მშვილებელი ოჯახისათვის რაიმე სახის ფულადი დახმარების გაცემას, პირიქით მშვილებელმა ოჯახმა თვითონ უნდა უზრუნველყოს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. თუ საუბარია მინდობით აღზრდის ინსტიტუტზე, რომელსაც არეგულირებს ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონები, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქირაობს დედობილ/მამობილს იმისათვის, რომ ბავშვთა სახლების (ინსტიტუციების) ნაცვლად მზრუნველობამოკლებული ბავშვი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათთვის მოქმედებს მრავალი ადგილობრივი და სახელმწიფო (სამედიცინო დაზღვევა, საარსებო შემწეობა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ინსტიტუციებიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისას - რეინტეგრაციის შემწეობა და ა.შ.) პროგრამა.
3. თუ ითვალისწინებს კანონი, ოჯახების გაძლიერების მიზნით, ოჯახის დაუცველ წევრთა დასაქმებას?
პასუხი: რომელიმე კანონი არ ითვალისწინებს, ოჯახების გაძლიერების მიზნით, ოჯახის დაუცველ წევრთა დასაქმებას, მაგრამ ეს არის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი და ყოველდღიური საზრუნავი. სიღარიბის დაძლევას მხოლოდ ფულადი და არაფულადი დახმარებები ვერ უზრუნველყოფს, აუცილებელია უმუშევრობის დონის შემცირება, რისთვისაც ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს განათლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადების სფეროებში, აგრეთვე საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად მრავალი ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან.
4. მკითხველი: ნანული
ამერიკის მწვანე ბარათის (GGreen Card) მფლობელ საქართველოს მოქალაქე ქალბატონს, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას, შეუძლია თუ არა ბავშვის - ობოლი ძმისშვილის შვილად აყვანა? გმადლობთ. ნანული ტრაპაიძე.
პასუხი: ვინაიდან ბავშვი ობოლია, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას მიენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. ამასთან, როგორც მოქმედი კანონი, აგრეთვე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-17 მუხლი), რომელიც ძალაში შედის 2010 წლის 1 მარტიდან, არამარტო ბავშვის შვილად აყვანის შესაძლებლობას ითვალისწინებს, არამედ განსაზღვრავს შვილად აყვანის უპირატეს უფლებას, კერძოდ, გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი.
5. მკითხველი: ნინო
ვარ 56 წლის, ბინით და ყველაფრით უზრუნველყოფილი მარტოხელა ქალბატონი. მაქვს თუ არა უფლება შვილად ავიყვანო ჩემი საკუთარი ძმის შვილი, რომელიც არის მე-10 კლასის მოსწავლე?
პასუხი: ნათესავის მიერ გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით უკვე ზემოთ ავღნიშნეთ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მინიჭებული გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება სავალდებულოა მისი თანხმობა. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს:
ა) რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
ბ) რომელიც არის ობოლი;
გ) რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად;
დ) რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;
ე) რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით და შესაბამისი ფორმის შევსებით.
6. მკითხველი: ცისანა
ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევა, შესაძლებელია თუ არა, შვილობილობის წესით აყვანილი ბავშვის შვილად აყვანა, თუ დედა 5 თვეა რაც არ გამოჩენილა და ბოლო ვიზიტისას ბავშვთა სახლში სოცმუშაკის თანდასწრებით სიტყვიერად განაცხადა რომ თანახმაა ბავშვი აღმზრდელ ოჯახს მიაშვილოს, რადგან ძალიან მოეწონა თუ როგორ პირობებში იზრდება მისი შვილი. დიდი მადლობა.
პასუხი: პირველ რიგში ბავშვს უნდა მიენიჭოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. ამასთან, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები.
7. მკითხველი: ინდირა
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვის აყვანის დროს სოციალური პირობებით უზრუნველყოფილი ოჯახი, რომელსაც საკუთარი შვილი არ ეყოლება? ქალი არის 32 წლის, პედაგოგი, მამაკაცი - არქიტექტორი - 36 წლის.
პასუხი: „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა:
ა) რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება;
გ) რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სამინისტროს მიერ დამტკიცებული დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება;
დ) რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამასთან, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები. საპატიო მიზეზის არსებობისას სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა.
8. მკითხველი: ირმა
ვართ 10 წლის შეუღლებულები, ვაკმაყოფილებთ შვილად აყვანისთვის მშობლებისათვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას, ჩვენი დიდი მონდომების მიუხედავად დღემდე ვერ მოვახერხეთ ბავშვის შვილად აყვანა. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: თუ თქვენ მშვილებლად არ ხართ აღრიცხული რეესტრში, მაშინ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიმართოთ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს (სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს) და 2010 წლის 1 მარტიდან, როდესაც ძალაში შედის ”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონი, რეესტრში მშვილებლად აღრიცხვაზე ასაყვანად წარადგენთ მხოლოდ ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირთა განცხადების შევსებულ ფორმას. თუ თქვენი ოჯახი რეესტრში აღრიცხულია მშვილებლად, მაშინ რიგითობის პრინციპისა და შვილად ასაყვანი ბავშვის თქვენს მიერ მოთხოვნილი მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაელოდოთ გასაშვილებელი ბავშვის შემოთავაზებას.
9. მკითხველი: გიორგი
1. ძალიან გთხოვთ, გვიპასუხოთ კითხვაზე, მართალია, ამ თემას არ ეხება, მაგრამ, მაინც... არის თუ არა უახლოეს მომავალში დაგეგმილი ჭიათურაში საავადმყოფოს აშენება, ან არსებულის გარემონტება. ალბათ კარგად მოგეხსენებათ საავადმყოფოებში არსებული უმძიმესი მდგომარეობა.
პასუხი: ახლა მიმდინარეობს ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის სრულყოფაზე მუშაობა და საბოლოო ვარიანტი მოგვიანებით იქნება ცნობილი საზოგადოებისათვის, მაგრამ არსებული გეგმით ჭიათურაში გათვალისწინებული იყო 25 ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა.
2. რამდენად შესაძლებელია, ყრუ-მუნჯი ცოლ-ქმრისთვის ბავშვის შვილად აყვანა?
პასუხი: „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მისაღები კანონქვემდებარე აქტებით, რომლებიც ძალაში შედის 2010 წლის 1 მარტიდან, ეს შესაძლებელია, თუ თქვენზე მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი გავლენას არ მოახდენს შვილად ასაყვანი ბავშვის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებაზე.
10. მკითხველი: ეკატერინე
ზაფხულში შევიტანე განცხადება შვილად აყვანის თაობაზე, ჯერ არანაირი პასუხი არ გვაქვს. მაინტერესებს დიდხანს მოგვიწევს ლოდინი?
პასუხი: თუ თქვენი ოჯახი რეესტრში აღრიცხულია მშვილებლად, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, მაშინ რიგითობის პრინციპისა და შვილად ასაყვანი ბავშვის თქვენს მიერ მოთხოვნილი მონაცემების გათვალისწინებით უნდა დაელოდოთ გასაშვილებელი ბავშვის შემოთავაზებას. რაც შეეხება, ლოდინის ვადას, ეს დამოკიდებულია გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე ბავშვთა რაოდენობაზე, რომელიც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მისაღები კანონქვემდებარე აქტებით, რომლებიც ძალაში შედის 2010 წლის 1 მარტიდან, გათვალისწინებული პროცედურების ოპტიმიზაციის საფუძველზე უნდა გაიზარდოს.
17:08 / 22-01-2010
გაშვილების პრობლემები

























