მკითხველი:ბესიკი
გამარჯობა ნოდიკო.პირველ რიგში შობა-ახალ წელს გილოცავ,მრავალს დაესწარი.რა თქმა უნდა გილოცავ "ჯეოსტარში" გამარჯვებასაც. ახლა კი კითხვას რაც შეეხება:როგორ ფიქრობ,რამდენად მართებული და სამართლიანია ის, რომ ჯეოსტარის გამარჯვებულს არკვევს ხოლმე "სმს"-ები და არა კომპეტენტური ჟიური??? არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ შარშან რაც უნდა უარვყოთ და ვიძახოთ ხო ყველამ ნახა, რომ "სმს"-ებმა "აჯობა" მართლაც რომ ჭეშმარიტ ნიჭიერებასა და საშემსრულებლო ოსტატობას. შარშან რომ ვთქვი "ჯეოსტარი2008"-ს ვგულისხმობ!!! და კიდევ, იქნებ შენს მომავალ გეგმებზეც თქვა ორი სიტყვა.......რას იტყვი "იურმალაზე"?
ნოდიკო: დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მეც გილოცავ შობა-ახალ წელს. მრავალს დაგასწროს ღმერთმა. მე გეთანხმები იმაში, რომ ბევრად უკეთესია იყოს კომპეტენტური ჟიური და მხოლოდ ჟიური წყვეტდეს ნებისმიერი მონაწილის ბედს, ანუ აფასებდეს პროფესიონალი. მე ბევრად მერჩია ასე ყოფილიყო, უფრო მშვიდად ვიქნებოდი. რამდენადაც არ ვნერვიულობდი შესრულების დროს, იმდენად ორმაგად ვნერვიულობდი sms-რეიტინგის გამოცხადების დროს, თუმცა როცა გადავწყვიტე, რომ მიმეღო ჯეოსტარში მონაწილეობა, მე ვიცოდი რომ ეს იყო ამერიკული პროექტის ანალოგი, სადაც შემსრულებლის ბედს წყვეტდა sms. პროექტია ასეთი და ვერაფერს ვიზამ, მეც დავეთანხმე არსებულ წესებს და საბოლოოდ შედეგმა დიდი სიხარული მომიტანა და ამისთვის მადლობა ყველა ადამიანს ვინც მგულშემატკივრობდა.
იურმალაზე წელს ნამდვილად არ მიფიქრია, გამომდინარე იქიდან რომ აქ იმდენად დაკავებული ვარ, მირჩევნია მთელი კონცენტრაცია გადავიტანო იმ გეგმებზე, რაც აქ მაქვს განსახორციელებელი, მომავალ წელს შეიძლება მაგაზეც ვიფიქრო, თუმცა რომ გითხრა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეთქი, არ ვიქნები მართალი.
მკითხველი:თამარი
როგორ ფიქრობ, კარგი მომღერლისთვის მხოლოდ ტექნიკურად კარგად დამუშავებული ხმა, ემოციის სწორედ გამოხატვა და სუფთა ბგერებია საჭირო და მეტი არაფერი? ეს ყველაფერი ხომ საჭმლის რეცეპტს ჰგავს... შეძლებ ახალი სიტყვა თქვა? ამ პატარა საქართველოში განა რამდენი სეფაშვილი უნდა იყოს, სიახლე არ არის საჭირო?
ნოდიკო: აბსოლუტურად სწორედ თქვი ის, რაც მომღერლისთვის საჭიროა - სმენა, ემოცია და ტექნიკა, ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რაც მომღერლისთვის ყველაზე აუცილებელია. და რის გარეშეც მომღერალი ვერ იქნები. რაც შეეხება ამ სხვა კითხვებს, ნამდვილად ვერ მივხვდი მე რატომ მისვამ ამ კითხვებს, მე ვთვლი რომ ჩვენი საყვარელი მომღერალი მერაბ სეფაშვილი ერთია და განუმეორებელი.
მკითხველი: ანანო
გილოცავთ შობა ახალ წელს მრავალს დაესწარით. რამდენ კონკურსში გაქვთ მონაწილეობა მიღებული და რამდენი ჯილდოს მფლობელი ხართ?? ძალიან გამეხარდა რომ გაიმარჯვეთ, გისურვებთ წარმატებებს...
ნოდიკო: ძალიან დიდი მადლობა, ასევე დიდ წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში.
7 საერთაშორისო კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვარ ლაურეატი და მაქვს სხვადასხვა პრემიები: გრანპრი, პირველი ადგილი, მეორე ადგილი, მესამე ადგილი, ბევრი სხვადასხვა სახის პრემია. პირველად საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავი ლიტვაში 2005 წელს, მერე ლატვიაში, ყაზახეთში, მოლდოვაში, მალაიზიაში, ბელორუსიაში…
მკითხველი:ნათია
ნოდიკო პირველ რიგში გილოცავ გამარჯვებას. ვინ იყო შენთვის ყველაზე ძლიერი კონკურენტი?
ნოდიკო: მადლობა. დათუნა და სოფო ჩემი მეგობრები არიან. სხვა მონაწილეები პროექტში გავიცანი და დავმეგობრდით, გულწრფელად რომ გითხრა, ჩვენს შორის არც ერთი წამით არ ყოფილა კონკურენტული რაღაცა ხლართები და არასასიამოვნო სიტუაციები. კონკურენტის აღქმის მომენტი უფრო მეტად მაშინ მაქვს, როცა საერთაშორისო კონკურსებზე ვიმყოფები, იქ მაქვს ჟინი იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს პირველი და მეტი არავინ, მაგრამ აქ საქართველოში, ჯეოსტარში ასეთი მომენტები არ მქონია, უბრალოდ მინდოდა ყოველთვის რომ ვყოფილიყავი ბოლომდე, იმიტომ, რომ ჟანრობრივი და სტილისტური მრავალფეროვნება მენახებინა მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. ყველა მონაწილე ძალიან ნიჭიერია და ყველას მინდა ვუსურვო უდიდესი წინსვლა, გამარჯვება და ყველაფრი საუკეთესო მთელი გულითა და სულით.
მკითხველი:გიორგი
გილოცავ შობა-ახალ წელს, ”ჯეოსტარში” გამარჯვებასაც. რამდენი წლის დაინტერესდი მუსიკით და რთული ხომ არ არის პოპულარობა? შენი გულშემატკივარი გიორგინოდიკო: გაიხარე, გიო,შენც გილოცავ. პოპულარობას როცა თან სდევს ხალხის სიყვარული, სითბო და პატივისცემა, ძალიან სასიამოვნო და კარგია. უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის და ბედნიერი. მუსიკით ბავშობაში დავინტერესდი, ჩემი ცხოვრება შემოიფარგლებოდა ყოველთვის მუსიკით და სიმღერით, ამიტომ დაინტერესებაც დაიწყო ბავშვობიდან.
მკითხველი: შორენა
გამარჯობა, ნოდიკო, გილოცავთ, გილოცავთ მთელი გულით და სულით, რადგან მთელი ჩვენი ოჯახი, განსაკუთრებით კი პატარა ნიკუშა თავიდანვე გგულშემატკივრობდით, გისურვებთ დიიიიდ წარმატებებს... ახლა კი რაც შეეხება შეკითხვას, ნოდიკო, ჩემო კარგო, ისედაც გამოირჩევი შენი პრფესიონალიზმით, მაგრამ თუ აპირებ კიდევ რაიმე ახლის შემოთავაზებას, თუნდაც სხვადასხვა ჟანრში, ახალი სიტყვის თქმას? მიტუმეტეს შენი მონაცემები გაძლევს ამის საშუალებას....
P.S ჩვენი, გულშემატკივრების თხოვნაა, არ დაემსგავსო ზოგიერთ ქართველ ახალგაზრდა "ვითომდა ვარკვლავს", დიდი მადლობა
ნოდიკო: მადლობა გულშემატკივრობისთვის, ნიკუშა მომიკითხეთ.
ჯეოსტარზეც ჩემთვის მთავარი ამოცანა იყო ჟანრობრივი მრავალფეროვნების ჩვენება და აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ ჩემი შემოქმედება და კარიერა იყოს მაქსიმალურდ მრავალფეროვანი და საინტერესო.
P.S.. ….
მკითხველი: სალომე
ნოდიკო გილოცავ ჯეოსტარში გამარჯვებას!!! მართლაც რომ დამსახურებული იყო ეს გამარჯვება, ალბათ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა კიდევ ბევრ ასეთ გამარჯვებას გსურვებ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ,რა მაინტერესებს იცი??? ჩხიკვთა-ქორწილის ნახვა მინდა ძალინ და რომელიმე საიტზე ხომ არ დევს?
ნოდიკო: არ ვიცი რომელ საიტზე შეიძლება იდოს, მართლა არ ვიცი, მაპატიე.
მკითხველი: თამარი
ნოდიკო ძვირფასო,პირველ რიგში გილოცავ ჯეოსტარში გამარჯვებას, მეც შენთან ერთად ვტიროდი გამარჯვებულად რომ დაგასახელეს. გისურვებ დიდ წარმატებებს,ღმერთი გფარავდეს მუდამ!!! ეხლა კი რაც შეეხება შეკითხვას, რომელ ეკლესიაში გალობდი და თუ გააგრძელებ მომავალშიც?
ნოდიკო: მადლობა მოლოცვისთვის. ვგალობდი ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში, ბოლოს კიდევ სამებაში უწმინდესის გუნდში.
მკითხველი: ვანო
ნოდიკო, ჯეოსტარზე შენი გულშემატკივარი ვიყავი...მაინტერესებს, თუ აპირებ იურმალას კონკურსში მონაწილეობას? და კიდევ, როდის გამოვა შენი ალბომი?
ნოდიკო: მადლობა, მიხარია.
იურმალას კონკურსში მონაწილეობას წელს არ ვაპირებ ნამდვილად. ბევრი გეგმაა, რომელიც უნდა განხორციელდეს წელს და არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეცადა ბედი იურმალაში. ერთხელ ვცადე და არ გამიმართლა. იმდენი საინტერესო პერსპექტივაა წინ, დამიჯერე რომ ასე ჯობია აქ ვიყო და მივხედო იმას, რაც აქ უნდა გავაკეთო. მადლობა
მკითხველი:თამაზი
ნოდიკო, შვილო, რატომ გინდოდა იმ ქვეყანაში სიმღერა, რომლებმაც საქართველო ააწიოკეს, პატარა გოგოები გააუპატურეს და უამრავ დედებს შავები ჩააცვეს იმიტომ, რომ თქვენი და მომავალი თაობისთვის თავისუფლება წაერთმიათ. ნუთუ არ შეიძლებოდა, ამ საყვარელი ადამიანისთვის ჩვენს მიწაწყალზე, საქართველოში გვემღერა. გმადლობთ, რომ გადაიფიქრეთ. თუმცა ყველა ასე მოიქცეოდა, ვისაც სამშობლო და თავისი ხალხი უყვარს.
ნოდიკო: მე გეთანხმებით ყველაფერში. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და დავრჩი ჩემს სამშობლოში. ბატონი ბუთხუზი ძალიან ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის, ძალიან საყვარელი და ბაბუასავით მზრუნველი. ძალიან მალე ნახავთ მის ერთ-ერთ ბოლო სიმღერას, რომელიც მე დამიწერა, ჩაიწერება ეს სიმღერა მალე და ვიდეორგოლიც იქნება. მის ხსოვნას მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მივაგებ პატივს.
მკითხველი: სოფო
ნოდიკო, გილოცავ გამარჯვებას...მაინტერესებს, რეალურად რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში (ვგულისხმობ კარიერას) ამ პროექტში გამარჯვების შემდეგ? გაქვს თუ არა რაიმე შემოთავაზებები, აპირებ თუ არა ალბომის ჩაწერას, ფიქრობ თუ არა სამომავლოდ სოლო კონცერტის ჩატარებას და ა.შ.
”ჯეოსტარში” გამარჯვება რამდენად დაგეხმარება, როგორც მომღერალს, უფრო მეტი წარმატების მიღწევაში.. საინტერესოა, ასევე შეცვალა თუ არა გამარჯვებამ რაიმე შენს პირად ცხოვრებაში...
ნოდიკო: მადლობა. პირადი ცხოვრებით დავიწყებ. არაფერი არ შეცვლილა ჩემს პირად ცხოვრებაში. ნამდვილად თავისუფალი მამაკაცი ვარ ამ ეტაპზე. რაც შეეხება კარიერას, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, თუნდაც ის რომ სისტემატურად მაქვს კონცერტები, ჩაწერები, რეპეტიციები, გადაღებები და ეს არის ჩემთვის მთავარი რომ მე ვმუშაობ, ვაკეთებ იმას რაც ჩემია და რაც მიყვარს. არის შემოთავაზებები, ალბომიც ჩაიწერება, იქნება რამდენიმე ვიდეოკლიპი, კონცერტზეც ვფიქრობ. მე დავიჯერე რომ ადამიანი, რასაც გულით მოინდომებს, აუსრულდება და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა უფლის წყალობით, ამიტომ მჯერა, რომ ის გეგმები და მიზნები, რაც ჯეოსტარის შემდეგ გაჩნდა, აუცილებლად მივა ბოლომდე, მინდა რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო და მეტი საქმე ვაკეთო, მეტი ვიმღერო.
მკითხველი: ანი
გამარჯობა, ნოდიკო! გილოცავ ყველაფერს ერთად... ჩემი აზრით, სოფო ბედია გაცილებით უფრო ძლიერი კონკურსანტი იყო, ვიდრე ვაჟა მანია ან თუნდაც დათუნა... როგორ ფიქრობ, რამდენად სამართლიანი აღმოჩნდა სოფოს მიმართ მსმენელი, ზოგადად გულშემატკივარი?
ნოდიკო: გამარჯობა. შეხედულებები ინდივიდუალურია, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი თითოეულის ბედი დამოკიდებული იყო sms-ებზე და ამის შედეგი იყო ის, რომ სოფომ დატოვა პროექტი მაშინ, როცა ეს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ სოფომაც, მეც და დათუნამაც და ყველა მონაწილემ ვიცოდით, რომ რომელიმეს მოგვიწევდა რომელიმე კონცერტის შემდეგ პროექტის დატოვება, თქვენ არ იცით რამდენად მტკივნეული იყო რომელიმე მონაწილის პროექტიდან წასვლა, ეს იყო ნამდვილად დიდი სტრესი და დათრგუნვა. ამ მხარში დგომამ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ერთმანეთს..
მკითხველი: თამარი
მოგესალმები, ნოდიკო... ძალიან გამახარა შენმა გამარჯვებამ... ამას წინათ მეგობრებმა მითხრეს, თითქოს გითქვამს, რომ წმინდა მიწაზე დათუნასთან ერთად მიდიხარ. მართალია თუ არა ეს ამბავი? და კიდევ, როგორი გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში?
ნოდიკო: დიდი მადლობა. მიხარია. კი მართალია, ბატონმა რაფაელ მაღალაშვილმა, ადამიანმა ვინც ეს საგზურები გვაჩუქა მე და ვაჟას, ძალიან მალევე დათუნასაც აჩუქა საგზური და დათუნა, მე და ვაჟა ერთად გავემგზავრებით წმინდა მიწაზე, რაც ძალიან გვიხარია.

























