შიდა ქართლელებმა ვაშლზე ხელი საბოლოოდ აიღეს. შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ზამთრის დადგომას შიშით ელის. შიდა ქართლელი სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტის მაღალი მოსავლითაც ვერ იკვეხნის. ასეთი ძვირი შემოდგომა მოსახლეობას არ ახსოვს.
შემოდგომა იწურება და სოფლის მეურნეობის პროდუქტი დღითი დღე ძვირდება. ხაშურის აგრარულ ბაზარშიც კი, რომელიც საქართველოში სიიაფით არის ცნობილი, ყველაფერს ცეცხლი უკიდია. 1 კილოგრამ ნიორს გლეხები 6-7 ლარად აბარებენ, მისი გასაყიდი ფასი კი 8 ლარია. 1 კილოგრამი ლობიო 3,5 ლარი ღირს. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი ლობიოს ფასმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 4-5 ლარს მიაღწია.
1 კილოგრამი ხახვის ღირებულება 1-1,2 ლარია, თუმცა მალე ქართული ხახვის სეზონი დამთავრდება და მხოლოდ იმპორტირებულს შერჩენილი მოსახლეობა მის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობს. შეგახსენებთ, რომ ზამთრის მიწურულს 1 კილოგრამი ხახვის ღირებულებამ 5 ლარსაც კი მიაღწია.
შიდა ქართლში 1 ტომარა ფქვილი 49 ლარი ღირს, ბოლო დღეებში მისი ღირებულება რამდენიმე ლარით 52-54 ლარის ნიშნულიდან შემცირდა; ანუ ფქვილი 44 ლარი ამ რამდენიმედღიანი გაიაფების პერიოდშიც არ ღირს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ამ ორი კვირის წინათ ტელევიზიით სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიხეილ სააკაშვილის მოატყუეს, რომ 1 ტომარა ფქვილი 44 ლარამდე ღირდა.
შიდა ქართლში შედარებით უკეთესი მხოლოდ პომიდვრის მოსავალია. ამ დროისთვის 1 კილოგრამი ბოსტნეულის ღირებულება 0,8-1 ლარს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ქართული ჯიშის, მაღალი ხარისხის თხელ კანად წოდებულ პომიდორს იშვიათად თუ შეხვდებით. შიდა ქართლელებმა ქართული ჯიში, უცხოურით ჩაანაცვლეს, რომელიც ქართულ მალეფუჭებად პომიდორთან შედარებით გამძლე, მაგრამ უგემურია.
"მეც არ მომწონს ამ პომიდვრის გემო. გეთანხმებით, რომ დაბალი ხარისხისაა, მაგრამ უფრო გამძლეა და ზარალიც ნაკლებია. სახლისთვის ქართულ პომიდორს ვრგავ. გასაყიდად კი ამ უცხოური ჯიშის მოყვანა გადავწყვიტე, ძალიან მაგარია და მალე არ იჟეჟება.
წლეულს პომიდვრის მოსავალი სხვა სახის პროდუქტთან შედარებით უკეთესი იყო, კარგი პირი უჩანს კომბოსტოს მოსავალსაც. ხილი კი შეიძლება ითქვას საერთოდ არ მოვიდა. ვაშლი მთლიანად გაფუჭებულია", - ამბობს გორის რაიონის მცხოვრები მზია კაპანაძე.
შიდა ქართლში პომიდორი და კომბოსტო გორისა და ქარელის რაიონში მოდის. ხაშურის რაიონი სიმინდის, ლობიოსა და ქლიავის მოსავლითაა ცნობილი.
წლეულს ხაშურის რაიონში ყველაზე ბევრი ქლიავი მოვიდა, თუმცა ეს პროდუქტი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგია. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების განცხადებით, ქართული ქლიავი მაღალი კალორიულობითა და განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება, თუმცა საქართველოში იგი არავის სჭირდება. გლეხები მას ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში ვერ აბარებენ, ჯემის გასაკეთებლად მოსახლეობა 4 კილოგრამს ერთ ლარში ყიდულობს.
ლობიო და სიმინდის მოსავალი კი სარწყავი წყლის არარსებობის გამო, როგორც ყოველთვის, დაბალია."შეხედეთ ვის რა პროდუქტი მოაქვს გასაყიდად იმის მიხედვით გამოიცნობა სადაურია. ხაშურის რაიონის სოფლის მოსახლეობას წინ ქლიავის ვედროები უდევს, ქარელისა და გორის სოფლების მოსახლეობას პომიდორი და ბადრიჯანი. მეც ხაშურის რაიონში სოფელ ნაცარგორაში ვცხოვრობ. ჩვენთან ბევრი მარტო ქლიავი მოდის.
დღე და ღამე ვშრომობთ, მაგრამ რაც ცოტა ძვირი ღირს, ის არ მოდის. მაგალითად, ლობიოს მოსავალი ძალიან მცირეა. გასაყიდი ლობიო თითქმით არ გვაქვს, მთელი ზამთარი ისედაც ლობიოზე ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ოჯახი კვირების განმავლობაში ლობიოს ჭამს, ხშირად უცხიმოსაც.
ზეთი ისე გაძვირდა, ყოველთვის ვერ ვყიდულობთ. ახლა პურის პრობლემაც გაგვიჩნდა, ხორბალი თითქმის არ მოვიდა. მარცვლეული კატასტროფულად არის გაძვირებული. თვეში ორი ტომარა ფქვილი მჭირდება, რომელიც 100 ლარამდე ჯდება. ეს ფული საიდან უნდა მოვიტანო ჩემი შემოსავალი მხოლოდ მოსავალიდან მიღებული თანხაა, რომელიც ყოველწლიურად მცირდება", - ამბობს ხაშურის რაიონში მცხოვრები გურამ გრიგალაშვილი.
"ბიზნეს-რეზონანსი": რატომ მცირდება მოსავალი?
გურამ გრიგალაშვილი: მოურწყველობის გამო მიწა გამოიფიტა. კომუნიზმის დაშლის შემდეგ სოფლებს სარწყავი წყალი არ ღირსებია. გარდა ამისა, მთლიანად განადგურებულია საქარე ზოლი, რაც მიწის გამოფიტვას ხელს უწყობს. თუ მიწას არ მორწყავ, ქარისგან არ დაიცავ, ისე მოსავალს რა მოიყვანს. თანდათან ეს მცირედი მოსავალიც სანატრელი გაგვიხდება. სოფელს პატრონი არ ჰყავს. გლეხი დღედაღამ შრომობს და მაინც მშიერი კუჭით სძინავს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლეულს ვაშლის მოსავალიც ცუდია. გორისა და ქარელის მოსახელობას, ფაქტობრივად, მხოლოდ ვაშლის ბაღების მოვლა შერჩათ, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება.
"ვაშლი ჩვენც კი გვენატრება, გაყიდვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მართალია, ვაშლის გაყიდვა ყოველთვის დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცას მაინც ვახერხებთ. წელს კი ძალიან მძიმე წელია. ფასებსაც ეტყობა. ასეთი ძვირი ბაზარი არასდროს ყოფილა. სექტემბრის ბოლოს ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდება. არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ბაზარში ყოველი წამოსვლა დეპრესიაში მაგდებს", - ამბობს ქარელელი მარიამ საძაგლიშვილი.
სიძვირის მიუხედავად გამყიდველები პროდუქტის რეალიზაციის პრობლემას არ უჩივიან. მძიმე ზამთრის მოლოდინით შეშინებული მოსახლეობა ცდილობს ბოლო თეთრიც კი მოიძიოს და ზამთრის სარჩო მოიმარაგოს.
მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი ”რეზონანსი”
07:01 / 09-09-2010
შიდა ქართლში ვაშლზე ხელი საბოლოოდ აიღეს

























