შესაძლოა რუსეთმა აშშ-სგან მოულოდნელი ეკონომიკური დახმარება მიიღოს, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ლითონის გაძვირებაში გამოიხატება. საქმეს ისაა, რომ ამერიკის ეკონომიკა უარესდება, მისი აღდგენა კი ჭიანურდება. სირთულეებია შრომის ბაზარზეც, სადაც წინსვლა არ შეინიშნება. ამის გამო ეკონომიკური მრჩევლები ბარაკ ობამას ეკონომიკის მხარდასაჭერად ”ახალი სტიმულის” მოფიქრებას ურჩევენ.
სწორედ ამაზე საუბრობს თეთრი სახლის ეკონომიკურ კონსულტანტთა საბჭოს ხელმძღვანელი კრისტინა რომერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მხარდასაჭერად თანხების გამოყოფა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ამით შესაძლოა საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდოს.
"საბიუჯეტო დეფიციტის გამო არ უნდა გავწიროთ ის ადამიანები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს. ხელისუფლებას აქვს საიმისო ინსტრუმენტები, რათა უმუშევრობის დონე შეამციროს ისე, რომ გრძელვადიანი საბიუჯეტო პროგნოზი, მინიმუმ, არ გაუარესდეს", - დარწმუნებულია რომერი.
აგვისტოს ბოლოს ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის კლება დააფიქსირა. 2010 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 2,4%-ის ნაცვლად, როგორც ამას მანამდე ვარაუდობდნენ, მხოლოდ 1,6%-ით გაიზარდა.
არადა, ასეთი კლება ამერიკული ეკონომიკის აღდგენის შენელებული ტემპის ფონზე სავსებით ლოგიკურია. ამასთან, დასავლელი ექსპერტები უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევენ და იპოთეკასთან დაკავშირებული კრიზისის გამეორების საშიშროებას არ გამორიცხავენ. არასახარბიელო სიტუაციაა საავტომობილო ბაზრებზეც.
ექსპერტთა ერთი ნაწილის ვარაუდით კი, ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი, რომელიც 100-იდან 300 მლრდ დოლარამდე განისაზღვრება, ამერიკის ეკონომიკას დიდად ვერ უშველის. სამაგიეროდ ბირჟებზე საქონლის ფასის ლოკალურ ზრდას გამოიწვევს. მსოფლიო ბაზარზე გაძვირებული ნავთობითა და ლითონით კი რუსეთი ძალიან იხეირებს.
მომზადებულია ng.ru-ის მიხედვით.
10:41 / 03-09-2010
აშშ-ის ეკონომიკური კრიზისი რუსეთს ხელს აძლევს

























