რუსულმა და ამერიკულმა ნავთობმომპოველმა გიგანტებმა შავი ზღვის შელფის დასავლეთ მონაკვეთზე ნავთობის საძიებო და მოპოვების სამუშაოებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის ხელმოწერა მოსკოვის მახლობლად ნოვო ოგარიოვოში მდებარე რუსეთის პრემიერის სამთავრობო აგარაკზე გაიმართა, სადაც თავად პრემიერი პუტინი და კომპანიების ხელმღვანელები - სერგეი ბოგდანჩიკოვი და ჯონ უოტსონი იმყოფებოდნენ.
შეთანხმების თანახმად, "შევრონი" რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ჯერ საძიებო სამუშაოებს, შემდეგ კი ნავთობის მოპოვებას დაიწყებს. საუბარია 2 ჭაბურღილზე, რომელთაგან ერთი ნოვოროსიისკის სანაპიროსთან მდებარეობს და მეორე - ტუაპფსესთან.
არის თუ არა ეს ხელშეკრულება რაიმე კავშირში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არსებულ ნავთობის მარაგთან, უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ როგორც "როსნეფტი", ისე "შევრონი", აფხაზეთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვებით არიან დაინტერესებული. ამას გარდა, შარშან "როსნეფტმა" აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლებისაგან საძიებო სამუშაოების დაწყების "ლიცენზიაც" კი მიიღო.
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის საძიებლად უცხოელთა მოწვევას "როსნეფტის" ხელმძღვანელი შავი ზღვის რელიეფის სირთულითა და ტექნოლოგიების არქონით ხსნის, თუმცა არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რას მიიღებს რუსული მხარე თავის 2 საბადოსთან ამერიკელთა დაშვების სანაცვლოდ.
ცნობისათვის, "როსნეფტის" მონაცემებით, შავი ზღვის ფსკერის ქვეშ 4,6 მილიარდი ბარელი ნავთობია და აქ 180 ჭაბურღილის გაბურღვა შეიძლება. აქედან 28-ის ბულგარეთის, 82-ის რუმინეთის, 20-ის თურქეთისა და 2-ის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გამორიცხავს, რომ "როსნეფტის" მიერ "შევრონთან" გაფორმებული ხელშეკრულება აფხაზეთში არსებულ შავი ზღვის შელფის დამუშავებასთან იყოს დაკავშირებული.
მისი თქმით, "დღეს არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ ექნება რაიმე ტიპის იურიდიული საფუძველი რუსეთთან კოოპერირებით მოახდინოს აფხაზეთის შელფის დამუშავება.
"ამერიკული კომპანია საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით აფხაზეთში არ შევა. ის კი გამორიცხულია, რომ რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებმა საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე ტიპის ნებართვის საფუძველზე, თუნდაც უცხოელ პარტიორს აფხაზეთის ტერიტორიაზე მისცეს სამუშაოს დაწყების უფლება".
ექსპერტი განმარტავს, რომ "შელფის დამუშავება ტექნოლიგიურად ძალიან რთულია და ამავდროულად ფინანსურად ძალიან ძვირი. ამას ჯერ ორგანზომილებიანი და შემდეგ სამგანზომილებიანი გეოფიზიკური კვლევა, შემდეგ მარაგების დაზუსტება მდებარეობის თვალსაზრისით... აფხაზეთის საბადოების მიმზიდველობა იმაშია, რომ მოცულობაც დიდია და ამოღების ფასი - ნაკლები.
"რუსეთს არ აქვს ტექნოლოგიები, ამიტომაც სჭირდება რაიმე ტიპის ტექნოლოგიების შეძენა. გემები, რომლებიც დიდ სიღრმეებზე ატარებენ კვლევას და ბურღვას, მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. წლობით არის ლოდინი, როდის მოვა ესა თუ ის გემი შენთვის საინტერესო ადგილას", - აცხადებს ცისკარიშვილი.
სწორედ ის, რომ რუსეთი არ ფლობს ტექნოლოგიებს და გემებს, შეიძლება ესეც იყოს "შევრონთან" შეთანხმების მთავარი მოტივი და ტექნოლოგიების შესწავლის შემდგომ აფხაზეთის შელფის ათვისების დაწყებაც.
თანაც, როგორც ცისკარიშვილი ამბობს, სოხუმის აკვატორიაში ტექნოლოგიების არქონის გამო მიდის მხოლოდ საუბრები და დაზვერვა არა ნავთობის საბადოების, არამედ - საერთაშორისო რეაქციების. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013 წელს სოჭის ოლიმპიადა იწყება, მოსკოვი აფხაზურ ნავთობის უკანონო ათვისებას სამომავლოდ გადადებს და ამით სოჭის ოლიმპიადის ჩატარების საკითხს კითხვის ნიშის ქვეშ არ დააყენებს.
ეკონომისტი გია ხუხაშვილის განცხადებით, "დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის არაღიარების ფონზე არ შეიძლება ამერიკულმა კომპანიამ ნაბიჯი გადადგას და აფხაზეთის შავიზღვისპირეთის შელფზე ნავთობის ძიება დაიწყოს".
მისი თქმით, "ტუაფსეს საბადო შეიძლება იყოს აფხაზეთის მიჯნაზე. სხვა საკითხია სად ხდება გაბურღვა და მეორეა, რა ხდება წყლის ქვეშ. ეს საბადო შეიძლება აფხაზეთის აკვატორიაშიც ვრცელდებოდეს. ეს საკმაოდ სპეციფიური თემაა და სანამ არ გვეცოდინება რასთან გვაქვს საქმე, მანამდე ვერაფერს ვიტყვით. რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას დაველოდოთ".
ეკა ბასილაია
გაზეთი ”რეზონანსი”
12:49 / 19-06-2010
რუსული "როსნეფტი" და ამერიკული "შევრონი" შავ ზღვას იყოფენ?

























