სამუშაო პროცესი პარალიზებულია კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსში", რომლის თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ "თიბისი" ბანკის ახალ მენეჯმენტს და უარს აცხადებენ მუშაობაზე, ვიდრე არ დაბრუნდება ძველი მენეჯმენტი.
"ელიტ-ელექტრონიქსი"-ს მიერ 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "თიბისი ბანკი", დარწმუნდა რა კომპანიის წარმატებაში, მოულოდნელად, 23 თებერვალს, 21:30 საათზე "ელიტ-ელექტრონიქსის" ხელმძღვანელს ანზორ ქოქოლაძეს მენეჯმენტის ცვლილების შესახებ გამოუცხადა. 24 თებერვალს კი კომპანიის თანამშრომლებს ბანკის თანამშრომლების სახით ახალი მენეჯმენტი წარუდგინა.
“მიუხედავად რეაბილიტაცის გეგმისა და დაგეგმილი ბიუჯეტით შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებისა, "თიბისი ბანკმა" "ელიტ ელექტრონიქსის” წილის წართმევა მაინც მოინდომა", - აცხადებენ კომპანიის თანამშრომლები.
მათივე განცხადებით, 2009 წლის აგვისტოში საგადასახადოსთან არსებულ სადავო 7 მლნ. ლარზე ყადაღა დაედო "ელიტ-ელექტრონიქსის" ანგარიშებს და მაღაზიათა ქსელი დროებით დაიკეტა, ხოლო "თიბისი ბანკმა" კომპანია გადახდისუუნაროდ გამოაცხადა და კომპანიის წილის 55% მართვაში წაიღო, მიუხედავად ამისა "ელიტ ელექტრონიქსს" არც ერთი დღე არ ჰქონდა გადაცილება შეთანხმებული კრედიტის გადახდის გრაფიკზე.
"კომპანიის მენეჯმენტი აცხადებდა, რომ თუ ხელი არ შეეშლებოდა სამუშაო პროცესს, კომპანიას შესწევდა უნარი მოეხდინა სრული რეაბილიტაცია და გრაფიკის მიხედვით ყველა ვალდებულება დაეფარა. შედგა შეთანხმება, რომ "თიბისი ბანკი", ბანკი "რესპუბლიკა" და "საქართველოს ბანკი" კომპანიის წილის 50%-ში შემოვიდოდნენ. ხოლო ანზორ ქოქოლაძე არსებული მენეჯმენტით გააგრძელებდა "ელიტ ელექტრონიქსის" მართვას", ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
"ელიტ ელექტრონიქსის" ბრალდებებს დღესვე გამოეხმაურა ”თიბისი ბანკი”, რომლის ინფორმაციით, ”ელიტ ელექტრონიქსს” ახალი მენეჯმენტი ჰყავს, რომელიც სწრაფი და ეფექტური ანტიკრიზისული პროგრამით გეგმავს, დაუბრუნოს კომპანიას ძლიერი ფინანსური პოზიციები.
”ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კომპანიის აქციონერთა რიგებში კრედიტორი ბანკების - ”საქართველოს ბანკი”, ”თიბისი ბანკი”, ”ბანკი რესპუბლიკა”, შესვლით და მათ მიერ კომპანიის მართვაში უშუალო მონაწილეობით. მაღალ კვალიფიკაციასთან ერთად, აქციონერების ნდობით აღჭურვილი ახალი მენეჯმენტი უზრუნველყოფს საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, რაც აუცილებელია კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის. ამ ინვესტიციების მოზიდვა მოხდება, როგორც ქართული ბანკებისგან, ისე – უცხოეთიდან”, - განმარტავენ ”თიბისიში”.
გარდა ამისა, ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ”ელიტ ტელექტრონიქსის” ხელმძღვანელმა ანზორ ქოქოლაძემ კრედიტორი ბანკებისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გადაეცეს 25% და მიეცა უფლება, ვალდებულებების დაფარვის შემთხვევაში, გამოისყიდოს კომპანიის 100% კრედიტორი ბანკებისგან.
"ინტერპრესნიუსი"
18:02 / 25-02-2010
"ელიტ ელექტრონიქსი" "თიბისი ბანკის" მხრიდან წილის წართმევაზე საუბრობს

























