გაზაფხული ჯერ არ დამდგარა, მაგრამ რითეილის ბაზარზე უკვე ”დათბა”. მაღაზიების ვიტრინები ფასდაკლების კამპანიის შესახებ იუწყებიან. უმეტესობა ზამთრის კოლექციიდან შემორჩენილ საქონელს ნახევარ ფასად სთავაზობს მომხმარებელს, ზოგი ჩალის ფასად ცდილობს საქონლის ნაშთების გასაღებას.
”ეკოპალიტრამ” თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებული სამოსითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე თითქმის ყველა ობიექტი შემოირა. მომხმარებლის სიმრავლე განსაკუთრებით იქ იყო თვალში საცემი, სადაც ვიტრინაზე გამოკრული აბრა იუწყებოდა, რომ სამოსი და აქსესუარები 3, 5 და 15 ლარამდე ჰქონდათ ჩამოფასებული. მართალია, ამ მაღაზიის მენეჯმენტმა გაგვიმხილა, რომ მათი ფასდაკლება ტრადიციულ ზღვარს ბევრად გასცდა, მაგრამ გრანდიოზული ”სეილის” მიზეზების დასახელება არ ისურვეს.
გოგა სიმონიშვილი (სამოსის მაღაზიათა ქსელის მარკეტინგისა და კომერციული მენეჯერი): ”სეილი” ახლა სეზონური ფასდაკლების ხასიათს ატარებს. მომხმარებელი შეჩვეულია, რომ ფასდაკლება უნდა დაიწყოს დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებიდან (30%-იანი ფასდაკლება) და გაგრძელდეს იანვარ-თებერვალში (50%-მდე). ასეთი სეზონური ფასდაკლება წელიწადში ორჯერ ხორციელდება: გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებზე.
-”სეილების” ის სქემა, რომელიც ქართულ ბაზარზე მუშაობს, უცხოეთში ფასდაკლებების სქემას ემთხვევა?
-პირიქით, სრულებითაც არ ემთხვევა. ეს ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმაც იციან და ამაში სრულ თავისუფლებას გვაძლევენ. ფასდაკლების სეზონი ქვეყანასთან ადაპტირებული უნდა იყოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ფასდაკლებებს კანონი არეგულირებს. უცხოელმა პარტნიორებმა შესაძლოა მხოლოდ რეკომენდაცია გაგვიწიონ ფასებთან დაკავშირებით. შემოდგომის კოლექცია თითქმის მთლიანად გაიყიდა, ამიტომ ახლა ძირითადად ზამთრის კოლექციაზე გვაქვს ფასდაკლება.
-რამდენ ხანს გაგრძელდება ფასდაკლებები რითეილის ბაზარზე?
-”სეილების” სეზონი ფაქტობრივად სრულდება. თებერვლის ბოლოს, წესით ყველა რითეილერსა და კონკურენტს ახალი კოლექცია უნდა ექნეს.
-”სეილების” დროს რამდენად იზრდება გაყიდვის მაჩვენებელი?
-არსებობს განსაზღვრული კატეგორიის მომხმარებელი, რომელიც ფასდაკლებას არ ელოდება და სწორედ სეზონზე იძენს მისთვის სასურველ სამოსს. მაგრამ არის მომხმარებელი, რომელიც ელოდება 30%-იან ფასდაკლებას და არიან ისეთებიც, მხოლოდ 50%-იანი ფასდაკლების დროს რომ დადიან შოპინგზე.
-კრიზისმა რითეილის ბაზარზე გაყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირა, დღეს რა ხდება?
-ჩვენი მაღაზიების ქსელი ათ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს და მომხმარებლების უმეტესობა ქალია. ცნობილი ფაქტია, რომ შოპინგი ნერვული ფონის, დაძაბულობის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შესაძლოა ზოგადად გაყიდვები შემცირებულია, მაგრამ სწორედ დაძაბულობის, სიდუხჭირის დროს აქტიურდება მომხმარებელი. ჩვენც ვცდილობთ ამ დროს სხვადასხვა ფასდაკლებებითა და წამახალისებელი აქციებით მოვიზიდოთ ისინი. ეკონომიკა რომ კრიზისიდან გამოდის, ამას რითეილის ბაზარი ყველაზე უკეთ გრძნობს. შარშან დეკემბერში სამი მაღაზია გავხსენით, წლეულს იანვარში კიდევ ორი.
მომხმარებლის ხარჯვითი პოტენციალის იმედი რომ არ გვქონდეს, ასეთ სვლას არ გავაკეთებდით.
-მართალია ფასდაკლების დროს რითეილერები ანახევრებენ, ზოგჯერ კი ამესამედებენ კიდეც გასაყიდი პროდუქციის ფასს, მაგრამ ქართული ”სეილის” ფასები ახლოსაც ვერ მიდის იმ მასშტაბურ ფასდაკლებებთან, როგორსაც უცხოეთში რითეილერები სხვადასხვა დროს აწყობენ...
-ასეთი ფასდაკლებები ჩვენთან ვერც იქნება ერთი მარტივი მიზეზით -ეს საქონელი საქართველოში არ იწარმოება. იმპორტირებულ საქონელს 90%-იანი ფასდაკლებით ვერ გაყიდი, თუნდაც ტრანსპორტირების ხარჯის გამო. ვინც საქართველოში საქონელს 80-90%-იანი ფასდაკლებით ყიდის, ნიშნავს, რომ რეალურად თვითღირებულებაზე იაფად ყიდის. ყველაზე ”ჩაწოლილი” საქონელიც კი აქ 70%-იან ფასდაკლებაზე მეტად არავის გამოაქვს”.
დავით გიორგაძე (ფეხსაცმლის მაღაზიის კომერციული დირექტორი): ”ყოველ წელს ფასდაკლებების აქციას იანვარში ვიწყებთ და მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. პირველ ეტაპზე უფრო დაბალ ფასდაკლებას ვაცხადებთ, შემდეგ კი სეილის მოცულობას ნელ-ნელა ვზრდით. მაქსიმალური ზღვარი 50%-ია. ზოგ საქონელზე 60%-იანი ფასდაკლებაც გვაქვს, მაგრამ ასეთ ჩამოფასებას უფრო ძველ, ორი-სამი წლის კოლექციაზე ვაკეთებთ, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი გვაქვს შემორჩენილი.
-თუ განსხვავდება წლევანდელი სეზონი შარშანდელისგან ”სეილების” მოცულობით, მასშტაბურობით? მახსოვს, შარშან რითეილერები ფასდაკლებებით ცდილობდნენ ფინანსური პრობლემების დაძლევას...
-ჩვენ ასეთი ხერხისთვის არ მიგვიმართავს, ფასდაკლებებს ჩვეულ რეჟიმში ვაწყობთ. რა თქმა უნდა, კრიზისამდე პერიოდში ვაჭრობის მოცულობა უფრო დიდი იყო, მაგრამ სხვა ბიზნესსექტორებთან შედარებით, ფინანსური პრობლემები რითეილერებს ნაკლებად შეგვეხო. ზოგადად მთელ მსოფლიოში საცალო რეალიზაცია დაახლოებით 15-20%-ით შემცირდა და გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. აქაც დაახლოებით ამ მოცულობის კლება გვაქვს. კრიზისის შემდგომი პერიოდის შეფასება რითეილის ბიზნესში ”სეილის” ფონზე ცოტა რთულია. თუმცა მომხმარებლის განწყობა უკეთესია და იმედია, უკეთესი ვითარება იქნება. ფინანსური პრობლემების დაძლევა ”სეილით” წარმოუდგენელია. მაშინ მართლა კოლექციის ლიკვიდაცია უნდა გამოაცხადო”.
P.S. მართალია, რითეილერები ფინანსურ პრობლემებზე ღიად საუბარს თავს არიდებენ, მაგრამ ”ეკოპალიტრას” კარგად ახსოვს, რომ შარშან გაზაფხულზე, სამოსითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიები, გაყიდვების სიმცირის გამო, ახალი კოლექციების შემოტანას არ ჩქარობდნენ. ამის გამო, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მაღაზიებში რამდენიმე თვის დაგვიანებით გამოჩნდა. მალე გამოჩნდება, ვისი მანეკენები შეიმოსებიან ახალი კოლექციით გაზაფხულის დადგომისთანავე.
სამოსი და ფასები
-საქართველოში ინფლაციის დონემ 2009 წლის დეკემბერში, 2008 წლის დეკემბერთან შედარებით, 3% შეადგინა;
-2009 წლის დეკემბერში, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, საქართველოში 9,7%-ით იყო გაიაფებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
-წლეულს იანვარში ინფლაციის დონემ, შარშანდელ იანვართან შედარებით 2,7% შეადგინა;
-იანვრიდან იანვრამდე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაიაფების მაჩვენებელი 9,6%-ია.
ემა ტუხიაშვილი
"ეკოპალიტრა"
08:45 / 24-02-2010
საგანგებო ფასდაკლება ქართულად

























