კრიზისისგან თავის დაღწევას ყველა თავისებურად ცდილობს. ზოგიერთ კორპორაციაში ერთობ ეგზოტიკურ ხერხებს მიმართავენ. ნამდვილად ვერავის ვურჩევთ ამგვარი გამოცდილებების გაზიარებას. თუმცა კრიზისისგან თავის დაღწევას ხომ ყველა თავისებურად ცდილობს...
”კენონის” ტოკიოს ოფისში შარშან უცნაური ამბები ხდებოდა. ჯერ იყო და ყველა სკამი შენობიდან გარეთ გააბრძანეს. ახლა თანამშრომლები კი არ სხედან, არამედ დგანან სამუშაო მაგიდებთან. ”კენონის” პრეზიდენტ ჰისაში საკამაკის მიაჩნია, რომ ამან შრომის ნაყოფიერების ამაღლების შესაძლებლობა მისცათ.
თუმცა საქმე მაგიდებთან პერსონალის ატუზვით არ დასრულებულა. დერეფნებში დამონტაჟდა საგანგებო სისტემა, რომელიც თანამშრომელთა მოძრაობის სისწრაფეს ადევნებს თვალყურს. მაშ როგორ, კეთილი უნდა ინებონ, ცოტა გაინძრნენ და ფეხი ააჩქარონ, იმიტომ რომ თუ 5 მეტრის გავლას 3,6 წამში ვერ მოასწრებენ, სიგნალიზაცია ჩაირთვება.
მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ დიზაინერულ ფირმაში ტუალეტით სარგებლობა მკაცრი აღრიცხვის საგანი გახდა. თანამშრომლებმა საჭიროებების დაკმაყოფილებამდე ტურნიკეტი უნდა გაიარონ, სადაც ჟურნალით შეიარაღებული დაცვის თანამშრომელი მოკალათებულა. ამ ჟურნალში აღინუსხება სამუშაო ადგილზე არყოფნის ხანგრძლივობა. თანამშრომელ ქალს, რომელსაც ნახევარი წელიწადი ჰქონდა კომპანიაში ნამუშევარი, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ წინა კვირაში მან ტუალეტში სამ საათზე მეტი გაატარა. ”კუჭი ხომ არ გაწუხებთ? იქნებ აჯობებდა, ექიმისთვის მიგემართათ?” - ამგვარი ზრუნვის გამოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ დიზაინერმა კომპანია დატოვა.
უცნაური სიახლეების შემოღების მთავარი მიზანი ეკონომიის გაწევა და შრომის ნაყოფიერების გაზრდაა. ევროპაში მიღებულია სამსახურში კოსტიუმებით სიარული. ეს საერთო სტანდარტია. თუმცა ორი წლის წინ ნავთობისა და გაზის იტალიურმა კომპანია ENI-მ, ეკონომიის მიზნით, ზაფხულობით მამაკაცებს სამსახურში პიჯაკებით მისვლა აუკრძალა. ჩანაფიქრი ის იყო, რომ ამ გზით ცხელ იტალიაში ოფისების კონდიცირების დანახარჯების დაზოგვა შეიძლებოდა.
მოულოდნელი სვლები იმდენად მათ ინიციატორთა უცნაურობაზე კი არ მიუთითებს, რამდენადაც შრომის ნაყოფიერების უკვე მიღწეულ მაღალ დონეზე. როცა ჩვეულებრივი მეთოდების შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებულია, მაშინ მენეჯერთა არსენალში უჩვეულო გადაწყვეტილებები ჩნდება. ამ მხრივ საქართვლოში ნამდვილი ყამირია. შრომის კულტურა ჯერაც შორს არის დაწინაურებულ ქვეყნებში დამკვიდრებული სტანდარტებისგან; შესაბამისად, ჩვენს თანამემამულეებს საპატიოყარაულიან ტუალეტში სიარულის პერსპექტივა ნაკლებად ემუქრება. შრომის ნაყოფიერების გაზრდა ჩვეულებრივი მეთოდების გამოყენებითაც შეიძლება.
"ეკოპალიტრა"
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)
08:30 / 23-02-2010
კრიზისთან გამკლავების ეგზოტიკური წესები

























