2009 წლის პირველი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოვლენა 1-ელ იანვარს რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის შეწყვეტა იყო - ევროპას ცივ ზამთარში გაზმომარაგების სერიოზული პრობლემა შეექმნა.
ურთიერთბრალდებების ფონზე, ევროპის ჩარევის შემდეგ საკითხი მოგვარდა, თუმცა ევროპამ გააცნობიერა, რომ გაზის მომარაგების მხრივ მხოლოდ რუსეთზე დამოკიდებული ვერ იქნებოდა და “ნაბუქოს” პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ევროპაში კასპიის რეგიონის გაზის რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკების შემდეგ, 13 ივლისს ანკარაში პროექტთან დაკავშირებით მთავრობოთშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც თურქეთმა, ავსტრიამ, უნგრეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა მოაწერეს ხელი. გაზსადენი საქართველოზე გაივლის.
საქართველოს მთავრობასა და "White Stream Pipeline Company Limited”-ს შორის მიმდინარე წლის აპრილში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც მხარეებმა "თეთრი ნაკადის” გაზსადენის პროექტის განხორციელებისთვის თანამშრომლობაზე საკუთარი ნება გამოხატეს. მემორანდუმი კონსორციუმის მიერ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას ითვალისწინებს. "თეთრი ნაკადის” პროექტი კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებას, აგრეთვე, სამომავლოდ ცენტრალური ევროპის მომარაგებას გულისხმობს. ბუნებრივი აირი სუფსამდე, ანუ შავ ზღვამდე ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით მივა, საიდანაც რუმინეთში ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით, წყალქვეშა მილით მოხდება.
რაც შეეხება უშუალოდ შიდაენერგეტიკულ ვითარებას, კომპანია "იტერა საქართველომ" ცხინვალის რეგიონისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება აღადგინა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილი იყო.
მარტში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის მიერ 80 მლნ ლარზე მეტი დავალიანება გახდა, საიდანაც 68 მლნ ლარი ბუნებრივი გაზისთვის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისადმი ვალია. კომპანიას დღემდე სპეციალური მმართველი მართავს.
აპრილში კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ"ხელვაჩაურში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო. ასევე, აპრილში ჰიდროელექტროსადგურის "ფარავანჰესის"მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და თურქული კომპანია "ჯორჯიან ურბან ენერჯის" შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. კერძოდ, მაისში "ზოტი ჰიდროსა"და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, "ზოტიჰესის" კასკადის მშენებლობაში "ზოტი ჰიდრო" 90 მლნ. ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ჰესის მშენებლობა 2010 წელს დაიწყება და 2015 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - 36-მეგავატიანი "ზოტი ჰესი" და 5,2-მეგავატიანი "ყვირილა ჰესი". კასკადის წლიური გამომუშავება 166 მლნ კვტ/საათს შეადგენს.
საქართველოს მავრობამ ხელშეკრულებები გააფორმა "ბახვი ჰესი III"-ისა და "ლუხუნიჰესების"მშენებლობაზე. ოზურგეთის რაიონში მდინარე ბახვისწყალზე ახალ ჰესს შპს "ბახვი ჰიდრო პაუერი" ააშენებს. ჰესის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება. "ბახვი ჰიდრო პაუერი" ჰესის მშენებლობისთვის 9,7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. რაჭაში ლუხინჰესებს ქართული კომპანია ‘’რუსთავმეტალი’’ ააშენებს.
მემორანდუმის თანახმად, "ლუხუნიჰესების"მშენებლობა ეტაპობრივად განხორციელდება. ჰესები რაჭაში მდინარე ლუხუნისწყალზე აშენდება. "ლუხუნიჰესი I"-ის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 10,8 მგვტ-ია, "ლუხუნიჰესი" II-ის - 12 მგვტ, ხოლო "ლუხუნიჰესი III"-ის - 7,3 მგვტ.
ივლისში საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს პროექტს ენერგეტიკის დარგში. ახალციხის რაიონის სოფელ საკუნეთში დაიწყო 28-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის "მტკვარიჰესის" მშენებლობა. "მტკვარიჰესს" კომპანია "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" ააშენებს. "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე 70 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
რაც შეეხება ელექტროენერგეტიკულ სფეროს, 2009 წლის 15 სექტემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "გარდაბანი-500" გაიმართა ახალი, 500/400კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის I ეტაპის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგა. ხაზის მშენებლობა "შავი ზღვის ელექტროგადამცემი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის" ფარგლებში განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს გარდაბანი-ახალციხისა და ზესტაფონი-ახალციხის მონაკვეთებზე 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, გაძარცვული მონაკვეთების რეაბილიტაციას და ახალციხე-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, ახალციხეში 500/400 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობას მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟის ჩათვლით.
2009 წლის ბოლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო. საქართველოს მთავრობასა და თურქულ-კორეულ კონსორციუმს შორის "ნამახვანჰესების" კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მემორანდუმი გაფორმდა.
თურქულ-კორეული კონსორციუმი ვალდებულებას იღებს, კასკადის მშენებლობა 2011 წლისთვის დაიწყოს. თურქული კომპანია "ნუროლი", კორეული კომპანიები KEPCO da SK E&C კონსორციუმში გაერთიანდნენ, რათა აღნიშნული პროექტი განახორციელონ.
"ნამახვანის კასკადი" არის სამეტაპიანი კასკადი, ჯამური წლიური გამომუშავებით 1650 გვტ/სთ, რომელიც იყენებს რიონის მნიშვნელოვან ჰიდროპოტენციალს. იგი შედგება სამი ჰესისგან: ტვიშის ჰირდოელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 250 მგვტ. ჟონეთის ჰიდროელექტროსადგური - დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, კასკადის მშენებლობის ვადა 6 წელია. პროექტის ღირებულება კი - 1 მლრდ აშშ დოლარი
"ინტერპრესნიუსი"
13:40 / 01-01-2010
2009 წლის ენერგეტიკა - ცივი ევროპული ზამთრიდან მნიშვნელოვან პროექტებამდე

























