ქართულ (და არა მარტო ქართულ) პრესაში არაერთხელ დაწერილა, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ შინდისთან რუსული კოლონა ჩასაფრებულ მოწინააღმდეგეს გადააწყდა. 17-მა ქართველმა ჯარისკაცმა რუსეთის ასეულს რამდენიმე საათის განმავლობაში წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია.
მაშინ ქართველი ბიჭების გმირობამ რუსი მაიორიც კი შეძრა და მან დაღუპულების წინაშე ქუდი მოიხადა (ვრცლად ამის შესახებ "გზის" ფურცლებზე უკვე ვწერდით)... სამშობლოსთვის გმირულად დაცემულ ბიჭებს შორის იყო 24 წლის რუსლან წულაძეც, რომელიც საქართველოს სიყვარულით, ეროვნებით რუსმა დედამ აღზარდა. ქართველზე გათხოვილი ქალბატონი, ახლა, შვილის მოგონებით, გურიის სოფელ ქვიანში ცხოვრებას აგრძელებს.
იმ ქართველი დედებისთვის ლოცულობს, ვისაც გმირის დედობა ერგო და უფალს საქართველოს გამთლიანებას, იმ საქმის ბოლომდე მიყვანას ევედრება, რასაც ჯარისკაცმა წულაძემ და მისმა თანამებრძოლებმა შესწირეს თავი... ქალბატონი ლიდიას წერილი ერთ-ერთმა რეგიონულმა გამოცემამ მოგვაწოდა, სადაც იგი საკუთარ ცხოვრებაზეც ჰყვებოდა.... რუსი ქალბატონი მოუწოდებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ქართველ დედებს, 11 მარტს შინდისში კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და იმ წმინდა ადგილას სანთლები დაანთონ...
- ჩემი თხოვნაა, 11 მარტს კიდევ ერთხელ მივიდეთ შინდისში. ის ჩემთვის და ჩემსავით გამწარებული დედებისთვის წმინდა მიწაა, რადგან ჩვენი გმირების სისხლით არის გაჟღენთილი - კიდევ ერთხელ დავუნთოთ სანთელი ჩვენს შვილებს...
- ქალბატონო ლიდია, ალბათ თქვენი შვილის მოგონებით ცხოვრობთ...
- დიახ, მოსაგონარი და გასახსენებელი კი ძალიან ბევრი მაქვს... 2008 წლის 30 აგვისტოს მას 25 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. ახლა ჩემი შვილის საფლავზე დავდივარ და იქ ვესაუბრები, ასე მგონია, ჩემი ხმა ესმის. მასთან ერთად, იმ ბიჭებსაც ვუნთებ სანთელს, ვინც აგვისტოს ომში დაიღუპა. მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ჩემი მკვდარი შვილის სხეული მაინც მეღირსა, იმათ რა თქვან, ვინც შვილის ნაქონ ტანსაცმელს დასტირის?!. ამიტომ ვარ ძლიერი, ან ვცდილობ, ძლიერი ვიყო.
მე გმირის აღზრდა შევძელი და სისუსტის უფლებას ჩემი შვილის ხსოვნა არ მაძლევს. მისი ხანმოკლე ცხოვრების წინაშე ვალდებული ვარ, ცხოვრება გავაგრძელო. ქართველი დედები ნუ მიწყენენ, მაგრამ ჩემი დღეები უფრო მძიმეა... მზის ამოსვლა მხოლოდ იმიტომ მახარებს, რომ ჩემი შვილის საფლავზე მივიდე. არ ვიცი, რამდენად გადმოვცემ სიტყვებით ჩემს მწუხარებას, მაგრამ ამ მძიმე ჯვრის ტარება უნდა შევძლო, მე ხომ ჯარისკაცის დედა ვარ და ამ "სტატუსით" სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიარო... მორწმუნე ადამიანი ვარ. ჩემი მშობლებიც ეკლესიურად ცხოვრობდნენ. ჩემი დიდი ბაბუა მღვდელი იყო, დეიდა კი მონაზონი მყავდა. მკაცრად გვზრდიდნენ. როცა ჩემი თანატოლები ერთობოდნენ, მე ლოცვებს ვსწავლობდი. ჩემი ცხოვრება ამქვეყნიური ჯოჯოხეთია, მაგრამ ღვთის ნების წინაშე ქედს ვიხრი, მხოლოდ მან იცის, რა გზით უნდა ატაროს ადამიანი, უბრალო მოკვდავები ვერასდრის ამოვხსნით მის ნებას. ისღა დაგვრჩენია, დავემორჩილოთ.
- თქვენს შვილზე მოგვიყევით.
- ჩემი შვილისნაირი ბიჭები ათასში ერთხელ იბადებიან. სიცოცხლე უყვარდა, სამშობლო უყვარდა, დედას პატივს სცემდა... მასზე საუბარი მიჭირს, მაგრამ არც თავის შეკავება შემიძლია... მაღალი, ძლიერი ბიჭი იყო, წაბლისფერი თმითა და თაფლისფერი თვალებით. ადამიანების უანგარო სიყვარული და გატანა შეეძლო. ჩემი შვილი იყო, მაგრამ მიკვირდა - საიდან ჰქონდა ამხელა გული, როგორ შეეძლო ამხელა სიყვარულის ტარება. სკოლაში მისვლა მსიამოვნებდა, მასწავლებლები ყოველთვის აქებდნენ, - თქვენი შვილისგან მაგალითის აღება შეიძლება, როგორც ფრიადოსანი მოსწავლისგან კი არა, როგორც ჩამოყალიბებული პიროვნებისგანო...
რუსლანი შუათანა შვილია, მაგრამ რადგან ისეთი რბილი და დამთმობი იყო, მთელი ოჯახის სიმძიმე მის კისერზე გადადიოდა. თავისუფალ დროს (რაც ძალიან იშვიათად ჰქონდა) ხატავდა, წერდა, კითხულობდა, მავთულებისგან სხვადასხვა ფიგურას აკეთებდა. ხშირად ცუდად ვიყავი და რუსლანი დილას ადრე დგებოდა და ყველა საქმეში მეხმარებოდა. მართლა არ ვიცი, რატომ იყო ასეთი თბილი, ჭკვიანი და უპრეტენზიო. ქონება თავზე არ გადაგვდიოდა და ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ საჭმელი ცოტა იყო; ის კუთხეში დაჯდებოდა და მეტყოდა, - დედა, მე არ მშია, შენ და ჩემმა ძმებმა ჭამეთო. თუ დანარჩენი შვილები უამრავ რაღაცას მთხოვდნენ, ის ყოველთვის ჩუმად იყო.
- სამხედრო საქმით ჯარში წასვლის შემდეგ დაინტერესდა?
- არა. სკოლის მოსწავლე, პატარა ბიჭი იყო, როცა სამხედრო ფორმის ჩაცმის სურვილი გამოთქვა. არასდროს არაფერს მთხოვდა და რადგან ეს მოინდომა, არ მინდოდა, გული სტკენოდა. ფული არ გვქონდა, რომ გვეყიდა და მისი ზომის სამხედრო ფორმა ერთ ფუთ სიმინდში გადავცვალეთ... ის ფორმა მეათე კლასამდე ატარა. როგორც კი სკოლა დაამთავრა, რაიონის სამხედრო კომისარიატში მივიდა და სთხოვა, ჯარში წასვლა მინდაო, მაგრამ უარი უთხრეს, პატარა ხარო. იმ პერიოდში ჩემი უფროსი შვილი წაიყვანეს, წელიწად-ნახევრის შემდეგ კი რუსლანიც წავიდა. ამასობაში, უფროსმა სავალდებულო სამსახური დაამთავრა, დაბრუნდა. რუსლანი ბედნიერი იყო. კარანტინში ყოფნისას ვინახულე, მუშაობისგან დაკაწრულ ხელისგულებზე "ბებერები" ჰქონდა, მაგრამ ღიმილით მითხრა, - დედა, ეს მიწის ნაკვეთი ჩვენს ნაწილს ეკუთვნის და იქაურობას მე ვუვლიო.
ამ დროს ოფიცერი შემოვიდა და მითხრა, - ჯარისკაცი თავის სამშობლოს ღირსეულად რომ ემსახუროს, პირველ რიგში, კარგი ადამიანი უნდა იყოს; თქვენ ნამდვილად, ღირსეული შვილი აღზარდეთ და მადლობა უნდა გითხრათო. მაშინ ჯარში სამსახური ადვილი არ იყო. ჯარისკაცები დღეში ერთხელ, შავი პურის მეოთხედით იკვებებოდნენ, გათბობაც კი არ ჰქონდათ. რუსლანი გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ ერთი საყვედურიც არ დასცდენია, პირიქით - შვებულებაში ყოფნისას სამხედრო კურიოზებს ჰყვებოდა... 20 თვე იმსახურა. როცა ცუდი პირობები იყო, იმაზე ვნერვიულობდი, მშიერ-მწყურვალია-მეთქი... როცა ამ მხრივ ვითარება გამოსწორდა, ომის დაწყების მეშინოდა და ჩემს აზრს ვუზიარებდი.
- სად მსახურობდა?
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ ამის გაკეთების უფლება მივეცი, მაგრამ იმდენად ჭკვიანი და დამოუკიდებელი ადამიანი იყო, ვერ შევეწინააღმდეგე. სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, იქაურობა საკუთარი სახლივით უყვარდა... ძალიან ჭკვიანი და წინდახედული იყო; სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდი, მას ვეთათბირებოდი. ია-ვარდით მოფენილი გზით არ მივლია, არც ჯანმრთელობა მიწყობდა ხელს - ჰიპერტონია მაწუხებს და როცა გული ყელში მომებჯინებოდა, სიმწრით ვიკითხავდი, - რატომ ჩამოვედი აქ? ამდენი წვალება რომ მენახა-მეთქი?!. ამ დროს რუსლანი გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა, - იმიტომ ჩამოხვედი, რომ მე გყოლოდი, გაგეზარდე, მერე კი ომში მომკლავენო... ერთხელ ვკითხე, - შვილო, ძალიან ვნერვიულობ შენზე, ომი მართლა რომ დაიწყოს, რას იზამ-მეთქი? თავისი ჭკვიანი თვალებით შემომხედა და მიპასუხა, - რა უნდა ვქნა, დედა? მე ხომ ჯარისკაცი ვარო!.. მოუკვდეს დედა, თითქოს გული უგრძნობდა, რამდენჯერმე მითხრა, - ომში მომკლავენო... ახლა ეს ყველაფერი რომ მახსენდება, ყელში მიჭერს. ბოლო დროს შეიცვალა; დასვენების დღეებში, პარასკეობით სახლში რომ მოდიოდა, ძველებურად ხუმარა და ხალისიანი აღარ იყო, სევდიანი და გულჩათხრობილი გახდა. ერთხელ მითხრა, - დედა, მე თუ ომში მომკლეს, შენ პენსიას დაგინიშნავენო... ამის გახსენება მზარავს.
- არ გეუბნებოდათ, რატომ იყო მოწყენილი?
- ჩვენ უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს. ჩაძიებას ვერიდებოდი, მაგრამ დედის გული თავისებურად გრძნობს ცუდსა და კარგს. ვთხოვე, - მითხარი, რა გაწუხებს, რატომ შეიცვალე, ცუდზე რატომ ფიქრობ-მეთქი? მხოლოდ ის მითხრა, - ცუდ სიზმრებს ვხედავო. ვერ მოვისვენე: მომიყევი, გამიზიარე-მეთქი. - არ მოგიყვები, დედა, მერე შენ ამაზე ინერვიულებო... ყოველ დილით მირეკავდა სენაკიდან, - როგორ ხარ, ასეთი სუსტი ხმა რატომ გაქვს? გეხვეწები, არ ადგე, დასვენების დღეებში ჩამოვალ და ყველაფერს გაგიკეთებო... ყველა შვილს უყვარს დედა, მით უმეტეს, ქართველებს დედაშვილობის გრძნობა გაასკეცებული გაქვთ, ამით ვერ გაგაკვირვებთ, მაგრამ ჩვენ მართლაც განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა გვქონდა. ჩემს შვილებს არ ეწყინებათ, თუ რუსლანზე ვიტყვი, გამორჩეული იყო-მეთქი.
- ბოლოს როდის ნახეთ თქვენი შვილი?
- უკანასკნელად, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, 20 ივლისს ვნახე. სახლში იყო მოსული. გამთენიისას ადგა და წასვლამდე არაყს ხდიდა, ქორწილისთვის ემზადებოდა. საცოლე ჰყავდა და ნოემბერში მის შერთვას აპირებდა, მაგრამ... 30 აგვისტოს 25 წელი შეუსრულდებოდა; ვერ მოესწრო, მოუკვდეს დედა!.. შვილო, უჭმელი არ წახვიდე-მეთქი, - ვთხოვე. - დამაგვიანდებაო, მითხრა და მაკოცა. მის საწოლთან, სკამზე უფლის ჯვარცმა იდო, რომლის ჯაჭვიც გაშავებული იყო; გულზე ცუდად მომხვდა, - დამიტოვე და გაგიწმენდ-მეთქი. - არაო. მერე ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. პერანგებს შორის, შავი ამოარჩია და მომაწოდა, - გქონდესო.
გავოცდი და გავბრაზდი, - შავს რატომ მაძლევ-მეთქი? გამიღიმა: მე ამ მაისურს ჩავიცვამ, ჩემს მაკასაც (მის საცოლეს) ასეთი აქვსო. სანამ წავიდოდა, კიდევ ერთხელ მომეხვია და დამშვიდობებისას, დამპირდა, - მალე ჩამოვალ და თხილის კრეფაში მოგეხმარებიო... ყველა მისი სიტყვა, მისი მიმიკა, ღიმილი თვალწინ მიდგას. ერთხელ მითხრა, - დედა, ბევრი ჯარისკაცი ჯარში მაღალი ხელფასის გამო წავიდა, მე კი უბრალოდ, სამხედრო სამსახური მიყვარსო... ჩვენს ბოლო სატელეფონო საუბარზეც მინდა გიამბოთ: ომი უკვე დაწყებული იყო, რომ დამირეკა. პირველ რიგში, ჯანმრთელობის შესახებ მკითხა. კარგად ვარ-მეთქი. მერე ბათუმზე შემეკითხა, - ასე თქვეს, დაბომბეს და მსხვერპლის შესახებ თუ იცი რამეო?.. ბათუმი არ დაუბომბავთ, შენ როგორ ხარ და სად ხარ-მეთქი? - არ ინერვიულო, ოსიაურში ვარ, პოლიგონზე, ტყეშიო. ამ დროს ტანკების ზარბაზნების სროლის ხმა გავიგონე. დამამშვიდა, - ნუ გეშინია, სწავლება გვაქვსო. მივხვდი, სიმართლეს მიმალავდა, მაგრამ საყვედურის თქმას რაღა აზრი ჰქონდა?! ვთხოვე, 90-ე ფსალმუნის წაკითხვა არ დაგავიწყდეს-მეთქი. - არა, დედი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ დროს ვიღაცამ დაუძახა - "წულაძე!" სანამ ტელეფონს გათიშავდა, მთხოვა, თავს გაუფრთხილდიო... ჩვენი საუბარი ამით დასრულდა. მერე კი მითხრეს, შინდისში 17 ბიჭი გმირულად დაიღუპაო.
როგორ იპოვა 17-მა ერთნაირი გულისა და ნებისყოფის ადამიანმა ერთმანეთი ან როგორ შეძლო ამდენი მტრის მოგერიება?.. 9 დღე და ღამე იწვნენ ჩვენი შვილები აგვისტოს მცხუნვარე მზის ქვეშ. როცა მოასვენეს, აზროვნების უნარი დაკარგული მქონდა, მაგრამ მაინც ვნახე. ჩემს შვილს სახე და ხელი არ ჰქონდა, მკერდში კი ბომბის ნამსხვრევს უზარმაზარი ჭრილობა დაეტოვებინა... 19 აგვისტოს თუთიის კუბოთი მომისვენეს სახლში და მაშინვე სასაფლაოზე წაასვენეს, გახსნა არ შეიძლებაო... ამას წინათ დამესიზმრა. გამხდარი და მოწყენილი იყო, მკოცნიდა და მეხვეოდა, - ნუ სტირიო. - ასეთი გამხდარი რატომ ხარ-მეთქი? - მე ხომ ჯარში ვარ, დედა, ომია და აბა, ჩვენს გემოზე ვინ გვაცხოვრებს, ნუ გეშინიაო... იმ ქართველ დედებს მინდა, სიყვარულითა და მოკრძალებით მივმართო, - ჩვენ უბედური, მაგრამ ამაყი დედები ვართ, ჩვენი შვილები ქართველი ხალხისთვის, ქართული მიწისთვის დაიხოცნენ. ქედს ვიხრი ყველა იმ ქართველი დედის წინაშე, რომელიც ამ ტკივილს ატარებს და დედაღვთისმშობელს შევთხოვ, მათ გაძლება მისცეს... ქედს ვიხრი თქვენი ხსოვნის წინაშე, შვილებო. შეიძლება, მოკვდე, მაგრამ ხალხისთვის ცოცხალი იყო, შეიძლება, ცოცხალი იყო, მაგრამ ხალხისთვის აღარ არსებობდე.
- ვიცი, რომ თქვენი შვილისა და მისი თანამებრძოლების ცხედრები კათოლიკოს-პატრიარქმა გადმოასვენებინა შინდისიდან...
- დიახ. მინდა, უღრმესი მადლობა ვუთხრა ამ დიდებულ ადამიანს ამისთვის. იმ ბიჭების ცხედრები პროზექტურაში თვით უწმინდესმა და უნეტარესმა გადმოასვენებინა. მე ვლოცულობ მისი ჯანმრთელობისთვის. მადლობა უფალს, რომ ქართველ ერს ასეთი სულიერი მამა ჰყავს!...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
09:21 / 06-03-2010
სისუსტის უფლებას ჩემი შვილის ხსოვნა არ მაძლევს

























