როგორც რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა შემდეგი სამი მუხლით: 1. ”ომის წარმოებისას აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით ბრძოლა”, 2.”მებრძოლების დაქირავება” და 3. ”საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებსა და შენობებზე თავდასხმა”.
რუსული გამოძიების მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართველმა სამხედროებმა მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს მასობრივი განადგურების მძიმე შემტევი იარაღი, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალა და 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები. გარდა ამისა, თურმე პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა მიიღო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობისა და გატაცების, ასევე უკანონოდ დაკავებულ სამოქალაქო პირებსა და სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში გაუმართლებელი ძალადობის დამადასტურებელი მასალა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დადგინდა ასევე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე რუს სამშვიდობოებსა და დაწესებულებებზე თავდასხმის ფაქტები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კონფლიქტის დროს ქართულ მხარეზე იბრძოდნენ უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაცია УНА-УНСО-ს (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა - უკრაინის სახალხო თავდაცვა), დაქირავებული მებრძოლები რომელთა რეკრუტირებას და მატერიალურ უზრუნველყოფას ახორციელებდა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

























