ავღანეთის პროვინცია კუნარის ათობით მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის 8 არასრულწლოვანი ნატო-ს ჯარისკაცებმა ცრუ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით დახვრიტეს - ამგვარ დასკვნას აქვეყნებს ბრიტანული "თაიმსი" მის მიერვე ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო, რომ მსგავსი რეიდის ჩატარების უფლება სარდლობას არ უნდა გაეცა. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 12-დან 18 წლამდე მოზარდებს ბოევიკებთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ამდენად, სინამდვილეს არ შეესაბამება ნატო-ს მტკიცება, რომ ჯარისკაცების მიერ მოკლული მოზარდები ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამზადებდნენ და ავრცელებდნენ.
სპეცოპერაცია ნატოს დამრტყმელმა ჯგუფმა გასული წლის დეკემბერში ჩაატარა. მისი მიზანი იყო პაკისტანის საზღვართან ახლოს, ძალადობრივ აქციებში მონაწილე ამბოხებულთა ჯგუფის განადგურება.
ნატო-ს წყაროები ქაბულში აცხადებენ, რომ ეს გაუმართლებელი ოპერაცია იყო და ნატოს სარდლობას არ ჰქონდა რეიდის ჩატარების უფლება.
ფარულ აბდულ აჯანი, რომელსაც ორი შვილი, ორი ძმა და სამი ძმისშვილი მოუკლეს, აცხადებს, რომ ჯარისკაცებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვის კლავდნენ. მოზარდების უდანაშაულობაზე საუბრობენ ასევე ავღანელი გამომძიებელი და ადგილობრივი ჩინოვნიკები.
მოზარდების ნათესავები ქაბულში ჩავიდნენ და გამოძიებას წარუდგინეს მოკლულთა ფოტოები, ჩატარებული ოპერაციის ადგილის სქემა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი განცხადება ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში ჩატარებული ოპერაციიდან 4 დღის შემდეგ, ალიანსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს სოფელში შესულ სპეცრაზმს ცეცხლი ერთბაშად რამდენიმე შენობიდან გაუხსნეს. 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში კი ალიანსი მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაციას ანიჭებს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოყვა.
ავღანეთში ნატო-ს კონტინგენტის სარდლის, გენერალ სტენლი მაკკრისტალის განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო ნატომ შესაძლოა ”სტრატეგიული მარცხი” განიცადოს. მაკკრისტალის მრჩევლის რიჩარდ გროსის თქმით კი, ალიანსი შეზღუდავს ღამის რეიდებს.”სარდალს კარგად ესმის, რომ საჭიროა მოქმედების მანერის შეცვლა, თორემ ომს წავაგებთ” - აცხადებს იგი.
გროსი აღიარებს, რომ ამერიკული ჯარები ოპერაციაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ოპერაციას არ ხელმძღვანელობდნენ.
ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი კომისიის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაღუპულია 63 მშვიდობიანი ავღანელი.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

























