- ჩემი აზრით, ეს მცირე საზღაურია, ან ვინ დაითვალა მიყენებული ზიანი? არც ის ვიცი, დააკმაყოფილებენ თუ არა ამგვარ სარჩელს.
- მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა რუსეთისთვის სამხედრო გემის, "მისტრალის" მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამით საფრთხე ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ ევროპას...
- აქ მთავარი პრობლემა პრინციპებშია. რუსეთის სამხედრო დოქტრინით, ნატო მისი მტერია, საფრანგეთი კი ნატოს წევრია. თუმცა ოფიციალურმა პარიზმა პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ის არ დათანხმდება ასეთ ბიზნესგარიგებას რუსეთთან, ევროპაში გამოჩნდებიან სხვა ქვეყნები, რომლებიც მოსკოვთან სამხედრო საკითხებში ითანამშრომლებენ, საფრანგეთი სოლიდურ შემოსავალს დაკარგავს. რაც შეეხება "მისტრალს", ის ნატოს საფრთხეს ვერ შეუქმნის.
- ამ ვერტმფრენმზიდს ბორტზე (გემბანზე) მძლავრი ქვემეხები არა აქვს, ასე რომ, ნატოს მისი ნამდვილად არ შეეშინდება და არც ძალთა ბალანსი დაირღვევა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს "მისტრალისნაირი" გემი შეიძლება რამდენიმე ასეული ჰყავდეს... თუმცა შეიძლება საუბარი იყოს ტენდენციაზე, - თუ რუსეთისთვის დასავლეთის სამხედრო ბაზრის კარი გაიხსნა, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება... რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ "მისტრალის" ირგვლივ ატეხილ ხმაურს, რუსეთს ისეთი სამხედრო პოტენციალი აქვს, "მისტრალი" საერთოდ რომ არ ჰყავდეს, მომავალი 10 წლის განმავლობაში ჩვენთვის ის მაინც ათასჯერ ძლიერი მოწინააღმდეგე არის და იქნება. ასე რომ, "მისტრალის" მოსკოვისთვის მიყიდვა-არ მიყიდვა სტატუს-კვოს არ ცვლის, მით უმეტეს, რომ მას შავ ზღვაში ალბათ არ შემოიყვანენ თურქეთის საწინააღმდეგო პოზიციის გამო. ხოლო თუ საფრანგეთი რუსეთს ლიცენზიას მიჰყიდის, მას შეუძლია თვითონ ააგოს ასეთი გემი.
- საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრანგეთისთვის საიმედო პარტნიორი უნდა გახდეს და საქართველოს პრობლემა ნატოსთვის ამჟამად პრიორიტეტული არ არისო, ახლახან ლონდონში მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი საფრანგეთის ხელისუფლებას რუსეთის დაპყრობითი გეგმების თანამონაწილეობაში დასდო ბრალი.
- საფრანგეთის ხელისუფლება თავისი ნაბიჯების ახსნას და გამართლებას ცდილობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საფრანგეთის ხელისუფლების კრიტიკოსთა შორის ის ნამდვილად არ უნდა იყოს. სარკოზი ერთადერთი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც სააკაშვილი გადაარჩინა. ყველას ახსოვს, როგორ აფრთხილებდა ჯორჯ ბუში-უმცროსი სარკოზის ტელეფონით: თბილისში არ ჩახვიდე, იქ ხვალ დილით ტანკები შევლენო. სააკაშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, როგორ მოიკოჭლებს ის დიპლომატიურ ეთიკაში, მისი განცხადება - შავ ზღვაში ნატოსა და რუსეთის საზღვაო ძალებს შორის შეტაკების ალბათობა მაღალიაო, მართლა აბსურდულია.
- თუმცა ბოლო ხანს იმ სატელევიზიო არხებზე, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს, გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც აღნიშნავენ: სარკოზიმ საქართველოს ხელისუფლებას მისთვის წამგებიან ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, და ამით რუსეთის რენომე გადაარჩინაო...
- როცა ხელისუფლება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს აწერს ხელს, ყველა დეტალი, ნიუანსი გაანალიზებული უნდა ჰქონდეს, ხელის მოწერის შემდეგ არ უნდა დაიწყოს წუწუნი: არ უნდა დავთანხმებულიყავით ასეთ შეთანხმებაზეო. ასე რომ, საკუთარი არაპროფესიონალიზმი და პოლიტიკური ახლომხედველობა ჩვენს ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება. როცა ქვეყნის სახელით ასეთ დოკუმენტს ხელს აწერ, პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე "მისტრალის" საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა, არ მახსოვს სააკაშვილის გამოსვლა, სადაც იგი სარკოზისაგან 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას ითხოვდა. სააკაშვილი მხოლოდ მაშინ გამოხტა, როცა დაინახა, რომ სარკოზი სხვა ევროპელმა კოლეგებმაც გააკრიტიკეს, თუმცა ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე ევროკავშირსა და საფრანგეთს პასუხი, რა თქმა უნდა, მოეთხოვებათ.
ამ საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტი ასეთი არადიპლომატიური განცხადებებით კი არ უნდა გამოდიოდეს, არამედ სერიოზულად მუშაობდეს. არაბულ ქვეყნებში გახშირებულ ვიზიტებს, სჯობს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სხვა პრობლემების გადაჭრაზე იფიქროს.
ცნობისათვის:
"მისტრალის" ტიპის ფრანგული სადესანტო ვერტმფრენმზიდი - ამ 200-მეტრიან გემს შეუძლია ზიდოს 16 ვერტმფრენი, ათეულობით ტანკი და ასამდე სხვა სატრანსპორტო საშუალება:
მისი წყალწყვა - 21.300 ტონა
მაქსიმალური სიგრძე - 210 მეტრი
კორპუსის მაქსიმალური სიგანე - 30 მეტრი
სიჩქარე - 18,8 კვანძი
ეკიპაჟი - 160 კაცი
სადესანტო ნაწილი - 450 სამხედრო
ფასი - 500-დან 600 მილიონი ევრო.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

























