რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის "სახელმწიფო საზღვრის" დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იწყება. პირველი სხდომა 26 თებერვალს მოსკოვშია დაგეგმილი.
ცხინვალის ე.წ. ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ამ საკითხზე სეპარატისტთა დელეგაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი უხელმძღვანელებს, ხოლო რუსულ დელეგაციას - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მრჩეველი ვადიმ პოსტნოვი.
"ეს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით კომისიის პირველი საორგანიზაციო შეხვედრაა, დელეგაციათა დონეზე. სამხრეთ ოსეთში უკვე შექმნილია კომისია, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკიხებზე მუშაობს. ქართულ მხარეს შესაბამისი შეტყობინება უკვე გაეგზავნა წინადადებით, მონაწილეობა მიიღს აღნიშნული კომისიის მუშაობაში, თუმცა პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ მიგვიღია", - აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
რა შედეგით შეიძლება დასრულდეს შეხვედრა და საზღვრის რა მონაკვეთის დათმობას შესთავაზებს რუსული მხარე ცხინვალის წარმომადგენლებს, ამაზე პროგნოზის გაკეთება ქართველ ექსპერტებს უჭირთ. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რა შეთანხმებასაც უნდა მიაღწიონ მხარეებმა, ეს საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადდება.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ საზღვარი საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებში დარჩეს. მისი თქმით, რუსეთი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მან საბჭოთა პერიოდის საზღვრებში აღიარა. საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით კი, დღეს უკონტროლოდ დატოვებული ტერიტორიების ნაწილი ჯავის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედიოდა.
"ამ ტიპის მოლაპარკებები დიდი ხანია იმართება და დოკუმენტაცია შედგენილი და ხელმოწერილიცაა", - აცხადებს არეშიძე.
რაც შეეხება საქართელოს ხელისუფლების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მისი თქმით, "ხელისუფლებამ ვერც მაშინ და ვერც დღეს თავი ვერ გაართვა ამ საკითხს, რადგან არ არსებობს ქმედითი მექანიზმები".
ექსპერტი არჩილ გეგეშიძე თვლის, რომ რაზეც უნდა შეთანხმდენენ მხარეები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ საკითხის გადახედვა თავიდან მოხდება.
"რაზე შეთანხმდებიან მხარეები და რას "დათმობს" სამხრეთ ოსეთი, ამის პროგნოზირება ძნელია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რა სახის ხელშეკრულებაც არ უნდა გაფორმდეს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ყველა ხელშეკრულება გადახედვას ექვემდებარება. მით უმეტეს, თუ ეს ეხება დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს. ამიტომ, თავიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან", - აცხადებს არჩილ გეგეშიძე.
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ამ შეხვედრიდან მხოლოდ იმას ელის, რომ შეიძლება საზღვარმა საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლოს. არც იმას გამორიცხავს, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრები უცლელად დარჩეს.
"როდესაც ტერიტორიაზე ჯარი დგას, რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს. საზღვარს რუსეთის მხარეს რომ არავინ გადაწევს, ისედაც ნათელია. მაგრამ შეიძლება ძველ საზღვრებში დარჩეს. რამდენადაც მახსოვს, ბოლო დელიმიტაცია დაახლოებით გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩატარდა. ანუ გეოგრაფიული საზღვრის აღდგენა თუ საბჭოთა პერიოდის საზღვრის ფარგლებში მოხდა, მაშინ ახალგორიცა და პერევის ტერიტორიაც მათი იქნება.
"რა ღონისძიებები გატარდება სახელმწიფო დონეზე, არ ვიცი. თუმცა, ჩვენი ორგანიზაცია აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებს. არ გამოვრიცხავ საპროტეტსო აქციებსაც. მეტი რა უნდა გააკეთო იმ მდგომარეობაში, როდესაც ტერიტორიაზე ჯარი დგას. ისინი ხომ მხოლოდ ძალას უწევენ ანგარიშს", - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
ია აბულაშვილი
გაზეთი ”რეზონანსი”
10:30 / 24-02-2010
მოსკოვი და ცხინვალი კავკასიონზე ახალ "საზღვარს" გაავლებენ

























