იაპონური ავტოკონცერნ ”Toyota Motor Corp”-ს პრეზიდენტი აკიო ტოიოდა აღიარებს, რომ კომპანიამ ავტომობილების კონსტრუქციაში შეცდომა დაუშვა, რადგან მათთვის პრიორიტეტი ბაზარზე წილის გაზრდა და ბიზნესის გაფართოვება იყო.
როგორც ”Toyota”-ს ამერიკული ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა, ჯეიმს ლენცმა განაცხადა, კომპანიაში ჯერ კიდევ არ შეუძლიათ იმის ახსნა, თუ რატომ ემართება მათ ზოგიერთ ავტომობილს მოულოდნელი და უკონტროლო აჩქარება.
აშშ-ის კონგრესის კომისიის წინაშე გამოსვლისას ლენცმა განაცხადა, რომ ”Toyota” ჯერ კიდევ არკვევს, თუ რა იყო 8 მლნ ავტომობილის უკან გამოწვევის მიზეზი - ელექტრონული გაუმართავობა თუ მექანიკური დეფექტი.
აღნიშნული პრობლემა 8 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, რამაც აშშ-ის საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია.
ჯეიმს ლენცმა განაცხადა, რომ კომპანიამ ვერ გაუძლო მის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებს. ლენცი ავტოგიგანტის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც კონგრესში განმარტებებისთვის გამოიძახეს.
25 თებერვალს ამერიკელი კანონმდებლების წინაშე კომპანია ”Toyota”-ს დირექტორი აკიო ტოიოდა წარსდება.
შეგახსენებთ, რომ ”Toyota”-მ ტექნიკური გაუმართავობის გამო 2009 წლის მეორე ნახევრიდან სხვადასხვა მოდელის ავტომობილების (”Corolla”, ”Camry” და ”Avalon”) გაყიდვიდან ამოღება დაიწყო. კომპანია რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა გაუმართავობის მიზეზის დადგენას.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.
14:13 / 24-02-2010
”Toyota” აღიარებს, რომ ავტომობილების ხარისხი კომპანიის კომერციულ ინტერესს შეეწირა

























